პატარა ქვეყნის დიქტატორი სრულ მასშტაბებში ლიოსასთან

ხელწერით სრულიად გამორჩეული დიდი ლათინოამერიკული ლიტერატურის ჩამოყალიბებას და განვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ამ ლათინოამერიკული ქვეყნების დიქტატორებმაც შეუწყვეს ხელი, რომელთაც იმ პერიოდში, როცა ეს ლიტერატურა იფურჩქნებოდა, თითქმის ყველგან თავიანი რეჟიმები ჰქონდათ გაფურჩქნილი. დიქტატორები მიყოლებით გადავარდნენ, ჩაიხოცნენ, მარკესმა, ლიოსამ, კარპენტიერმა, ასტურიასმა და მათმა ძმებმა კი მათ შესახებ უკვდავი წიგნები შეთხზეს - სხვადასხვანაირი, ზოგჯერ იგავური, ზოგჯერ რეალისტური, ზოგჯერ სადღაც შუაში გაჩხერილი იგავსა და რეალობას შორის... ეს სახელგანთქმული რომანები ძირითადად ადრე იწერებოდა, 40-იანიდან 70-იან წლებამდე, მაგრამ თემა იმდენად მტკივნეული და ამ ლიტერატურისთვის შინაგანია, რომ იგი მუდამ უბრუნდება და თავიდან ხარშავს მას, თან ალბათ ერთი მარტივი მიზეზიც არსებობს: ლათინური ამერიკის ყველა დიქტატორი ჯერ კარგად არ აღწერილა და საჭიროა ყველას საკადრისი პატივი მიეგოს, რათა ჯოჯოხეთში რომელიმე მათგანმა უყურადღებობის გამო თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. პატარა დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორი რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინა, დაახლოებით, ორმოცი წელი ელოდა ჯოჯოხეთში თავის მწერალს, სანამ მარიო ვარგას ლიოსამ არ გადაწყვიტა და კალამი არ აიღო ხელში. ერთი სიტყვით, ჩვენ დღეს ლიოსას მიერ 2000 წელს დაწერილ „ვაცის სიკვდილზე“ გესაუბრებით, რომელიც წელს დაბეჭდა გამომცემლობა „ინტელექტმა“. ეს 600-გვერდიანი რომანი ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ, რომელიც ახლა ჩვენი სტუმარია.

ლანა კალანდია: ეს არ არის მისი პირველი რომანი დიქტატურაზე, იმიტომ რომ 1969 წელს თავისი ცნობილი რომანიც, "საუბარი კათედრალში", მშობლიურ პერუში არსებულ დიქტატურას მიუძღვნა, მანუელ ოდრიას დიქტატურას, რაშიც თავისი ახალგაზრდობისდროინდელი გამოცდილება ჩააქსოვა, მაგრამ იქ დიქტატორისთვის ხორცი არ შეუსხამს: ჩანს დიქტატორის საქმეები, მისი უჩინარი ხელი, მისი მოქმედება, მაგრამ თავად პერსონიფიცირებული არ არის. მაგრამ ამ რომანში, ის ამბობს, მინდოდა, გადავწყვიტე ხორცი შემესხა და მომეყოლა ამბავი მისი თვალთახედვიდანაც და ჩართო რომანში როგორც ერთ-ერთი მთხრობელი და ამან გაუხსნა, მე მგონი, მკითხველს კარი იმისკენ, რომ დაენახა მისი სისუსტეები, მისი ადამიანური რაღაცებიც კი. და, სხვათა შორის, ჰკითხეს: მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ურჩხული იყო მართლაც, რატომ არის, რომ ხანდახან მის მიმართ თანალმობის, თანაგრძნობის განცდა უჩნდება ადამიანსო და მაინც ადამიანი იყო და ეს მინდოდა მეჩვენებინაო. მაგრამ მას არ უნდოდა რომანი, რომელიც იქნებოდა რაღაც ისტორიულ მონაკვეთში ჩაჭედილი. და მან თქვა: რეალურად მე მინდოდა დამეწერა წიგნი დიქტატურის რემინისცენციაზე, დიქტატურის ნაკვალევზე.

„ვაცის ნადიმში“ სამი პარალელური ხაზია. აქედან ორი ისტორიულ მოვლენებს გაყოლილი, ხოლო მესამე, მხატვრული თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო. პირველი დიქტატორ ტრუხილიოს ბოლო დღეა, დილის ოთხი საათიდან სიკვდილამდე; მეორე - შეთქმულების შვიდი მონაწილის ცხოვრების გზის აღწერა, რომლებიც სამი მანქანით გზის პირას დგანან და დიქტატორს ელოდებიან, რათა მოკლან. ტრუხილიოს მკვლელების ეს ისტორიები ძალადობრივი რეჟიმის შემზარავ სურათებს ხატავს.

დიქტატორი 1961 წლის 30 მაისს მოკლეს. ინტერნეტში მისი მკვლელებიც კი იძებნებიან. ამ მხრივ მარგიო ვარგას ლიოსა ზუსტია და ცდილობს მომხდარი მოვლენები რეალისტურად გააცოცხლოს, მაგრამ არის მესამე ხაზიც. აქ მოვლენები 1996 წელს ვითარდება. რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირის, სენატის პრეზიდენტის, აგუსტინ კაბრალის ქალიშვილ ურანიას 14 წლის ასაკში ამერიკაში უშვებენ, რათა ის დიქტატურისგან გაუგებარ რეპრესიებს გადაურჩეს. 35 წლის შემდეგ იგი ბრუნდება სამშობლოში, მიდის სახლში, სადაც დამბლადაცემული და მეტყველებადაკარგული მამა ეგულება და უძლურ მამასთან მონოლოგს მართავს. ეს ხაზი, რომელიც თავიდან ბოლომდე მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, ყველაზე შთამბეჭდავია. ესაა რეჟიმს ბოლომდე დაშორებული ადამიანის მამხილებელი ცნობიერების ნაკადი, რომელიც რეჟიმისადმი ბოლომდე ერთგულ და მისგანვე გაუგებარი მიზეზების გამო ბოლომდე გასრესილ ადამიანს ატყდება თავს.

