შეიძლება არცთუ ისე ცოტამ იცის, მაგრამ უფრო მეტმა ნამდვილად არა, და ამიტომ დღევანდელი სიუჟეტი, სხვა გზა არაა, ამითი უნდა დავიწყო: გიორგი ცაბაძის ყარაჩოღლის სიმღერა "კაცი ვარ და ქუდი მხურავს", არც მეტი არც ნაკლები, მე-18 საუკუნის შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის, ლექსის თამარ ერისთავისეული თარგმანის მოტივებზეა შექმნილი. ეს პოეტი საბჭოთა პერიოდში, ასე 70-იან წლებში, გარდა თამარ ერისთავისა, თარგმნეს მურმან ლებანიძემ და გივი გაჩეჩილაძემ და იგი მოულოდნელად ქართული პოეზიის ორგანულ ნაწილად იქცა. სულ ცოტა ხნის წინ კი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" დაბეჭდა რობერტ ბერნსის ლექსების ახალი კრებული, ნათარგმნი გიორგი გოკიელის მიერ, და ამ კრებულში დიდი ნაწილი ლექსებისა პირველადაა გადმოქართულებული. გიორგი გოკიელი ის ადამიანია, რომელმაც ძალიან დიდი დრო შეალია ლუის კეროლის "ელისის" ორი წიგნის ვირტუოზულად თარგმნას, ახლა კი ბერნსის ქართულ პოეტურ სივრცეში მორიგ დამამკვიდრებლად გამოგვეცხადა. იგი ჩვენი სტუმარია და ისაუბრებს ამ ავტორის ფენომენზე და იმაზე, თუ როგორ მიდიოდა თარგმნის პროცესი.
გიორგი გოკიელი: "მსოფლიო ლიტერატურის 80-ტომეული იყო და აქედან ერთი ტომი მთლიანად მიეძღვნა შოტლანდიურ პოეზიას. ჩვენ, ქართველებს, გვქონდა ისეთი მასალა, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი ტომი კარგი თარგმანებით შეგვევსო. შოტლანდიური ბალადები არის ყველაზე ძლიერი ხალხური ბალადები, რაც ჩვენ ვიცით დასავლეთის ლიტერატურულ ტრადიციაში, და შემდეგ მოდიან ისეთი არაჩვეულებრივი პოეტები, როგორიც არიან ალან რამსი, რობერტ ფერგიუსონი და მწვერვალი იყო რობერტ ბერნსი. ალბათ, მეორე ისიც არის, რომ ბერნსი ამოზრდილია შოტლანდიური ხალხური ტრადიციიდან. ნახევარი მისი პოეზიისა არის გადამუშავებული სიმღერები, მაგრამ ისე გადაამუშავა, ისეთი ინდივიდუალიზმი შემატა და იმდენად საკუთარი ხმა დაამატა, რომ, ფაქტიურად, უკვე ეს ყველაფერი აღიქმება ბერნსის საკუთარ შემოქმედებად. მეორე არის ის, რომ ბერნსი იმდენად ნიჭიერია, იმდენად მდიდარი სახეები აქვს, იმდენად მდიდარი ემოციები და ამ ყველაფრის ნაზავი, რომ, მე მგონი, მთარგმნელი თუ ახერხებს ამის მეხუთედი მაინც რომ შეინარჩუნოს, უკვე შედეგად კარგ თარგმანს ვღებულობთ".
