ბერძენი პოეტის ურთიერთმოქიშპე ლექსები

„სიტყვები მტრობენ ერთმანეთს და

მოქიშპეობენ.

თუკი ამათგან რომელიმეს ტყვედ ჩაუვარდი,

ნუ შეშინდები, რადგან სხვა სიტყვა გამოგიხსნის ბორკილებიდან" –

ამბობს ერთგან თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ბერძენი პოეტი კიკი დიმულა, რომლის ლექსების კრებული, სახელწოდებით „შავი ჰალსტუხი“ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა პროგრამა „ლოგოსმა“ სერიაში „ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა“. წიგნი ბილინგვაა, ენის მცოდნეთ შეუძლიათ თარგმანებს ორიგინალების გვერდით გაეცნონ, მთარგმნელი კი თათია მთვარელიძეა.

Your browser doesn’t support HTML5

ბერძენი პოეტის ურთიერთმოქიშპე ლექსები

1931 წელს დაბადებული პოეტის ბიოგრაფიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 2001 წლის ათენის აკადემიის ჯილდო მთელი შემოქმედებისათვის, რის საფუძველზეც იგი ათენის აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა და ეს მესამე შემთხვევა იყო აკადემიკოსად ქალის არჩევისა, 2009 წელს კი მას ლიტერატურის ევროპული ჯილდო გადაეცა. ავტორის ბიოგრაფიასთან ერთად, მთარგმნელი წინასიტყვასაც ურთავს წიგნს, თუმცა ამ მოკლე წინასიტყვაში, ძირითადად, დაბრკოლების პარადოქსზე წუხს – იმაზე, რომ ამ პოეტზე უამრავი სათქმელი დაგროვებია და მათ ვერაფრით გამოთქვამს. რა უნდა ვიფიქროთ? ეტყობა თარგმნის პროცესში კიკი დიმულას სიტყვებმა ტყვედ ჩაიგდეს იგი, მაგრამ იმედია, პოეტისავე სხვა სიტყვები გამოიხსნიან მას ბორკილებიდან და აალაპარაკებენ. ამიტომაც ის დღეს ჩვენი სტუმარია და შეეცდება ამ ურთიერთმოქიშპე ლექსიკის სივრცეში შეგვიყვანოს, მანამდე კი მოვუსმინოთ, თუ თვითონ როგორ შედიოდა თანდათანობით მის რთულ და უცნაურ სამყაროში.

თათია მთვარელიძე

თათია მთვარელიძე: "თარგმანებზე მუშაობა დავიწყე ჯერ კიდევ როდესაც სტუდენტი ვიყავი და აი, ახლა ვინც არის ამ წიგნის რედაქტორი, ირინე დარჩია, მაშინ მასწავლიდა ახალ ბერძნულს. ახალი ბერძნული მაშინ არ ვიცოდი და მან უბრალოდ იცოდა, რომ რაღაცების წერის მცდელობები მქონდა და მაჩვენა ერთი ლექსი, რომელზეც მითხრა, ბევრჯერ ვცადე ეს ლექსი მეთარგმნა, მაგრამ არ გამომდის პოეტური თარგმანი და აბა, სცადე, იქნებ დაინტერესდეო. მაშინ ვცადე პირველად, მაგრამ ის ლექსი, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში ითარგმნებოდა რეალურად, იმიტომ, რომ მართლა ძალიან რთულად სათარგმნი ლექსი აღმოჩნდა, ბერძნულად ძალიან საინტერესო ჟღერადობაც აქვს, გარდა იმისა, რაც, ვთქვათ, კიკი დიმულას პოეზიას ახასიათებს, და გამიჭირდა ამ ლექსის თარგმნა. უკანასკნელი ლექსი რაც ვთარგმნე, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ იყო ეს ლექსი, რომელმაც ის სახე მიიღო, როგორიც აქვს ამ კრებულში. მას მერე, რომ არ მოგატყუოთ, აღარ მომიკიდია კიკი დიმულას თარგმანისთვის ხელი და 2012 წელს, – მაშინ ვიყავი საბერძნეთში, სხვათა შორის, ზუსტად იმ ფონდის სტიპენდიით, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე არის კიკი დიმულა, – სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას, რომ ცხადდებოდა ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი და ვიფიქრე, მოდი, აბა ვცდი და ვთარგმნი, იქნებ გამომდის. შემდეგ საერთოდ დამავიწყდა, რომ კონკურსში მქონდა გაგზავნილი თარგმანები. მახსოვს, უნივერსიტეტიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მეძებენ ამ კონკურსის ორგანიზატორები. აღმოჩნდა, რომ თარგმანებმა გაიმარჯვა. აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ღირდა ამ პოეტის თარგმანებისთვის ხელი მომეკიდა, რაკი ჟიურის მოეწონა, რომელშიც ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ. გიორგი ლობჟანიძე იყო ჟიურის წევრი და მომწერა მაშინ, რომ ძალიან მოეწონა თვითონ ეს პოეტი და მოეწონა თარგმანებიც. ნამდვილად, ვუმადლი გიორგის იმას, რომ ძალიან წამახალისა. გიორგის გარდა, წიგნზე იმუშავა ირინე დარჩიამ. რომ არა მისი ძალიან კომპეტენტური შენიშვნები, ალბათ, ეს წიგნი ისეთი ნამდვილად არ იქნებოდა, როგორიც არის. ეს არის ერთგვარი ანთოლოგია იმ ლექსების, რომლებიც ძალიან პოპულარულ ლექსებად ითვლებოდა საბერძნეთში. აი, ეს იყო ამ წიგნის თარგმნის, ასე ვთქვათ, მოკლე ისტორია".

