მეამბოხე და მგრძნობიარე ფრანგული შანსონი ქართულად

ფრანგულის ინჩიბინჩი არ ვიცი, მაგრამ ფრანგი მომღერლები ყოველთვის მნუსხავდნენ და ყოველთვის მიჩნდებოდა ნაკლულობის განცდა, რადგან ისინი სულმუდამ აშკარად რაღაც მნიშვნელოვანზე, არსებითზე მელაპარაკებოდნენ, მე კი აბსოლუტურად ვერ ვხვდებოდი - რაზე. ვერ ვხვდებოდი, რატომ სდიოდა, მაგალითად, ჟაკ ბრელს ცრემლები რაღაც სიმღერების შესრულებისას, რას ამბობდა ასეთს, და ვეძებდი და ხანდახან ვპოულობდი ჩანაწერებს ინგლისური სუბტიტრებით და ასე ვუსმენდი... ბევრი ასეთი წვალების შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ, ხელში ჩამივარდა ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით „ინტელექტის“ მიერ გამოცემული კრებული „ფრანგული შანსონი“, სადაც ბაჩანა ჩაბრაძის მიერ გადმოქართულებულია ხუთი საკულტო ფიგურის: ჟორჟ ბრასენსის, ლეო ფერეს, ჟაკ ბრელის, სერჟ გენსბურის და ბორის ვიანის სასიმღერო ტექსტები. და ეს კრებული ჩემთვის ამ არტისტების შეცნობის საშუალება გახდა: მე დავინახე, თუ რა აწუხებდათ მათ, რის გამო ებზარებოდათ ხმა, რატომ იღიმებოდნენ ირონიულად, რატომ ტიროდნენ ხანდახან სცენაზე მდგომნი. გამოჩნდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ მათი ვნებების მორევი, ეს მათი ბრძოლა იყო, პოზიციის პრინციპული გამოხატვა, გარღვევები ცნობიერებაში... კრებული არაა დიდი. თითოეული ავტორის მხოლოდ შვიდ-შვიდი ლექსია აქ წარმოდგენილი, მაგრამ ეს შვიდ-შვიდი ლექსი სრულიად საკმარისია ყოველივე ამის საგრძნობად. ამ ლექსებში ეპოქის სული ტრიალებს, 50-60-იანი წლების მეამბოხეობა, რომელიც, ამავე დროს, თავის ლირიზმსაც არ კარგავს და, ამავე დროს, ესაა ჭეშმარიტი პოეზია, ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებითაც კი. ბაჩანა ჩაბრაძემ ყოველივე ამის გადმოტანა ბრწყინვალედ შეძლო.

კრებულზე საუბარი ვთხოვეთ კრიტიკოს ლელა კოდალაშვილს.

ლელა კოდალაშვილი: პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ეს ყველაფერი ცალკე პოეზიად იქცა მას მერე, რაც ფრანგული შანსონი გადასხვაფერდა და რაღაც მოდიფიკაცია განიცადა. და ეს არის დაახლოებით 40-იანი წლების, ანუ მეორე მსოფლიო ომის, მერე. პიაფი და შარლ ტრენე რომ იყვნენ, მათ შემდგომ თაობად შეიძლება ჩაითვალონ ისინი, ვინც ამ წიგნშია წარმოდგენილი. მათ ფონზე ხდება ასეთი შეცვლა: წინ გამოდის ტექსტი, პრიორიტეტული ხდება ტექსტური მასალა და მუსიკალური ნაწილი, ანუ მელოდია, იწევს უკანა პლანზე, რაც მანამდე კაბარეს ტიპის დაწესებულებებში შესრულებულ ნაწარმოებებში არ შეინიშნებოდა. იქ ძირითადად მელოდია იყო წამყვანი. და ამ შემთხვევაში ეს უკვე ნახევარფაბრიკატად აღარ აღიქმება. ახლა, როცა ეს გვაქვს წიგნის ფორმატში წარმოდგენილი, ეს არის ცალკე პოეზია, დამოუკიდებელი, და მკითხველს შეუძლია უკვე ცალკე, თავისუფლად შეაფასოს როგორც ლექსი, იმიტომ რომ, როცა უსმენ სიმღერას, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ძალიან ხაზგასმით არის წინ წამოწეული შემსრულებლების მიერ, მაინც ისე ხდება ხოლმე, რომ ტექსტი უკან იწევს და არ არის ისეთი აღქმადი. აი, ასე, ცალკე ფორმატში კი, მკითხველი სხვანაირად აღიქვამს ამ ყველაფერს.

