ბოჰუმილ ჰრაბალი: კარიკატურიდან კათარზისამდე

შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მკითხველი ჩაპეკისა და ჰაშეკის შემდგომდროინდელ ჩეხურ ლიტერატურას არ იცნობს, თუ მილან კუნდერას არ ჩავთვლით და ვაცლავ ჰაველს, მართლაც გამორჩეულ მოაზროვნეს, რომლის ნაწერებით დაინტერესება მისმა პოლიტიკურმა მოღვაწეობამაც განაპირობა. არადა, როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი დიდი კულტურის ერი, ევროპის შუაგულში გამოჭენებული, შეიძლება ორიოდე დიდ მწერალზე იყოს ჩამოკიდებული? რა თქმა უნდა, არა. და ამიტომ დღეს ბოჰუმილ ჰრაბალზე ვისაუბრებთ, ბრწყინვალე ჩეხ პროზაიკოსზე, რომლის რომანი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ შარშან გამომცემლობა „დიოგენემ“ დაბეჭდა. წიგნი ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა. როგორც დავადგინე, სულხანი მათემატიკოსია, ჩეხეთში თავისი პროფესიით მუშაობს, თავისუფალ დროს კი ამ კეთილი საქმიანობითაა დაკავებული. მე ვიტყოდი, ძალიან კეთილითაც კი, ვინაიდან დღეს საქართველოში ჩეხურიდან მთარგმნელები თითებზე ჩამოსათვლელნი არიან.

ბოჰუმილ ჰრაბალს სრულიად გამორჩეული ხელწერა აქვს. ტექსტი მორევივითაა: როგორც კი მასში ფეხს შედგამ, ეგრევე გითრევს; ერთი გაბმული ვნებიანი თხრობაა, რომელშიც ხილვადობის ხარისხი ძალიან მაღალია: ექსცენტრული პერსონაჟები, მათი გიჟმაჟი ქმედებები კადრებად გაგირბის თვალწინ. ასეთი რომანი კინოდ რომ არ გარდასახულიყო, ცოდვა იქნებოდა, და დიდმა ჩეხმა რეჟისორმა ირჟი მენცელმა აქცია კიდეც იგი შესანიშნავ ფილმად, თუმცა რომანი მაინც ისეთი დატვირთული და ცინცხალია, რომ ყველას გირჩევთ, ჯერ მისი კითხვისას საკუთარი წარმოსახვით გააცოცხლოთ ჰრაბალის სამყარო და მხოლოდ ამის შემდეგ ნახოთ, თუ როგორ აღიქვა ყოველივე ეს ირჟი მენცელმა.

წიგნზე საუბარი ვთხოვეთ ინგლისურიდან მთარგმნელ ქეთი ქანთარიას.

ქეთი ქანთარია: რა თქმა უნდა, ვიცოდი ჰრაბალი, მაგრამ არ მოველოდი, რომ ამდენად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ასე არის ცნობილი ჩეხურ ლიტერატურაში: მანერა, რომელსაც თვითონ ჰრაბალმა დაარქვა პაბენი,ამ მანერით მწერალ და მოსაუბრე ადამიანებს - პაბიტელები. ბევრი რომ ვიფიქრე, მას ვერანაირი ანალოგი ვერ მოვუძებნე და შუაევროპული სუფიზმი დავარქვი ჩემთვის ლიტერატურაში. საკმაოდ უცნაური რამაა: ყველა ცდილობს გაარკვიოს, რა არის ეს პაბენი. როგორც ამბობენ, თვით ჩეხებსაც არა აქვთ ხანდახან პასუხი და მთარგმნელმაც ასე მიპასუხა. თვითონ ავტორსაც რამდენიმენაირი სხვადასხვა განმარტება აქვს და ეს არის ნაზავი გროტესკის, ლაგამამოუდებელი ფანტაზიის, იუმორის გადაჭარბების, სევდისაც... რაღაცნაირ ნაკადად აღწერს ამას ჰრაბალი და ამბობს, რომ ეს არის მანერა ისეთი ადამიანის, რომელსაც ხილული სამყაროს მიმართ ისეთი აღფრთოვანება აქვს, რომ ვერ ზომავს რაღაცებს, და პაბიტელი არის ადამიანი, რომელსაც მოშვებული ონკანის ხმაზე ჩანჩქერზე უნდება წერა. რაღაცით ჰგავს შეიძლება ლათინოამერიკელებს.