როგორი პოეტია კიკი დიმულა? „შავ დაუშვებლებს ვავარჯიშებ, / მერე გაწვრთნილ დაუშვებლებს ჰაერში ვფანტავ“ – ამბობს ერთგან იგი და ამ ფრაზით კარგად გამოხატავს საკუთარი პოეტიკის ბუნებას. „დაუშვებლებით“, ოქსიმორონებით ნაშენები მისი წინააღმდეგობრივი სამყარო უცაბედია. სხვათა შორის ერთგან ის ამ „უცაბედობას“ მიმართავს კიდეც. „შენ, შენ გგულისხმობ, / მოლოდინის და ხელჩაქნევის / დაჟინებული ხახუნისგან გამოვარდნილო ნაპერწკალო...“, „უცაბედობავ, შუალედთა შემამკობელო...“ კარგი პოეზია ხომ, პრინციპში, შუალედებთან ბრძოლაა, მათი შემცირება, მინიმალიზება, აღმოფხვრა. ეგ თუ არა, შელამაზება, შემკობა მაინც. არც კიკი დიმულას უყვარს რაღაც მთლიანი, სტატიკური. როგორც კი რაღაცისთვის სახის მიცემას იწყებს, მაშინვე განგაშის სიგნალი ირთვება მასში და ისიც გაურბის ჩამოყალიბებას, დაკონკრეტებას. ამ დროს პოეტი მწარედ ირონიულიც კი ხდება. აი, მაგალითად, აქ: „საბრალობელი სიტყვაა „მთელი“, / ერთი შეხედვით თვალტანადი, / არადა, როგორ უთავბოლოდ დაეხეტება“. ზოგჯერ კი ტრაგიკული: „ვტირი, / რადგანაც მკითხე, სავსე მთვარე თუ ვნახე. / არადა, სავსე არაფერი მინახავს, / არც გამომიცდია. / ვტირი, / რადგანაც ბავშვებს სასკოლო ჩანთა ხელში ისე უჭირავთ, / როგორც ცოდნა, თანაც უკვე დასრულებული“. თუმცა ის ტრაგიზმი, დაუცველობა, უიმედობა, სევდა, რაც ხშირადაა მის ლექსებში, ჩემი აზრით, ცოტა დამაბნეველია, რადგან ძნელია გაარჩიო, სადაა ყოველივე ეს ნამდვილი და ეზგისტენციალური და რასა აქვს უბრალოდ ტრაგიკული ნიღაბი მორგებული.

