ზურა აბაშიძის სენსიტიური ისტორიები

გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" ცოტა ხნის წინ დაბეჭდა ზურა აბაშიძის სადებიუტო მოთხრობების კრებული "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი". ზურა აბაშიძემ ორიოდე წლის წინ მიიპყრო ყურადღება. ლიტერატურულ პრესაში გამოჩნდა მისი ტექსტები, ერთი მოთხრობა კონკურს "წეროს" ფინალშიც მოხვდა. შარშან, "ბიბლიოთეკის" შემაჯამებელ გადაცემაში, სადაც 2015 წლის ამბებს განვიხილავდით, გიორგი ლობჟანიძემ შეკითხვაზე, ახალი ვინ მოდის ქართულ ლიტერატურაში, ვინ მიიქცია მისი ყურადღება ყველაზე მეტად, ასე მიპასუხა: "ახალგაზრდა ავტორის, ზურა აბაშიძის მოთხრობებმა, რომელიც დაიბეჭდა "ახალ საუნჯეში" და მერე "ლიტერატურულ გაზეთშიც". რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე... ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ემჩნევა, ძალიან სერიოზული ძალა მოდის, თუკი თავის თავზე იმუშავებს და თუ გავითვალისწინებთ მის ასაკსაც". ზურა აბაშიძე ილიაუნის სტუდენტია და მისი ლექტორი და მისი ნაწერების ერთ-ერთი პირველი შემფასებელი არის მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი. ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ვთხოვე, აზრი გამოეთქვა ზურას პროზაზე.

Your browser doesn’t support HTML5

ზურა აბაშიძის სენსიტიური ისტორიები

ანა კორძაია-სამადაშვილი: "მინდა ვთქვა, რომ თავად ეს წიგნი ჩემთვის იყო მოულოდნელობა არა იმის გამო, რომ გამოვიდა, - ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეთი კარგი ავტორი უყურადღებოდ არ დარჩებოდა, - უბრალოდ, წიგნი იყო უცნაური. საქმე ის გახლავთ, რომ ზურას, მისი ასაკის კვალობაზე, დიდი ხანია ვიცნობ, ბევრად მეტი რამ წამიკითხავს მისი, ვიდრე ამ კრებულშია შესული, და სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, რა პრინციპით მოხდა არჩევა ამ მოთხრობების. რაც კარგია, ბევრი რამ მოვისაკლისე და ბევრ მოთხრობასთან დაკავშირებით ვიფიქრე, რა მაგარი იქნებოდა, რომ საშუალება გვქონოდა, ისინიც ამ მოთხრობებთან ერთად წაგვეკითხა, იმიტომ რომ თავად ზურამაც, მიუხედავად ახალგაზრდობისა, წლებით დაბრძენებული კაცის ტექსტი თქვა, როდესაც აღნიშნა, რომ ამ კრებულის გამოშვების შემდეგ, რა თქმა უნდა, დამთავრდა ის ეტაპი, რომელსაც ერქვა პატარა კარგი ბიჭი, ზურა აბაშიძე, და ამიერიდან ბევრად მეტი შრომა დასჭირდება. უბრალოდ, განსხვავებით მრავალი ასეთი ძალიან ახალგაზრდა ავტორისაგან, ზურა აბაშიძის პირველივე ტექსტს ჰქონდა ძალიან კონკრეტული ხმა".