და მაინც, კონკრეტულად რას ამბობდნენ ეს განუმეორებელი ადამიანები? რაზე წერდნენ, რაზე მღეროდნენ? აი, მაგალითად ჟორჟ ბრასენსის „პატრიოტები“. ძალიან მწარე ტექსტია. ხეიბრებს აკვირდება: უფეხოებს, უხელოებს, ყრუებს, მუნჯებს, ბრმებს. და ასკვნის, რომ მათ ის კი არ ადარდებთ, რომ ცხოვრების ბოლომდე შეგრძნების შესაძლებლობები შეეზღუდათ, არამედ ის, რომ პატრიოტული მოვალეობების შესრულების უნარი აღარა აქვთ, რომ არ შეუძლიათ ქვეყნის დროშა დაინახონ, სახელმწიფო ჰიმნი მოისმინონ ან აჰყვნენ მას და ა.შ. აი, დაახლოებით ასე:

„უფეხოს თუ ნახავთ, განა იმას დარდობს,

ლამაზ გოგოებს რომ კუდში ვეღარ მისდევს -

ფრონტის ხაზს რომ ვერ კვეთს, ეს აწვალებს მარტო,

ჩვენ ვოცნებობთ შტურმზე, ჩახმახზე და ხიშტზე!“

საერთოდ, ანტიმილიტარისტული პოზიცია ბევრ სიმღერაში ძალიან მძაფრადაა გამოხატული. მაგალითად, 1954 წელს, ინდოჩინეთის ომის დროს, ბორის ვიანმა დაწერა სიმღერა „დეზერტირი“. ამ სიმღერაში ჯარში გაწვეული ახალგაზრდა ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავს:

„ჩემო პრეზიდენტო,

მე ომში არ წავალ!

ხალხის მოსაკლავად

არ მოვსულვარ ქვეყნად!

ნუ გამიბრაზდებით,

მაგრამ უნდა გითხრათ

ჩემი ბოლო სიტყვა -

დეზერტირი ვხდები“.

ამ სიმღერის საფრანგეთის რადიოთი გადაცემა აიკრძალა, თუმცა ფირფიტების სახით იგი მაინც ვრცელდებოდა. თუკი სოციალურ თემატიკას შევეხებით, უნდა ითქვას, რომ ისინი ბევრ პრობლემას აშიშვლებენ. ვთქვათ, იგივე ბორის ვიანი დასცინის სნობიზმს, ჟორჟ ბრასენსი, ჩვენებურად რომ თქვათ, კომპლექსს „რას იტყვის ხალხი?“, რაც მასთან ლექსში „ცუდი რეპუტაცია“ ასეთი ფრაზითაა გამოხატული: „მაგრამ ხალხს აღიზიანებს, / მათ აზრს რომ არ იზიარებ“.

თემატიკასთან დაკავშირებით კითხვა ლელა კოდალაშვილსაც დავუსვი.