ლანა კალანდია

მოვუსმინოთ კვლავ ლანა კალანდიას.

ლანა კალანდია: ლიოსამ პირველად 1975 წელს იმოგზაურა დომინიკის რესპუბლიკაში და დიქტატორი უკვე მკვდარი იყო, და ამბობს, გაოგნებული ვიყავი იმ ყველაფრით, რასაც მიამბობდნენო, და გაოგნებული ვიყავი იმით, თუ ამდენი წლის შემდეგ როგორ ჰქონდა ხალხს ჯერ კიდევ მის მიმართ პატივისცემა თუ მოკრძალება თუ რაღაც შიში. როგორ ახერხებდა ეს კაცი რომ ემართა არა მხოლოდ ძალით, არამედ როგორ მოახერხა დაპატრონებოდა მათ სულს, მათ არაცნობიერსო. ეს ის თემა იყო, რომელმაც ის დააინტერესა. მაგრამ მაშინვე არ დაუწერია. მაშინვე ვიფიქრეო, ამბობს, რომ დამეწერა რომანი, რომელიც ამ ისტორიულ კონტექსტში გაიშლებოდაო. თუმცა დიდხანს ფიქრობდა. ყველაფერი წავიკითხე, რაც იმ ეპოქაზე დაწერილაო. 1995 წელს აქვს ძალიან საინტერესო მოგონება მის გამომცემელს, რომელმაც დომინიკის რესპუბლიკაში გამოსცა მისი ერთ-ერთი წიგნი. სახლში მოვედი და მარიო ვარგას ლიოსა მირეკავს და მეუბნება, ჩამოვედი, დომინიკის რესპუბლიკაში ვარ, სასტუმრო "ხარაგუაში" ვარ და რომანის წერა დავიწყეო ტრუხილიოზე. ეს ის სასტუმროა, სადაც იწყება რომანი, სადაც ჩამოდის ურანია კაბრალი, სადაც გაჩერდება, და ამ სასტუმროშივე მთავრდება რომანი.

ლიოსას ტრუხილიოს აქვს მანიაკალური მისწრაფებები წესრიგისადმი, მას საშინლად აღიზიანებს თუნდაც ერთი ნაოჭი ან ლაქა თავისი ხელქვეითების მუნდირებზე. შეიძლება თქვას, რომ სისუფთავის ეს გამძაფრებული მოთხოვნილება სარჩულია მისი უნარისა, ცივი სისხლით ხოცოს რეჟიმის მოღალატე თუ რეჟიმის ერთგული ადამიანები.

როგორც ზემოთ ითქვა, ლიოსა ტრუხილიოს ბოლო დღეს აღწერს. იგი ჩვეული რეჟიმით იწყებს მუშაობას, მაგრამ აქ მისი კრიზისი ფიზიოლოგიურად ვლინდება. ადამიანი, რომელიც მთელ ქვეყანას აკონტროლებს, უკვე ვეღარ აკონტროლებს საკუთარ შარდის ბუშტს. ის ამაზე საშინლად ბრაზობს. ლიოსას ტრუხილიო არის დიქტატორი, რომელიც იფსამს და რადგან იფსამს, უნდა მოკვდეს კიდეც. ესაა მეტაფორა, ლიოსას მეტაფორა ქვეშაფსია დიქტატორზე.

რამდენად რთული იყო რომანის თარგმნა? აი, რა გვიპასუხა ამაზე ლანა კალანდიამ.

ლანა კალანდია: თარგმნის სირთულე არის ის, რომ, რადგან ამ წიგნში ავტორმა დივერსიფიცირება გაუკეთა მთხრობელს და სხვადასხვა სიუჟეტური ხაზები განავითარა, შესაბამისად, ძალიან პოლიფონიური რომანია. და ეს პოლიფონიურობა თუ დაცულია, თუიგრძნობს მკითხველი, მე ჩავთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც უნდა შემენარჩუნებინა, რაც არის დედანში.

ლანა კალანდიამ შეძლო ამ სამი ხაზის სხვადასხვა ტემპორიტმით, ემოციური ფონით და სინტაქსით აწყობა. თუმცა ტექსტს რაც შეეხება, ჩემთვის იგი გადატვირთული აღმოჩნდა გარკვეული დეტალების, პერსონაჟების სახელების და გვარების თუ მოქმედების ადგილების გაუთავებლად განმეორებით. აი, მაგალითად: „ციხეში ჩაუსვამთ ტრუხილიოს სიკვდილის შემდეგ. ეგონათ, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ანტონიო დე ლა მასასთან, გენერალ ხუან ტომას დიასთან, მის ძმასთან - მოდესტოსთან, ანტონიო იმბერტთან და მათ თანამოაზრეებთან ერთად შეთქმულება მოაწყო“. მსგავს ფრაზებს ავტორი გაუთავებლად იმეორებს, მაშინ როცა ეს შეთქმულები მას უკვე ბევრჯერ ჰყავს დასახელებული და შეუძლია წინადადება უფრო ლაკონიურადაც ააწყოს.

ეჰ, რას გაუგებ ამ ცხოვრებას. როცა ამ რომანს წერდა, ლიოსას ნობელი ჯერ არ ჰქონდა აღებული და, ეტყობა, მეტი ჰონორარი რომ დაეთრია, რომანში სიტყვების რაოდენობა მაქსიმალურად გაზარდა.