წიგნში შესულია 12 მოთხრობა, ავტორის ბოლოსიტყვაობით, რომელიც ასევე მხატვრულ ტექსტად იკითხება. ესაა სხარტი მოთხრობები, დასამახსოვრებელი ტიპაჟებით, რომელთაც მუდამ რაღაც პრობლემები სდევთ თან, რომელთა ვნებების თუ სენტიმენტების ობიექტების წრე ძალიან ფართოა, რომელთაც "ვეფხისტყაოსნის" გმირებივით შეუძლიათ ცრემლებს ღვრიდნენ და მათი ასეთი მგრძნობელობა სულ არ აღიქმება ხელოვნურად, ნაძალადევად. მისი პერსონაჟები არიან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ხელმოკლე სტუდენტები, ასაკს გადაცდენილი და მაინც სიყვარულის მაძებარი დაქალები, მუდამ კონფლიქტში მყოფი მეუღლეები, სკლეროზიანი მოხუცები, ხშირად არიან ბავშვები და, ბავშვები რომც არ იყვნენ, თითქმის ნებისმიერი მათგანის ბექგრაუნდი არის ბავშვობა. ზურა აბაშიძე თავისი გმირების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს მათი ბავშვობის ჩვენებით ხატავს. ის ტრავმები და უცნაურობები, რაც მათ ახასიათებთ, მცირეწლოვან ასაკში განცდილით და თავს გადამხდარით იხსნება, იშიფრება. თხრობა ჩამთრევია, წინადადებები მსუბუქი და შეფერხების გარეშე მისდევენ ერთიმეორეს, მიუხედავად იმისა, რომ ენა საკმაოდ ჭრელია, სლენგით გაჯერებული და მაინც რაღაცნაირად არცთუ უხეში. თემებიც მძიმეა ან რთულად მისაღები რიგითი მკითხველისთვის, როგორც, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის თემა, მაგრამ ავტორი ახერხებს ბოლომდე შეინაჩუნოს სტილის სიმსუბუქე. ეს რომ იოლი მისაღწევი არაა, კარგად მოეხსენება ყველას, ვისაც ლიტერატურასთან შეხება აქვს, ამიტომაცაა, წერის ასე უცებ ჩამოყალიბებულმა მანერამ ბევრი რომ გააკვირვა. მოვუსმინოთ კვლავ ანა კორძაია-სამადაშვილს.

ანა კორძაია-სამადაშვილი

ანა კორძაია-სამადაშვილი: "დაახლოებით 90 სტუდენტი მყავს ყოველწლიურად. სულ რომ მომკლა, ვერ ვიმახსოვრებ ყოველი მათგანის სახელს და გვარს და იდენტიფიკაცია: ტექსტი, გარეგნობა და სახელი და გვარი ძალიან ძნელად მოდის ჩემთან. უბრალოდ, ზურა აბაშიძის შემთხვევაში არც მჭირდებოდა წაკითხვა, ვინ დაწერა, პირველივე აბზაციდან იყო უაღრესად გამართული, რაც, ვთქვათ პირდაპირ, მოულოდნელია ზრდასრული ქართველი მწერლებისთვისაც. ლაპარაკი მაქვს იმხანად 19 წლის ბიჭზე. და ის წერდა ამბებს, რომლებსაც ველოდი კვირიდან კვირამდე, მაგარ ისტორიებს ქალაქზე, რომელზეც თვითონ მეუბნებოდა, რომ ბათუმია, მაგრამ რომც არც ეთქვა, რომ ბათუმია და მისი მშობლიური ქალაქია, იყო რაღაც შორეული ქალაქი, ზღვის პირას, სადაც მაგარი კარგი სუნია ალიონზე, სანამ ჯერ კიდევ ვიღაცები თევზის შეწვას და მსგავსი სუნიანი საქმეების ჩადენას დააპირებენ, სადაც ცხოვრობენ გოგოები და ბიჭები, რომლებიც უწყვეტლივ კბენენ ერთმანეთს და, როგორც ყველა საზოგადოებაში, არ იქცევიან, ალბათ, მაინცდამაინც გადასარევად ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ამ ნათელ ფონზე მაგრად უყვართ ერთმანეთი, ისევე როგორც ავტორს ისინი. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, ეს არ არის კაცი, რომელიც მხოლოდ წერს. ეს არის კაცი, რომელიც ძალიან ბევრს კითხულობს. მას შეუძლია ისაუბროს კარგად, კვალიფიციურად და რაღაც ძალიან თავისებურად, ისევე როგორც წერს, ლიტერატურის შესახებ. მოცემულობაა, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და მე ეს ფაქტი ყველაზე მეტად მომწონს. კონკისტადორის გამბედაობა აქვს. ჯერ კიდევ არ იცის, რას ერკინება - ამ უზარმაზარ ცხოვრებას, რომელმაც, რამე რომ იყოს, შეიძლება ნაბადივით გათელოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი სიყვარული რაღაც გადასარევის მიმართ, რომელსაც შეიძლება, ზოგადად, სიცოცხლე ვუწოდოთ, ან ოცნებები, რომლებიც სუყველგან გვხვდება, ყველაზე ბრუტალურ ტექსტშიც კი, - გადასარევია".