ლელა კოდალაშვილი

ლელა კოდალაშვილი: თემები არის მრავალმხრივი. მე მაინც წინა პლანზე წამოვწევდი სასიყვარულო თემებს, თუმცა სოციალური თემატიკაც არის და არის ასევე პოლიტიკური თემატიკაც. და მე როგორც ვიცი და წავიკითხე მთარგმნელის შესავალში, ყოფილა პრობლემები პოლიტიკური დევნისმაგვარი, ანუ ესა თუ ის ტექსტი ასეთი ფორმით გაჟღერებულიყო თუ არა. რაც შეეხება სასიყვარულო თემატიკას, ეს შორს დგას რომანტიკული თუ კურტუაზიული პოეზიის ნიმუშებისგან და ძალიან მაგონებს ფრანსუა ვიიონის ლექსებს თითოეული მათგანი, რომელიც არის წარმოდგენილი და რომლებიც ბაჩანა ჩაბრაძემ თვითან ამოარჩია, თვითონ შეადგინა. ეს არ არის რომელიმე კრებული, გადმოქართულებული, მან თვითონ გადაწყვიტა, რომელი ლექსები ამოერჩია მათი შემოქმედებიდან, როგორ შეედგინა და ასეთი კრებულის სახით ერთობლიობაში როგორ წარმოედგინა. კიდევ ძალიან საინტერესოა ის, რომ ფრანგული ნატურალიზმი, დამატებული ანგაჟირებულობა და დამატებული პროვოკაციული ტექსტები, თავისი სარკაზმითურთ, იმ პერიოდისთვის, ეს იყო, მე ვიტყოდი, დოზირებულად საკმაოდ ძლიერი სარკაზმი, რომელიც პოეზიაში ამ ფორმით მხოლოდ იმ პერიოდში გამოვლინდა. მანამდე ასეთი გამოვლინება არ ჰქონია.

რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ითქვას უშუალოდ თარგმანებზეც. ბაჩანა ჩაბრაძე ახერხებს ერთ ლექსში ოსტატურად ცვალოს სტრიქონის ზომა, ცვალოს ინტონაცია, ისე სხარტად გამოხატოს სათქმელი, რომ კონკრეტული ფრაზები გონებაში გიჯდება. დარწმუნებული ვარ, როგორც ადრეც მომხდარა და ჩვენი საუკეთესო მთარგმნელების მიერ გადმოქართულებული რაღაც სტრიქონები მკითხველს ბოლომდე გაუთავისებია, ნელ-ნელა ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება: ბრასენსის, ფერეს, ბრელის, გენსბურის თუ ვიანის მძაფრი, სათქმელით დატვირთული ფრაზები, უკვე მოცემული ძალიან ბუნებრივ ქართულ ჟღერადობაში, თავის გზას გაიკვლევს და პოეზიის მოყვარულთათვის ფრთიან ფრაზებად იქცევა.

მოვუსმინოთ კვლავ ლელა კოდალაშვილს.

ლელა კოდალაშვილი: მისგანაც ვიცი და ჩანს კიდევაც, რომ აბსოლუტურად შენარჩუნებულია ის რიტმი, მელოდია და სტრუქტურა ლექსის, რომელიც არის ორიგინალში. ამას გარკვეული მიზანიც ახლავს, მეორე ეტაპზე დაგეგმილია მუსიკალური ნაწილის გაკეთება, რომ ეს ქართულენოვანი ტექსტები მოერგოს მუსიკალურ შესრულებას. როგორ და რანაირად გაკეთდება ეს, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი დაწვრილებით არ ვიცი...

როცა ეს კრებული წავიკითხე, ამის მერე რამდენჯერმე ინტერნეტში მოვძებნე ნათარგმნი სიმღერები და მათ წიგნით ხელში მოვუსმინე. და ამას სულ სხვა ეფექტი ჰქონდა. ვინც ფრანგული არ იცით, გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. თუმცა რატომ მხოლოდ ისინი, ვინც ფრანგული არ იცის? ვინც იცის, მასაც შეუძლია ჩაატაროს ასეთი ექსპერიმენტი. არანაკლებ საინტერესო იქნება, თუ როგორ გაიჟღერებს ნაცნობი ტექსტი ქართულად მაშინ, როცა ბრელის თუ გენსბურის ხმა გესმის... მოკლედ, ეს წიგნი ძალიან ცოცხალი წიგნია და მან სიცოცხლე სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ბევრი რამ ჯერ კიდევ წინაა...