„პატარა ადამიანზე“ ბევრ დიდ მწერალს უწერია და, ცხადია, ყველას - თავისი ხედვის კუთხით. ჰრაბალიც „პატარა ადამიანზე“ წერს, რომელიც ფიზიკურადაც პატარაა, ტანდაბალია. ავტორის პირდაპირი, ბანალური ანალოგია ამ შემთხვევაში სულაც არაა გამაღიზიანებელი, რადგან ეს კარიკატურისტის ხერხია, ვიზუალიზაცია რომ სჭირდება პერსონაჟის შინაგანი ბუნების. მაგრამ მწერლის დიდოსტატობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ ეს კარიკატურა რამდენიმე რთულ ფაზას გადის და ბოლოს კათარზისამდე მიდის, თითქმის სრულიად გარდაიქმნება, თუმცა „პატარა ადამიანობიდან“ რაღაც მთავარი, თავიდანვე სულში ჩაბეჭდილი, მას მაინც შემორჩება: სიამაყე იმის გამო, რომ ოდესღაც ეთიოპიის იმპერატორს ემსახურებოდა. თუმცა მხოლოდ სიამაყედ ამის მონათვლაც არ იქნებოდა სწორი: ესაა მისთვის ცხოვრებისა და ადამიანების ღრმად ცოდნა, ის ღრმა ცოდნა, რომელიც მას მეტრდოტელმა სკრჟივანეკმა ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლა, და თავად მეტრდოტელ სკრჟივანეკს კი ეს ღრმა ცოდნა იმიტომ ჰქონდა, რომ თავის დროზე ინგლისის მეფეს ემსახურებოდა. ცოტა ძნელია ამ ლოგიკას გაუგო, თუ წიგნს არ წაიკითხავ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ჰრაბალის პერსონაჟების ძალიან მყარი ლოგიკაა, აი ისეთი, წყალი რომ არ გაუვა.

მოვუსმინოთ ისევ ქეთი ქანთარიას.

Georgia -- Translator Keti Kantaria. Tbilisi, 02Oct2015

ქეთი ქანთარია: ეს არის პატარა, ღარიბ ოჯახში დაბადებული ბიჭის ოცნება, იცხოვროს ლამაზ სამყაროში. პრაღის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში და რესტორანში მუშაობს და ამას აღიქვამს უკრიტიკოდ, მთელი ეს ჰედონიზმი რაღაც ისეთი უმანკოებით აქვს აღქმული, შენც უკრიტიკოდ აღიქვამ როგორც აბსოლუტურ სილამაზეს და მასთან ერთად ტკბები ამ სილამაზით და გსიამოვნებს, რომ მოგეცა საშუალება, რომელიღაცა წიგნში ვიღაცამ ტვინი არ გაგიხვრიტოს და ეს ყველაფერი შეირგო და დატკბე. თავისი ისტორია აქვს ამ პერსონაჟს. ოცნებობს, რომ გახდეს ძალიან მდიდარი, მაინცდამაინც - მილიონერი, და არის ეპიზოდი, როცა უკვე საბჭოთა ოკუპაციის პერიოდია და მილიონერებს იჭერენ, მონასტერში არიან და იქაც სრულ ჰედონიზმში ცხოვრობენ, თავის გემოზე. ვერც კი ხვდები, რატომ ჰქვიათ პატიმრები. შეუძლიათ სახლშიც წავიდნენ, მაგრამ ერთად კარგად არიან. იშვიათად მინახავს ასეთი სრული ჰედონიზმი, სინდისის ქენჯნის გარეშე რაღაცებით ტკბობა, რაც იქ არის აღწერილი.

