გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ დაბეჭდილი ალეკო შუღლაძის რომანი „გადამალვა“ გუშინ გამოჩნდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, დღეს კი ჩვენ უკვე მასზე ვისაუბრებთ. საიდან ასეთი ოპერატიულობა? საქმე ისაა, რომ ეს ტექსტი მე ჯერ კიდევ შარშან წავიკითხე. ავტორმა დასრულებისთანავე გადმომიგზავნა და მისი ერთ-ერთი პირველი შემფასებელიც მე ვიყავი. შესაბამისად, წიგნსაც უკანა ყდაზე ჩემი მოკლე ანოტაცია მოსდევს. საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე ასე აეწყო: თავის ახალ ნაწერებს ალეკო, პირველ რიგში, მუდამ მე მაკითხებდა 2000-იანების დასაწყისამდე, სანამ ლიტერატურული საქმიანობა არ შეწყვიტა და ცხოვრების სტილი არ შეიცვალა: იგი აღმოსავლურ რელიგიებს ჩაუღრმავდა, ბოლომდე წავიდა მათში, ვაიშნავი გახდა... ასე, ორიოდე წლის წინ, ფეისბუქზე გამოჩნდა და თავისი შთამბეჭდავი, სხარტი იუმორით ალაგ-ალაგ კვლავ დაიწყო ჩვენი შეხსენება. ერთ-ერთ მის იუმორისტულ მინიატიურას დღეს - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - უკვე 1000-მდე გაზიარება აქვს. ალეკო შუღლაძემ ეს მინიატიურები შარშან ერთ პატარა წიგნადაც შეკრიბა, სახელწოდებით „წიგნის კაცი“. შარშან „ახალ საუნჯეში“ მისი ერთი ვრცელი მოთხრობაც დავბეჭდე. როგორც მითხრა, ახალ მოთხრობებზეც მუშაობს. ერთი სიტყვით, 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული პროზაიკოსი ლიტერატურას დაუბრუნდა. ეს ის სიტუაციაა, როცა ავტორის მოსმენა განსაკუთრებით საინტერესოა, ამიტომ დღეს ჩვენი სტუმარი ალეკო შუღლაძეა და პირველი შეკითხვაც ალბათ ბუნებრივია: რა ხდებოდა მაშინ, როცა ის ლიტერატურული თვალსაწიერიდან გადაკარგული იყო?
ალეკო შუღლაძე: 15 წლის წინ, როცა მე დავუკვირდი პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობდა ჩემში, აღმოვაჩინე, რომ ძალიან რთული იყო, ერთი მხრივ, რელიგიური, ფილოსოფიური აზროვნების და ცხოვრების და, მეორემ მხრივ კი, ლიტერატურის, ხელოვნების ერთმანეთთან გაერთიანება. ანუ იმ პირველის მეორეთი გამოხატვის სირთულე დავინახე, იმიტომ რომ რელიგია მაინც რაღაც დოგმასთან არის დაკავშირებული, ხელოვნება კი გახსნილია, არ უშინდება სათქმელს და, შესაბამისად, ამის ერთმანეთთან დაკავშირება იყო რთული. წმინდა წერილების გადმოწერას მე არ ვაპირებდი და, შესაბამისად, რომანი "სამსარა" როცა გამოვეცი, მე ამ რომანმა დამაფიქრა და არ მინდოდა, რომ ამ კუთხით განვითარებულიყო ჩემი შემოქმედება, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ჰგავდა წმინდა წერილების გადმოწერას და ჭკუის სწავლებას. ხელოვნებას არ უყვარს ჭკუის სწავლება. აუცილებლად გამოცდილება უნდა მიმეღო, გამეთავისებინა ყველაფერი, რაც მე მომცა აღმოსავლეთმა, და შემდეგ ეს უნდა ყოფილიყო საფუძველი და, აქედან გამომდინარე, უნდა შემექმნა ისეთი რაღაც, რაც იქნებოდა ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი.
ალეკო შუღლაძემ ეს შეძლო: შეძლო „სამსარაში“ გაჩენილი მოქადაგე ლიტერატურული სივრცისაგან მოეშორებინა. „გადამალვას“ უკვე სულ სხვა ადამიანი წერს - ნეოფიტის პათოსი ჩაკლულია. მისი ადრეული მეტყველების მანერა, ხედვის პარადოქსულობა ბრუნდება და კიდევ უფრო მძაფრდება, ვინაიდან ეს ყველაფერი ძალიან მძიმე თემების, ზღვრული სიტუაციების სწორად დანახვის, მათთან გამკლავების ერთ-ერთ მთავარ იარაღად უნდა იქცეს. ამის გარეშე გარემოსთან თუ საკუთარ თავთან კამათი მარცხისთვის იქნებოდა განწირული. მოცემულობა, რომელსაც ავტორი აღწერს, იმდენად დამთრგუნველია, რომ თითქოს არც კი გიტოვებს შანსს, რომ მასთან დიალოგზე წახვიდე. მაგრამ დიალოგი მაინც დგება, ნაპოვნი (თუ შენარჩუნებული) ინტონაციის წყალობით. ეს ინტონაცია იძლევა საშუალებას ამ დიალოგში ბუნებრივად, საჭირო მომენტებში, შემოუშვას რელიგიური ცნობიერება, შემოუშვას სახელოვნებო გამოცდილება - კინემატოგრაფის, ლიტერატურის, ეგზისტენციალური ფილოსოფიის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არაა სპეკულაციური აზროვნების ნაყოფი: წიგნი რეალურ ისტორიაზეა აგებული, გააზრება და აღწერაა იმისა, რაც ავტორმა გამოიარა. რომანის ფაქტობრივად ყველა პერსონაჟიც რეალური პიროვნებაა, მთავარი გმირი კი თავად ალეკო შუღლაძეა - თავისი სახელით და გვარით, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.
