ბეილი, გრიზმანი, თუ ისევ რონალდუ?

უეფას წლის საუკეთესო ვაჟი ფეხბურთელის პრიზი

ევროპის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მაძიებელთა სია სამამდე შემცირდა. 5 აგვისტოს ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ, გამოაქვეყნა იმ სამი მოთამაშის გვარები, რომლებიც მისი წევრი ეროვნული ფედერაციების სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად შეირჩა. ახლა 55-წევრიან ჟიურის გადასაწყვეტი ექნება, საუკეთესოთა სამეულიდან რომელ ფეხბურთელს მიანიჭოს უპირატესობა: მადრიდის „რეალისა“და უელსის ნაკრების თავდამსხმელს გარეთ ბეილს, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდს ანტუან გრიზმანსა თუ მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს. გამარჯვებულის ვინაობას 25 აგვისტოს, მონტე-კარლოში გამოაცხადებენ.

ბეილმა, გრიზმანმა და რონალდუმ მოაგროვეს ქულათა ყველაზე მეტი რაოდენობა გამოკითხვის მეორე ტურში, რომელშიც კენჭისყრა შემდეგი პრინციპით ჩატარდა: ჟიურის ყოველ წევრს უნდა დაესახელებინა, მისი აზრით, სამი საუკეთესო იმ ათი მოთამაშიდან, რომელიც პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად შეირჩა (პირველი ადგილისთვის მოთამაშეს ენიჭებოდა სამი ქულა, მეორისთვის - ორი, მესამისთვის - ერთი).

უეფა არ ამხელს, რჩეულთა სამეულიდან ვინ რამდენი ქულა მოაგროვა, რათა გადამწყვეტ, მესამე ტურში სამივე კანდიდატისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს.

წლეულს უეფა (ევროპის სპორტული მედიის ასოციაციასთან, ESM-თან თანამშრომლობით) უკვე მეექვსე წელია, სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად გამოავლენს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. წინა კონკურსების ლაურეატები არიან ლიონელ მესი (2011 და 2015, არგენტინა), ანდრეს ინიესტა (2012, ესპანეთი), ფრანკ რიბერი (2013, საფრანგეთი) და კრიშტიანუ რონალდუ (2014, პორტუგალია). 55-წევრიან ჟიურიში საქართველოს წარმოადგენს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე.

ქალთა შორის ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტთა სამეული ასეთია: ამანდინ ანრი (საფრანგეთი), ადა ჰეგერბერგი (ნორვეგია) და ჯენიფერ მაროშანი (გერმანია).