ზოგი მოთხრობა უფრო ჩანახატივითაა, პერსონაჟები და გარემო იძერწება, მაგრამ სიუჟეტური ინტრიგა არ იბადება, ტექსტი არ იკვრება თუ იხსნება ნოველისებურად ფინალში, თუმცა ზოგან ზურა აბაშიძე ამასაც ახერხებს. ასეთია, მაგალითად, მოთხრობა, რომლის სათაურიც წიგნის სახელწოდებადაა გამოტანილი. მოთხრობა ძაღლზე, რომელიც ცოფდება, ტუალეტში კეტავენ და უნდა მოკლან და რომელიც საოცრად უყვარს მის პატრონს. ან "ბავშვები კარგად არიან", სადაც დეტალ-დეტალ აგროვებს ავტორი იმ ნეგატივებს, რაც ბავშვის ირგვლივ ხდება, რათა ფინალისკენ მან ყოველივე ამაზე რეაგირება მოახდინოს. ყველაზე სუსტი და სწორხაზოვანი "ცოტა რამ" მომეჩვენა, რომელიც შშმ პირებს ეძღვნება. მონათხრობი პერსონაჟისა, რომელიც ნანუცას მიერ საკუთარ სახლში გახსნილ "დებილების და ავანტყოფების" სკოლაში სწავლობს, არადამაჯერებელია და, ჩემი აზრით, სულ სხვანაირ სტილურ მიდგომას მოითხოვდა. მისანიშნებლად, ვფიქრობ, დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერნონისთვისაც" იკმარებს. აღსანიშნავია ბოლოსიტყვაობა, სადაც ავტორს, მას შემდეგ, რაც იგებს, რომ გამომცემლობამ მისი წიგნის გამოცემა გადაწყვიტა, ღამღამობით ის პერსონაჟი ეცხადება, რომელზეც ბევრი უფიქრია, უწერია კიდეც მასზე, მაგრამ ნაწერი ბოლომდე ვერ მიუყვანია და ამიტომ წიგნის გარეთ დარჩა. საბოლოო ჯამში, წიგნი ერთი შეკრული მთლიანობაა, პერსონაჟები მოთხრობიდან მოთხრობაშიც მოძრაობენ ხანდახან და, რაც მთავარია, ავტორი ადვილად საცნობ თავის ატმოსფეროს ქმნის. ამაზე გაამახვილა ყურადღება ანა კორძაია-სამადაშვილმაც.

ანა კორძაია-სამადაშვილი: "ვიჭორავებ ღია ეთერში და იმედი მაქვს, რომ ავტორი არ გამიჯავრდება. მე ძალიან მიყვარდა, როცა ზურა წერდა ან შემდგომ ჰყვებოდა თავისი სახლის შესახებ: თავისი არაჩვეულებრივი დედის შესახებ, რომელსაც ისეთი ლამაზი ფეხები აქვს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ; მამის შესახებ, რომლისგანაც ყველა სხვა რამეს მოელოდა და ამ დროს ასეთი უთავბოლოდ მიმტევებელი, მიმღები და ძალიან კეთილი კაცი გამოდგა; ძმის შესახებ, რომელიც ზღვაოსანია და ისეთ ადგილებში მოგზაურობს, რომ აი, ვერც კი წარმოიდგენთ და ისეთი საჩუქრები ჩამოაქვს ზურასთვის... და ზუსტად ვიცი, რომ ოცნებების ეს დიდი სამყარო მოდის ძმისგან, რომელიც, ალბათ, ძალიან მაგარ ამბებს ჰყვება. მე ის თვალით არ მინახავს, მაგრამ რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ძალიან კარგად ვიცნობ. შეიძლება არაობიექტური ვარ უკვე ამ ავტორის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ცალკეული მოთხრობების განხილვა არ იქნებოდა მაინცდამაინც მიზანშეწონილი. მთლიანობაში, არის არა მოთხრობების კრებული, არამედ, უბრალოდ, წიგნი. ზურა აბაშიძის წიგნი. იმიტომ რომ თუ ერთ მოთხრობას განვიხილავთ, კი, კარგი მოთხრობაა, მაგრამ როდესაც ამ სამყაროში შევდივართ, უკვე რაღაცა სიმპათიური სამყაროა. მე ვფიქრობ, უფრო მეტად გრძნობის დონეზეა ჩემთვის ძალიან მოსაწონი ეს კრებული და ჩემი არგუმენტები შეიძლება ცოტა სუსტი გამოდგეს".

ეს სენსიტიურობა, რაც ზურა აბაშიძეს ახასიათებს, ვფიქრობ, მას შემდგომშიც გაჰყვება და, სავარაუდოდ, უფრო გაუმძაფრდება. უბრალოდ, ასე კარგად ჩატარებული "მოთელვის" შემდეგ მისგან თემატურ, კომპოზიციურ, სტილურ განახლებებსაც უნდა ველოდოთ.