ზაზა თვარაძემ სიცოცხლეში მხოლოდ ოთხი წიგნი გამოსცა, მაგრამ მას ძალიან დიდი არქივი დარჩა. ამ არქივს შესანიშნავად და ბოლომდე უპატრონა მისმა მეუღლემ, მანანა ჯიქიამ - გაარედაქტირა, მოაწესრიგა და მწერლის გარდაცვალებიდან ათი წლის განმავლობაში მისი შვიდი წიგნი გამოსცა: რომანის შევსებული ვარიანტი, ზღაპარი, მოთხრობები, ლექსები, პოემა, ესეები და ჩანაწერები... „ლიცენზონენბურგი“ ზაზა თვარაძის ნაწერების ბოლო გამოცემაა, მასში 12 მოთხრობა და ერთი პიესა შედის. წიგნი შარშან დაბეჭდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. იგი სხვა გამოცემებისგან იმით განსხვავდება, რომ ახალი საარქივო მასალა მასში მხოლოდ პიესა „თხა და გიგოა“, მოთხრობები კი ძირითადად 1999 წელს გამომცემლობა „მერანში“ დასტამბული კრებულ „მოხეტიალედან“ არის აღებული. როგორც მანანა ჯიქია წიგნისათვის დართულ წინასიტყვაობაში წერს, მას შემდეგ, რაც ზაზას უცნობი ნაწერებიდან თითქმის ყველაფერი გამოაქვეყნა და მხოლოდ პიესაღა დარჩა დასაბინავებელი, დიდხანს ფიქრობდა, თუ რა სახით გამოეცა იგი და, ბოლოს, „მოხეტიალის“ კითხვისას თითქოს გონება გაუნათდა: „ვიღას ახსოვს ან ვიღას ჩაუვარდება ხელთ ეს მცირეტირაჟიანი კრებული?! ამიტომ გადავწყვიტე, „მოხეტიალესთან“ ერთად, რამდენიმე მოთხრობის დამატებით, გამომეცა ზაზას პიესაც.“ აქ, ცხადია, დროის ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა: ეს მოთხრობებიც და პიესაც 90-იან წლებშია დაწერილი (მხოლოდ „წითელი ძაღლები“ სცდება ამ მიჯნას ოდნავ - 2001-ითაა დათარიღებული) და ეს მომენტი კრავს წიგნს, ერთ მთლიანობაში აქცევს იმ პერიოდის ქართული რეალობის ავტორისეულ ხედვასა და ამ ხედვის ესთეტიკური რეალიზების ვარიაციებს. აქედან გამომდინარე, მოცემული ტექსტების თავიდან გადაკითხვა თავისებურ ეფექტს იძლევა, ზაზა თვარაძის თითქოს უკვე კარგად ნაცნობი ფენომენის ფესვებში გახედებს. ასე იყო ჩემთვის და ასე იყო მისი ახალგაზრდობისდროინდელი მეგობრისთვის, მწერალ ანდრო ბუაჩიძისთვისაც. მოვუსმინოთ მას.
Your browser doesn’t support HTML5
ანდრო ბუაჩიძე: ზაზა თვარაძის "ლიცენზონენბურგი", ვფიქრობ, თავისი სტილით, აზროვნების მანერით და, საერთოდ, ხასიათით, არ არის განსხვავებული სხვა, ადრე გამოცემული წიგნებისაგან. უბრალოდ, არიან შემოქმედები, რომლებიც ისეთ ტრანსფორმაციას განიცდიან დროთა მანძილზე, რომ ერთმანეთისგან, მართლაც, რადიკალურად განსხვავებულ ნაწარმოებებს ქმნიან, მაგრამ ზაზას მანერა, სტილი, მსოფლშეგრძნება, ვფიქრობ, ერთნაირია და გარკვეულ ნაწარმოებებში მიაღწია აპოგეას. ეს ნაწარმოებებია მისი ვრცელი ზღაპარი "მონტებულსუ", მისი მცირე რომანი "სიტყვები"... ყოველთვის ისეთი აზრი მქონდა, თითქოს ზოგიერთ ნაწარმოებში მისი ხელწერა უფრო გამოკვეთილი იყო, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ის თანაბრად ძლიერია თითქმის ყველა თავის ნაწარმოებში. აი, ასეთი აზრი დამებადა ახლა, და ეს წიგნიც, ამ თვალსაზრისით არ არის გამონაკლისი. თუნდაც მოთხრობა "ლიცენზონენბურგი", ან "ხსოვნის საღამო", პირობითად რომ ვთქვათ, - ყველაზე ვერ ვილაპარაკებთ, - ეს მოთხრობები მსგავსნი არიან, მაგრამ განწყობის მიმოხრა, საგნობრივი სამყაროს აღქმა, ფანტასმაგორიის სხვადასხვანაირი ხასიათი, ოდნავი ცვლილებები არის ამ მოთხრობებში, არსებითად კი, რაც მას ახასიათებს, ყველგან საერთოა. რა, კერძოდ? ზღვარი არის წაშლილი რეალობასა და სიზმარს შორის. თუკი ვინმესთან ის შეიძლება ახლოს იყოს, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს არის ფრანც კაფკას შემოქმედებასთან. თუ კაფკა არის უფრო გონებისმიერი და რაციონალური, - და მისი სიზმრებიც რაციონალურია, - ზაზასთან უფრო ქვეცნობიერი სამყაროდან ამოსული რაღაც მოულოდნელობებია.