როგორც ქეთი ქანთარიამ აღნიშნა, ეს ტკბობა არის ადამიანის ის ბუნება, რომელიც ჰრაბალს ამ რომანში წინა აქვს წამოწეული. „პატარა“ იან დიტე ახერხებს სულმუდამ იყოს ჯადოსნურ სამყაროში - არის ის რიგითი ოფიციანტი, სასტუმროს მეპატრონეა და ანგარიშზე ორი მილიონი უდევს თუ უკაცრიელ მაღალმთიან ადგილას ცხოვრობს განმარტოებულად ცხენთან, ძაღლთან, კატასთან და თხასთან ერთად. თუმცა არის ერთი მომენტი, როდესაც მას სინდისის ქენჯნა ეწყება: ნაცისტებთან დაახლოების შემდეგ ხედავს თანამემამულე ჩეხებს, რომელთაც ეს ნაცისტები ხოცავენ და ეს ტანჯავს. მაგრამ საგულისხმოა, რომ ეს მისი „განაცისტება“ ჯადოსნურ სამყაროში ყოფნის ვნებითაა გამოწვეული, იმით, რომ მას გერმანელი ქალი უყვარდება.

ალბათ, არ იქნება უინტერესო ბოჰუმილ ჰრაბალის ბედისწერაზეც მოვუსმინოთ ქეთი ქანთარიას.

ქეთი ქანთარია: 82 წლის ასაკში საავადმყოფოში იწვა და არ ვიცი, როგორ დაუცდა ფეხი, მაგრამ ფანჯრიდან გადავარდა, როცა მტრედებს აჭმევდა, და ვერსიებიც არის, რომ თავი მოიკლაო, მაგრამ უფრო არა, იმიტომ რომ იქ მედდის ჩვენება არის, რომ მშვენიერ გუნებაზე იყო 20 წუთით ადრე და ეროტიული ლექსიც მომიძღვნაო... და ამ რომანშიც გარდატეხის მომენტი მტრედებთან არის დაკავშირებული. მთავარი გმირი რაღაც მომენტში ინტერესს კარგავს ამ სამყაროს მიმართ, რომელიც მას არ აღიარებს მილიონერად, და მთლიანად გადადის იქ, სადაც მტრედები არიან. და თურმე ასეთი თვითმკვლელობის ხერხი, მტრედებთან და ფანჯრიდან გადავარდნასთან დაკავშირებით რამდენიმე რომანში ჰქონია აღწერილი და ამიტომაც იყო ძლიერი ეჭვი, რომ თავი მოიკლა.

დაბოლოს, მოვუსმინოთ ქეთი ქანთარიას აზრს ამ თარგმანზე და გავიგოთ, თუ როგორია მთარგმნელის სამომავლო გეგმები.

ქეთი ქანთარია: ეს რომანი განსაკუთრებით მომეწონა შარშან გამოცემულ თარგმანებს შორის. წარდგენილი იყო „საბაზე“ წელს და ძალიან გულდასაწყვეტი იყო და, როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს, მიმიძღვის რაღაც წვლილი იმაში, რომ არ შევიდა შორტ ლისტში. სადღაც ითქვა, რომ დიდი შრომაა რედაქტორის, მაგრამ მე ასე მგონია, რომ ასეთი მდინარება, ასეთი რიტმიკა, და ის მუხტი, რაც აქ არის, რედაქტორი ტექსტში ვერ ჩადებს. მეორე წიგნია, რომელიც სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა, მანამდე ვაცლავ ჰაველის ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს ნათარგმნი და, როგორც ვიცი, ძალიან მალე უნდა გამოვიდეს ჰრაბალისავე რომანი ადამიანზე, რომელიც მუშაობს მაკულატურის გადამმუშავებლად და ელოდება წიგნებისგან შურისძიებას, იმიტომ რომ ანადგურებს მათ.