ცივი გონება თუ ცხელი გული? ხანდახან იოლადაა განსაზღვრული, რომელი ერთი. მაგრამ ზოგჯერ იბნევი. მით უმეტეს, როცა დიდოსტატი ცივ გონებას და ცხელ გულს ერთმანეთში ურევს. ჰო, როცა ლე კლეზიოს „აფრიკელს“ კითხულობ, თითქოს მხოლოდ ცხელ გულს გრძნობ, მაგრამ ეგრეც არაა: უცებ სხვანაირი განცდაც გიპყრობს: ტვინი როგორ ახერხებს ცივი გონებით ჩაერთოს ამ სიმხურვალეში, დაალაგოს ყველაფერი ის, რაც ბავშვობიდან თითქმის სიბერემდე განიცადა მწერალმა, მეტიც, საკუთარი ჩასახვაც და ჩასახვამდელი თავგადასავლებიც და, რაც მთავარია, საკუთარი მშობლების ისტორიები...
Your browser doesn’t support HTML5
წიგნი ფრანგულად 2004-ში გამოიცა, მაშინ ლე კლეზიო ჯერ არ იყო ნობელიანტი. გამომცემლობა „ინტელექტმა“ კი „აფრიკელი“ 2016-ში გადმოაქართულა, დალი იაშვილის ხელით.
დალი იაშვილი: ლე კლეზიოს ოჯახი გადასახლებული იყო მე-18 საუკუნიდან. ისინი ცხოვრობდნენ მორისის კუნძულებზე, რომლის სახელიც რატომღაც რუსულის გავლენით მავრიკიად იწოდება. არადა, მორისის კუნძულებია. ეს იყო ფრანგული კოლონიები, შემდეგ, თუ არ ვცდები, ნაპოლეონის დროს გადავიდა უკვე ინგლისურ მფლობელობაში და ამიტომ მერე ისინი ინგლისის მოქალაქეები იყვნენ და ეს ამ წიგნშიც ჩანს. ლე კლეზიოს ნაწერებში კოლონიების თემა არის ძალიან წინ წამოწეული, ძალიან რეალისტურად, ძალიან კარგად ხედავს ლე კლეზიო, რა ხდებოდა იმ კოლონიებში. ფრანგების უმრავლესობას რომ ჰკითხო, განათლება შეიტანეს, ააყვავეს და ძალიან კარგი იყო იმ ქვეყნებისთვის. ჩვენთვის იყო კარგიო, ამას არ აღიარებენ. ლე კლეზიოს თუნდაც ამ ნაწარმოებში არის რამდენიმე აბზაცი, სადაც ჩანს, როგორი უტილიტარულია საერთოდ დასავლური კულტურა, იყენებს, გამოსწურავს ამ კოლონიებს და მერე გადააგდებს. და მერე ის მოსახლეობა იქ რა დღეში რჩება. ლე კლეზიოს პირველი წიგნი, რომელმაც მას სახელი მოუტანა, ეს არის "ოქმი". „ოქმზე“ საერთოდ წერენ, რომ ძალიან ჰგავს სტილითაც კი კამიუს "უცხოს". ასე რომ, ეს ურთიერთობები, ეს გადაძახილები ამ მწერალთა თაობებს შორის არის.