ზაზა თვარაძე თითქოს კლასიკური მანერით წერს - ისე, როგორც ადრე იცოდნენ: პერსონაჟების პორტრეტებს თუ გარემოს გამოწვლილვით, თითქოსდა რეალისტურად გიხატავს და იწყებს მერე სცენების აღწერას, თავისი დეტალებით, დიალოგებით, მაგრამ აი, ეს „თითქოს“ მასთან სულ იგრძნობა. თითქოს მსჯელობს, თითქოს ფსიქოლოგიზმებსაც შეუშვებს, ხანდახან თითქოს პატრიოტულადაც აენთება ხოლმე, საქართველოს ისტორიასაც გადასწვდება, მაგრამ კითხულობ და სულ თან დაგყვება განცდა, რომ რაღაც ისე არაა. თავიდან შეიძლება ვერ გაერკვე, რაა ის, რაც ამ განცდას ბადებს, მაგრამ თანდათანობით თავად გარკვევს ავტორი ამაში - ისე აგებს ტექსტებს, რომ თხრობის ეს კვაზიკლასიკური მოდელი კომპოზიციურად იშლება, სტრუქტურულად შიგნიდან იხრწნება. და როცა ეს ხდება, მაშინ გრძნობ მის მატყუარა ინტონაციას, რომელსაც თავისი ჯადო აქვს და ეს ჯადო პოზიციაა. ზაზა თვარაძეს ამ პერიოდში აშკარად უკვე აქვს გამომუშავებული პოზიცია, თუ როგორ უყუროს თუ უსმინოს სამყაროს და, მით უმეტეს, თუ ამ წიგნის ფარგლებში დავკონკრეტდებით, თავის ქვეყანას განუკითხაობის წლებში. თუმცა არ გეგონოთ, რომ ის ამ განუკითხაობას და პოლიტიკურ-სოციალურ კრიზისებს რეალისტურად ან, თუნდაც, იგავის ფორმით აღწერდეს. კი ბატონო, მოთხრობა „ბინებში“ მან შეიძლება 9 აპრილის სცენა ჩართოს, „დამშრალ მდინარეში“ კი საყვარლის ლოგინიდან დეკემბრის დილას ხალისიანად წამომდგარი ისტორიკოსის მარშრუტი აღწეროს: თუ როგორ გავიდა ის „ჭავჭავაძის პროსპექტზე, უნივერსიტეტთან, ჩაუარა ჩაის სახლს, გაჰყვა მელიქიშვილის ქუჩას, ჩაუარა და ნიშნისმოგებით ახედა ისტორიის ინსტიტუტის შენობას“ და ა.შ. და როცა რუსთაველზე ფოსტის ძველ შენობას მიუახლოვდა, ავტომატის კაკანი მოესმა და შეშინებული გაიქცა. ანუ, 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული მოვლენები მასთან შეიძლება გარეგნულად მხოლოდ ასე აისახოს. მთლიანობაში კი ის სულ სხვა მექანიზმებით ახერხებს ეპოქის სურათის დახატვას: ამ თავისი ფსევდოკლასიციზმით, რეალობასა და ირეალობას შორის გაჭედილი ტიპაჟებითა და ყოფით.
მოვუსმინოთ კვლავ ანდრო ბუაჩიძეს.