თათია მთვარელიძე: "კიკი დიმულა ძალიან პოპულარულია და ხანდახან თავადაც უკვირს, რატომაა ასეთი პოპულარული. ამას წინათ ვუსმენდი მის ინტერვიუს და თქვა, ცუდად მენიშნება, რომ ახალგაზრდებს ასე ძალიან ვუყვარვარო. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდები ტატუებად ყველაზე ხშირად კიკი დიმულას ლექსების სტრიქონებს იწერენ და ამაზეც თქვა, კი ძალიან მიხარია, მაგრამ, როგორც წესი, კარგი პოეტები ასე მასებს არ მოსწონთ და ამიტომ ხანდახან დავეჭვდები ხოლმე საკუთარ თავშიო. ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ მისი პოეზია არის სრულიად გამორჩეული პოეზია იმ ტრადიციებისგან, რომელიც ბერძნულ პოეზიას აქვს და მოგეხსენებათ, რამხელა ტრადიციების მქონე არის ბერძნული პოეზია. შესავალშიც ვწერ, რომ ვერაფერი მასზე ვერ დავწერე რეალურად. ძალიან პარადოქსულია ეს ყველაფერი – რომ ყველაზე მეტს რაზეც ფიქრობ და ყველაზე მეტი სათქმელი რაზეც გაქვს, იქ ვერაფერს ამბობ ხოლმე, მაგრამ მაინც შევეცდები, ვთქვა ერთი-ორი სიტყვით, თუ რატომ არის ჩემთვის კიკი დიმულას პოეზია ძალიან საინტერესო. პირველ რიგში, ეს არის განპირობებული სიღრმით, რომელიც მის პოეზიას აქვს. ზოგადად, ბერძნული პოეზია, ტრადიციულად, ჟღერადობაზეა ორიენტირებული და უცებ გამოჩნდა პოეტი, – ეს ხდება 50-იან წლებში, სხვათა შორის, – რომელმაც დაამსხვრია ეს ჩარჩოები და, თითქოს, უარი თქვა ყოველგვარ სტილისტურ შელამაზებებზე. მეორე მხრივ, რაც არის ძალიან საინტერესო, არის ის, რომ იმდენად პარადოქსული სიტყვათა შეხამებებით იქმნება იმ სიღრმის აზრი, რომ უკვირს მკითხველს. ჩემი პირველი შეგრძნებები იყო: ამას როგორ აკეთებს? თან ისე აკეთებს, რომ ეს გიკვირს, მაგრამ ალოგიკურად არ გეჩვენება. და მესამე არის მისი სტილი, თითქოს დაცლილი ყოველგვარი ლირიზმისგან, მაგრამ აი, ამ პირდაპირობით იქმნება გასაოცარი ლირიზმი. ეს სამი მხარე ქმნის კიკი დიმულას პოეზიას. საერთოდ, ჩემთვის კიკი დიმულას პოეზია არის თამაში და ვინც წაიკითხავს, ნახავს, როგორ თამაშობს აზრებით, სიტყვებით, სტილით. აი, ეს არის, ალბათ, რაც ნუსხავს მკითხველს".

წიგნს მართლაც ეტყობა, რომ ბევრია ნამუშევარი და მთარგმნელი თავის რედაქტორებთან ერთად ცდილობდა ამ რთული ესთეტიკის მქონე ავტორის ტექსტების ადეკვატური ქართული ვერსიები შეეთხზა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რაღაც შენიშვნები მაინც მაქვს თარგმანებისადმი. ძირითადად, ლექსები რიტმიზებულია, მაგრამ, ალაგ-ალაგ, როცა უკვე გარკვეულ რიტმზე აეწყობი და ტექსტს მიუყვები, ხდება ამ რიტმიდან ამოვარდნა, ინტონაციის ისე შეცვლა, რომ ტექსტი იჭედება. არადა, ხშირად სინტაქსის შეცვლა საკმარისია ამის გამოსასწორებლად, ზოგჯერ კი, მხოლოდ და მხოლოდ, ლექსის არასწორი გრაფიკა იწვევს შეფერხებას. ანუ, რეალურად, ლექსის რიტმი მთარგმნელს შენარჩუნებული აქვს, მაგრამ სტრიქონებს შორის არასწორადაა ფრაზები განაწილებული. გასაგები რომ იყოს, ორიოდე მაგალითს მოვიყვან:

„ამ აივანზე,

ამ ღიმილში,

შებინდებისას

დედაჩემი თავის ძლივს

საცნობ სახეს ჰფენს ხოლმე“.

ბოლოსკენ რიტმი აირია, არადა ყველაფერი სწორადაა. ოღონდ აი, ასე უნდა დაიწეროს და წარმოითქვას:

„ამ აივანზე,

ამ ღიმილში,

შებინდებისას

დედაჩემი თავის ძლივს საცნობ

სახეს ჰფენს ხოლმე.“

ანდა აქ:

„იმედი მაქვს, წვიმას არ ნიშნავს

ის ტყავგამცლელი ხმა, რომელიც ჩემს სმენას სწვდება.

იმედი მაქვსო? უფალო შევცდი,

რომ ჩემს ბაგეებს უნებლიეთ ისევ წამოსცდათ

შენი შესაქმის პირველი დღე“.

აქაც ბოლო სტრიქონი ცუდადაა მოჭრილი. თუ ბოლო ორ სტრიქონს სხვანაირად ავაწყობთ, რიტმის შენარჩუნება მოხერხდება. ვთქვათ ასე:

„რომ ჩემს ბაგეებს შენი შესაქმის პირველი დღე

უნებლიეთ ისევ წამოსცდათ.“

იმედია, მთარგმნელი ამ არაჩვეულებრივ ავტორზე მუშაობას გააგრძელებს და სამომავლოდ ჩემს ამ რჩევებს გაითვალისწინებს. პოეზიის მოყვარულ ქართველ მკითხველს კი ვურჩევ, აუცილებლად გაეცნოს ისეთი მგრძნობიარე ავტორის შემოქმედებას, რომელსაც შეუძლია თქვას: „თავის საშოზე უარის თქმას ვერ ახერხებს, ჩანს, თავად ქვაც კი“.