როგორ თქვა ბროდსკიმ? ჯობს ყრუ პროვინციაში ზღვის პირას ცხოვრობდეო? რა ვიცი, ორივენი ერთი თაობის მწერლები იყვნენ და ნეტა თუ გადაეყარნენ რომელიმე ლიტერატურულ შეკრებაზე ერთმანეთს? როგორ მაინტერესებს... იმიტომ, რომ თითქოს ერთსა და იმავეს გრძნობს ორივე, მაგრამ მგონია, რომ აბსოლუტურად ვერ გაუგებდნენ ერთიმეორეს, იმიტომ რომ ბროდსკისთან მაინც რაღაცნაირად ეს მომხმარებლური დამოკიდებულება რჩება კოლონიისადმი, აი, ლე კლეზიო კი აშკარად სულ სხვა ფენომენია. ამ პატარა წიგნის წაკითხვაც კი სულ სხვა რამეს გახვედრებს: კეთილმოწყობილი ცხოვრება ყრუ პროვინციის ზღვის პირას მისთვის გულისამრევია: „სუფთა, მდიდრული ზონა, უნაკლო გაზონებით და გოლფის მოედნებით, და მარმარილოთი მოპირკეთებული ან ძვირფასი ხის სასახლეებით პალმების ფართო ბაღში, ხელოვნური ტბის პირას...“ - გეცნობათ ზღვისპირა ყრუ კოლონიის სურათი? და ა.შ. ასეთი აღწერები ამ წიგნში გრძელდება და სრულდება ფრაზით: „აი, სწორედ ამ სახეს ვერ იტანდა მამაჩემი“. არადა, სანაპიროსგან მოშორებით, სიღრმეში, ველურ გარემოში სიცოცხლის ხალისია, სექსუალობაა, ბევრი სიკვდილიცაა, მაგრამ ამ სიკვდილთან ბრძოლა არაა აუტანელი. პირიქით, რაღაც ძალას და იმედს იძლევა და თავიდან ასეთიცაა ლე კლეზიოს მამა, მაგრამ მერე ყველაფერი იცვლება...
მოვუსმინოთ ისევ დალი იაშვილს:
დალი იაშვილი: ყველა ნაწარმოები, ბოლოს და ბოლოს, რისთვის იწერება, "ოდისეადან" მოყოლებული? რომ უნდა მიუბრუნდე პირველსაწყისს, და აქ, მით უმეტეს, მნიშვნელოვანია ვაჟიშვილის მამასთან დამოკიდებულება. თავიდან, თუ გახსოვთ, როგორი მტრულია იგი: რვა წლის ბიჭი ხვდება ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობს. უცნაურია ის კაცი მისთვის, უხეშია, არ არის ისეთი, როგორიც ბაბუები იყვნენ ნიცაში: ყველა ეფერებოდა, მისი პრეტენზიები მიღებული იყო და უცებ შეხვდა კაცს, რომელსაც შეუძლია წკეპლა მოტეხოს და კარგა მაგრად მიტყიპოს. ძალადობის სიმბოლოა თავიდან მამა, სანამ ახალგაზრდაა, და შემდეგ, ასაკში, 64 წლის, წერს ის ამ წიგნს: მაშინ იაზრებს მამამისის მთელ ტრაგედიას. რა გადაიტანა ამ კაცმა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა იყო, აფრიკაში რომ მოხვდა, და, საერთოდ, რატომ გაერიდა დასავლური ცივილიზაციის კერას. ექიმია პროფესიით, უნდა იმუშაოს და არა აქვს ელემენტარულად სავიზიტო ბარათი. და უეცრად ხდება ის, რომ სავიზიტო ბარათი, რაღაც ფურცლის ნაგლეჯი, არის უფრო ფასეული, ვიდრე თვითონ პიროვნება და ამის პროტესტის ნიშნად ის ტოვებს ყველაფერს, მიდის აფრიკაში. რამდენიმე კილომეტრის რადიუსის მანძილზე არის ექიმი, რომელიც აკეთებს ყველაფერს. კი ბატონო, თავისუფლება, სიყვარული, მართლა სილაღე აფრიკის, და შემდეგ ეს ადამიანი ხდება ჩამოყალიბებული ნარკომანი, იმიტომ რომ იქ მეტი გამოსავალი არ არის. მის ხელში რომ ცოფისგან კვდება ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვერაფერს შველის, განიცდის... ის არის მოწოდებით ექიმი და არა მარტო პროფესიით, და შემდეგ, ამ კაცის მაგალითზე არაჩვეულებრივად ჩანს, როგორ გამოგიყენებს სახელმწიფო, მართლა თავის რაღაც ჭანჭიკად გაქცევს...