ალეკო შუღლაძე: ერთ ჩაკეტილ ოთახში ვიყავი, სადაც ავადმყოფს ვუვლიდი და ეს ავადმყოფი იყო დედაჩემი, და, შესაბამისად, ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ მეწერა. რა თქმა უნდა, ეს პირველი არ არის ხელოვნებაში, ასე ვთქვათ, ასეთი მეთოდი, როდესაც იწერ, რასაც აკეთებ: უვლი ავადმყოფს და, შესაბამისად, ეს ყველაფერი გადაგაქვს რვეულში და გაქვს იმისი დრო, რომ თან იყო უშუალო მონაწილე, თან იყო მწერალიც. თან პერსონაჟი ხარ და თან გარედან ავტორიც ხარ. აი, ასეთი ორმაგი მომენტი იყო. ძალიან საინტერესო იყო ამ მხრივ და რომ არა ეს მომენტი ჩემი ცხოვრების და რომ ყოფილიყო ის უფრო მსუბუქი, იოლი, შეიძლება არ მოვბრუნებულიყავი. დაგროვდა სხვა რაღაცებიც, როგორც ვთქვი. ამ 15 წლის განმავლობაში შეუძლებელია არ დაგროვებულიყო და დაგროვდა... ეს იყო საბაბი თუ მიზეზი - ეს შემთხვევა.
ამ წიგნში, პირდაპირი გაგებითაც, ძალიან ბევრი ტკივილგამაყუჩებელი მოიხმარება, მაგრამ მთავარი ტკივილგამაყუჩებელი აქ მაინც სხვაა. მწერალი თავისი ხალასი, მწარე თუ სასტიკი იუმორის სხვადასხვა დოზებით აყუჩებს ამ ტკივილს. ოღონდ ეს იუმორი, მისი ადრინდელი მოთხრობის სახელწოდებას თუ მოვიშველიებთ, სულაც არაა „გაქცევის მცდელობა“, ესაა ცხოვრების მოდელი, მკაფიოდ დანახული კონტრასტების მოდელი და მისი მიღება, შეთვისება, სხვებისთვის გადაცემა. სწორედ ამას გადაჰყავს წარმავალის და მარადიულის ჭიდილი სხვა მდგომარეობაში: სიმშვიდეში, როცა უკვე უძლურება აღარაა შემზარავი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ტიპის რომანი, გარკვეულწილად, დეტექტივის ქარგაზეცაა მოჭრილი, რაც ამ ისედაც კაშკაშა ტექსტს დამატებით ინტრიგასაც ჰმატებს. ავტორმა ტექსტი ავტობიოგრაფიულობის სიბრტყეზე არ დატოვა, წარმოსახვა ჩართო და მას სხვა განზომილებებიც შესძინა.
ალეკო შუღლაძე: რა თქმა უნდა, მარტო ეს რეალობა არ იყო საკმარისი ამ შემთხვევაში. ავადმყოფის მოვლის მომენტში და წერის მომენტში აღმოვაჩინე, რომ, პირობითად ასე დავარქვათ, ავადმყოფებისა და ჯანმრთელთა ურთიერთობა არის ძალიან საინტერესო, საკრალური იმდენად, რომ თითქოს ცხოვრება გაძლევს იმის შანსს, საშუალებას, რომ შენ გამოცდა ჩააბარო, ჯანმრთელმა ადამიანმა, ავადმყოფთან ურთიერთობაში. ერთი სული გაქვს, ეს დამთავრდეს, ერთი სული გაქვს, ამ ყველაფერმა ჩაიაროს. რაღაცნაირად ავადმყოფზეც ფიქრობ, მაგრამ შენს თავზე უფრო ფიქრობ, როგორ უნდა გადარჩე, და ამ პროცესში მერე აღმოაჩენ, რომ თურმე შეიძლება იყო ძალიან ხშირ შემთხვევაში წაგებულ მდგომარეობაში. აი, ამ პროცესში მე მივხვდი, რომ არ უნდა ვყოფილიყავი ამ მდგომარეობაში, ეს ყველაფერი დამთავრდებოდა და უკვე შემდგომ აღარ მობრუნდებოდა არასოდეს. ცხოვრებამ შეიძლება აღარ მომცეს ისეთი საშუალება, რომ მე ისევ ჩავაბარო გამოცდა. და ამიტომ იმ მომენტში უნდა ჩამებარებინა ეს გამოცდა. აღმოვაჩინე, რომ ის ჩემი რეალობა საკმარისი არ იყო. საჭირო იყო ფანტაზია, ისეთი მომენტის შექმნა, სადაც მე ჩემს თავს ავხსნიდი, თეორიულად მაინც გადავრჩებოდი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ძალიან რთული იყო და ამიტომ სხვა პერსონაჟები შემოვიდნენ, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ მომენტში და, საბოლოოდ, მე მაინც ვფიქრობ, რომ გამოცდა ბოლომდე ვერ ჩავაბარე, მაგრამ საინტერესო ამბავი და საინტერესო ფორმა მივიღე.
სიუჟეტურ ხაზს მე აქ არ მოგიყვებით, გადავმალავ. თავად ნახეთ, თუ რისი თუ ვისი გადამალვა ხდება რომანში „გადამალვა“. რაც მთავარია, იმედია, ალეკო შუღლაძე აღარ გადაიმალება ლიტერატურული სივრციდან და თანამედროვე ქართულ პროზას თავისი გამორჩეული ხელწერით კიდევ ბევრ რამეს შეჰმატებს.