რა ბედი ეწევა ბერნსის ამ ახალ თარგმანებს? იქცევა ერთი მათგანი მაინც ქართულ სიმღერად? იქცევა ზოგიერთი მათგანი ქართველისთვის იმ ლექსად, რომელსაც გაითავისებს, დაიმახსოვრებს, გულში ჩაიღიღინებს ან ხმამაღლა იტყვის? ვნახოთ... აღდგომა და ხვალეო. დღეს კი გადავშალოთ წიგნი და ჩავიხედოთ შიგ. ალბათ, ყველამ იცის არჩილ კერესელიძის სიმღერა "მენახშირე ბიჭი ვარ" "მაგდანას ლურჯადან". და თუ მენახშირის ქართული სიმღერა არსებობს, რატომ არ უნდა არსებობდეს მენახშირეზე შეყვარებული გოგონას სიმღერა? ამიტომ, მოდით, შოტლანდიელის "ჩემ მენახშირეს" მოვუსმინოთ:
"- თქვი, რა გქვია, ლამაზო,
ან გზა საით გიდევს?
- ჯინი მქვია, ბატონო,
მენახშირეს მივდევ".
ნუ, თუ საჭირო იქნება, მომავალ სავარაუდო სიმღერაში ჯინი შეიძლება ქართული სახელით შეიცვალოს. ორი სტროფის შემდეგ კი ასეა:
"- რომ შემპირდეთ მზისქვეშეთს,
განძს, მიწა რომ ფარავს, -
გამურულ ბიჭს არ დავთმობ,
მაინც გეტყვით არას".
და კიდევ ორი სტროფის შემდეგ:
"ეს ქვეყანა დიდია,
არაფერი მიჭირს -
სანამ ვარ და გვერდით მყავს
მენახშირე ბიჭი".
ხომ იოლად წარმოიდგინეთ ეს შოტლანდიური ლექსი ქართულ სიმღერად? დარწმუნებული ვარ - კი.
"რამ გიბიძგა ამ ავტორის თარგმნისაკენ?" - ვკითხე გიორგი გოკიელს.
გიორგი გოკიელი: "თუ მე პოეზიას მოვკიდებდი ხელს და პოეზიის თარგმნას, ეს ბერნსი უნდა ყოფილიყო. ჩემთვის ეს იყო ძალიან ბუნებრივი, იმდენად მიყვარს ეს პოეტი ბავშვობიდან. მე სწორედ ის მომწონს პოეზიაში, რასაც ბერნსი ატარებს, და ეს არის ძალიან დიდი გულწრფელობა, ის თვისება, რომ ადამიანმა თავის გარშემო არსებული მცირეოდენი დეტალიც კი, რაც მის გარშემოა, მოგაწოდოს სხვა, სრულიად განსხვავებული თვალით, და, რა თქმა უნდა, მე ვერც ვიოცნებებდი, რომ შემეძლო პოეზიის თარგმნა, თუნდაც იმიტომ, რომ არასდროს საკუთარი ლექსი არ დამიწერია. 10 წლის ვიყავი, ალბათ, გივი ჭიჭინაძის გავლენით კურდღლებზე, ბაჭიებზე და მგლებზე რაღაცებს ვწერდი, ხოლო კეროლის თარგმნის პროცესში, როცა იქ ლექსები ვთარგმნე და ასე თუ ისე გამომივიდა, ამან გამათამამა, რომ მეცადა ძალები".
რობერტ ბერნსის ამ ლექსებში უყვართ ქალებიც, სამშობლოც, დალევაც... ეგ კი არადა, ერთ ლექსს "ჰერი, ჭირიმე, ჰაიდა!" ჰქვია. ორიგინალში ეს როგორ ჟღერს, აღარ ჩავძიებივარ, მაგრამ ამ ტექსტმა თავისთავად გამიჩინა კითხვა, თუ რამდენად სწორია ასეთი მიდგომა, ტექსტის მაქსიმალურად გადმოქართულება. ხომ არაა ეს გადამლაშება, ხომ არ იკარგება ამ შემთხვევაში მაინც დედნის ბუნება. და რაკი ასეთი კითხვა გამიჩნდა, მთარგმნელსაც ვთხოვე, საკუთარი აზრი გამოეთქვა ამის შესახებ.