წიგნის ყდას და სათაურს რომ შეხედავ, შეიძლება გაიფიქრო: აუ, ეგეთი რამეები ხომ ვიცი, მომიყვება ახლა ეს კაცი ნაცნობ რამეებს უცნობ ადგილებზე. არადა, არაა ეგრე. დაიწყებ კითხვას და სულ სხვა რაღაც შეგეფეთება: კინოს გადაეყრები. ნეორეალიზმს რომ ჰგავს და თან ის პერიოდია აღწერილი, როცა ნეორეალიზმი თავის სახეს აჩენდა. შავ-თეთრ ფილმს ხედავ: სიღატაკე, სიშიშვლე, ხორციელი გარემო, ოფლი, მზე, ხალისი, სიბერესთან შეუპოვრობა... მერე მიკროსამყაროში მიჰყავხარ ავტორს, ჭიანჭველებთან და ტერმიტებთან. არა, მეტერლინკი ან ვებერი არაა, არც ცდილობს, ღრმად იკვლიოს ეს სამყარო. უბრალოდ, ბავშვის ამ სამყაროსთან ურთიერთობის წესებს გიხსნის და მერე ამ დავიწროებულ სივრცეს ამოაყირავებს, აფართოებს და სულ სხვა „კინო“ იწყება: ნეგატივის და პოზიტივის მონაცვლეობა გახსნილ, დიდ სივრცეში. ეს უკვე მთელი დედამიწაა, თავისი ომებით, სისასტიკით, უსახურებით და მაინც, ამავე დროს, მრავალფეროვნებით, ოღონდ იმ მრავალფეროვნებით, სიხარული თითქმის რომ აღარ მოაქვს. ადამიანი, რომელიც ოცი წელი სამყაროს გამოჯანმრთელებაზე ზრუნავდა, უცებ გრძნობს, რომ მაინც ისე მოუხერხეს, რომ რეჟიმის ერთ-ერთ რიგით მომწესრიგებლად იქცა და ეს მის მთავარ ტრაგედიად იქცევა.
საინტერესოა, ორიგინალში თუ როგორ ჟღერს ყოველივე ეს. როგორც დალი იაშვილთან საუბრისას გავარკვიე, თურმე არიან მნიშვნელოვანი ფრანგი კრიტიკოსები, რომლებიც ლე კლეზიოს „ენას უწუნებენ“.
დალი იაშვილი: მისი მთავარი კრიტიკოსი ვინც არის, მილე, წერის სტილსაც კი უწუნებს და ადანაშაულებს: მასთან ყველა თეთრკანიანი ცუდია და ინდიელი თუ იქნა, სხვა კიდევ მაგდაგვარი, ისინი ყველანი ანგელოზები არიანო. საერთოდ მისი სტილი არის ბრიყვულიო. თავის ნაწარმოებებში ლე კლეზიო ხშირად ხმარობს მორისის კუნძულების დიალექტს. მთელი პასაჟები მიდის ამ გაურკვეველ ენაზე, რომელიც ჰგავს ფრანგულს, მაგრამ არ არის ფრანგული, და ამასაც საყვედურობენ: ასე არ შეიძლება ფრანგულ ენას მოექცე, ფრანგული არის გამჭვირვალე, წმინდა ენა, ასე უნდა წეროო. და, სხვათა შორს, ნობელის პრემია რომ აიღო, პირველი რაც თქვა, მე არავითარ შემთხვევაში არ შევცვლი წერის სტილსო. რა თქმა უნდა, იმ ყოფილ კოლონიებში დაბადებული ხალხი ფრანგულენოვანიც არის და წერს, მაგრამ მათ სრულფასოვნად ვერ აღიქვამს ფრანგული საზოგადოება. ლე კლეზიო კი პირდაპირ, კატეგორიულად ითხოვს: ეს ხალხი უნდა აღვიქვათ სერიოზულად, წავიკითხოთ. როგორც ისინი წერენ, ესეც ფრანგული ენის განვითარების რაღაც მხარეაო.
ცივი გონება თუ ცხელი გული?
დავამთავროთ იმავე კითხვით, რომლითაც დავიწყეთ.