ბათუმში გრძელდება მასობრივი არეულობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზარალი, დაახლოებით, 150 ათას ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულ ტროტუარებს ქალაქის მერია თავისი ხარჯით აღადგენს, ძვირად ღირებული შუქნიშნების გამოსაცვლელად კი ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს აჭარის ადგილობრივ მთავრობას.
Your browser doesn’t support HTML5
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 11 მარტის საღამოს დაწყებული აქცია, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმებას მოჰყვა, რამდენიმე საათში გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სამართალდამცავები. პოლიციელებმა დააკავეს მასობრივი არეულობის 40-ზე მეტი მონაწილე. საზოგადოების წარმომადგენლები, ძალადობის ფაქტების გამოძიების გარდა, ხელისუფლებას მიზეზთა გაანალიზებისკენ მოუწოდებენ.