გიორგი გოკიელი: "ეს ლექსები მოითხოვს წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოს, იმიტომ რომ შოტლანდიურ დიალექტზე დაიწერა და დღესაც კი ბევრი რამ ინგლისელებსაც არ ესმით. რაც შეეხება ამ შორისდებულებს, სასიმღერო შეძახილებს, მისამღერებს და ა.შ., ეგ ძალიან რთული საკითხია და არ ექვემდებარება არანაირ თეორიას. ყველაფერი მაინც ინტუიტიურ დონეზეა. მე მჭირდებოდა ცოტა ირონიული, მხიარული, მოხულიგნო-ცელქური შეძახილი და, აქედან გამომდინარე, რაც შეძახილები გვაქვს ჩვენ, მივაზომე ეს, ის, ყველანაირი, და მომეჩვენა, რომ კონკრეტულად ეს ყველაზე მეტად უხდება".
მთავარია ზემოთ ნათქვამიდან არ დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ რობერტ ბერნსი არხეინი და დარდიმანდი პოეტია. აი, რას ამბობს ლელა კოდალაშვილი ამ წიგნზე დაწერილ თავის რეცენზიაში: "შეუძლებელია, არ აღვნიშნო ბერნსის სარკაზმზე… მისი სიტყვა ზუსტ სამიზნეებს პოულობს, ირონია მოზომილია, მაგრამ საკმაოდ მწარე. ის უპირისპირდება მთელ სტერეოტიპულ სამყაროს, თან ისე, რომ არ კარგავს მშვიდ და უდარდელ ტონს. ასეთ მომენტებში უფრო ნათლად ჩანს ის დაფარული ტკივილი, რომელსაც საზოგადოება აყენებდა მას, დაჭაობებული, კლიშეებში ჩაკირული, სხვებზე მოჭორავე ხალხი, რომელსაც ყოველთვის ღირსეულად უპირისპირდებოდა პოეტი". ეს სარკაზმი ყველაზე მკაფიოდ ამ წიგნში ერთ თუ ორსტროფიან ეპიტაფიებშია გამოხატული. აი, მაგალითად, "ეპიტაფია მიჩი ებენზერს, სკოლის მასწავლებელს":
"აქ წევს მიჩი ებენზერი.
სატანავ, მაქვს აზრი:
მიაბარე ნაშიერი, -
კარგ ეშმაკებს დაზრდის!"
დაბოლოს: მაინც რატომ უნდა წავიკითხოთ ბერნსი? მოვუსმინოთ კვლავ გიორგი გოკიელს.
გიორგი გოკიელი: "ბერნსი, პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ლირიკოსი. სატრფიალო ლირიკის, რომელიც უკვე არსებობდა მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეშიც, სათავე სწორედ მანდ იძებნება. ეს დემოკრატიული, ჩვეულებრივი, ყოფითი ენა, რომელზეც ადამიანები ლაპარაკობენ, ეს ენა მან იხმარა პოეზიაში და ეს ენა მან აიყვანა ძალიან მაღალი ლიტერატურის რანგში, თავისი კუთხური, შოტლანდიური ენა. რაც შეეხება თემატიკას, ეს არის უაღრესად თანამედროვე პოეტი, დღეს მისი ხმა არანაკლებ აქტუალურად ჟღერს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომლის უმთავრესი თემა არის თავისუფლების სიყვარული. ბობ დილანი, რომელიც, ჩემი აზრით, მას ენათესავება შინაგანად, ბევრი ნიშნით, მან თქვა, რომ მისთვის ერთ-ერთი უდიდესი ინსპირაციის წყარო ყოფილა ბერნსის "Red Rose", "წითელი ვარდი". რომ აიღოთ იგივე, მაგალითად, ჯონ ლენონის "Imagine", ეს ყველაფერი ახალი არ არის, თქვენ ბერნსთან ნახავთ ამას, მოწოდებას თავისუფლებისაკენ, იმ სამყაროსადმი, სადაც ადამიანი ადამიანისთვის ძმა იქნება".