ანდრო ბუაჩიძე: კომპოზიციაც მისი მოთხრობების, იგივე "ლიცენზონენბურგის", არის სრულიად უცნაური. სრულიად სხვა რამით იწყება, მერე გადადის შუა ნაწილში სულ სხვა რაღაცაზე, და ფინალშიც - ასევე. ანუ რაღაც ნახტომებივით არის, მაგრამ ნახტომები ძალიან მკვეთრი კი არაა, არამედ თითქოს რაღაც ნარატივი მოედინება, რაღაცნაირ მორევებს ქმნის და ბოლოში იკვეთება. კომპოზიციური მომენტიც, სიუჟეტური მომენტიც, ზაზასთან არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი. მოთხრობების კრებულები შეიძლება აღიქვას კაცმა, როგორც ერთი რომანი. და ეს მოთხრობები თითქოს არის სხვადასხვა თავები ამ ერთი რომანისა. სრული პირობითობაა სათაურები. მაგალითად, "ხსოვნის საღამო", მოთხრობა - მართლაც იწყება მოთხრობა იმით, რომ ერთი ადამიანის ხსოვნის საღამოა. მაგრამ შემდეგ მოთხრობა ენობრივადაც, სტილურადაც ისეთ ტრანსფორმაციას განიცდის, რომ აღმოჩნდება, რომ იმ ადამიანზე კი არ არის, ვისი ხსოვნის საღამოცაა, არამედ წინა პლანზე გამოდის თვითონ განწყობა ავტორის: ამაოების, მარტოობის... მე ვიტყოდი, რომ ზაზა ეგზისტენციალისტია თავისი მსოფლაღქმით და აბსურდისტია აღქმით, ამავე დროს. არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთი რამ: ზაზას შთამაგონებელი არის თვითონ ქართული ენა. ხშირად მორევს რომ დაატრიალებს თხრობის, ნარატივი რომ მოდის და თავის თავს რომ ითრევს ეს ენა, გარითმული სიტყვებიც ჩნდება. ეს გარითმული სიტყვები თითქოს აბსურდის შთაბეჭდილებასაც ქმნის, სიყრუესაც თხრობისას და ა.შ. ენა ის ფენომენია, რომელიც მას, ამავე დროს, წერის პროცესში ანიჭებს შთაგონებას და მართლაც ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.
ცხადია, უნდა შევეხოთ პიესასაც. „თხა და გიგო“ თითქმის ასგვერდიანი ტექსტია და მას აბსურდის თეატრის ესთეტიკის ნიშნები ეტყობა. კარნავალურობა და ექსცენტრული მეტყველება ასევე თავიდან ბოლომდე გასდევს მას. სქემატურად, ისევე როგორც მოთხრობებში, ანდრო ბუაჩიძის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, აქაცაა ნახტომები, თუმცა ზაზა თვარაძე ამ შემთხვევაში კომპოზიციურად მაინც კრავს მთავარ სიუჟეტურ ხაზს, რომელსაც თავისი განტოტვები აქვს და მხატვრული თვალსაზრისით ყველაზე შთამბეჭდავი ხანდახან სწორედ ეს განტოტვებია. ერთ-ერთი ასეთია „იავნანამ რა ჰქმნაში“ ქეთოს ისტორიის გადათამაშება. პიესაში თინას მონათხრობის დასაწყისი, მისი მოტაცებით, უკან დაბრუნებით და დედის სიმღერის გაგონებით, ერთი ერთზე ემთხვევა ქეთოს ისტორიას. ის ცნობს მშობლებს და ხდება კვლავ ქართველი, ივიწყებს ჩაჩნეთს. მაგრამ თვარაძე გოგებაშვილს აგრძელებს. რამდენიმე თვეში ჩაჩნები ისევ იტაცებენ თინას, აბრუნებენ აულში. ის ვეღარ ცნობს დედობილს და მამობილს, მაგრამ ერთხელაც დედობილი ფანდურზე ჩაჩნურ ჰანგს დაამღერებს და მას ახსენდება თავისი ცხოვრება ჩაჩნეთში. კვლავ ივიწყებს საქართველოს, მაგრამ ქართველები ისევ მოიტაცებენ და ის ისევ ცნობს თავის ტკბილად მომღერალ დედას და ა.შ. გაუთავებლად, და ეს კომიკური გატაცება-გამოტაცება თინას ცხოვრების მთავარ ტრაგედიად გადაიქცევა, კარგი მკითხველი კი ამ თითქოსდა გაშარჟებულ ისტორიაში ღრმა სიმბოლიკას დაიჭერს.
აი, ასეთია ზაზა თვარაძე - თითქოს უკვე კარგად შევისწავლეთ მისი ხასიათი, მწერლურ ხერხებს მივუხვდით, მაგრამ გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგაც რაღაც ისეთს შემოგვაფეთებს ხოლმე, რომ სახტად ვრჩებით.