ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მუნიციპალური საკუთრება, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია, აჭარის მთავრობას გადაეცა, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში გაასაჩივრებს. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ ბათუმის თვითმმართველობამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ქალაქის კუთვნილი გაუსხვისებელი ტერიტორია, გასხვისების მიზნით, აჭარის მთავრობას გადასცა, ხოლო ამ გადაწყვეტილებას, 17-ის ნაცვლად, რასაც თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს, მხოლოდ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
Your browser doesn’t support HTML5
„დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ასევე საკრებულოს რეგლამენტი. ბათუმის საკრებულომ, კანონმდებლობის დარღვევით, მიწები აჩუქა ბიძინა ივანიშვილს, ნაწილი მანამდე აჩუქა, ნაწილს კი, რომლის გასხვისებაც, კანონის მიხედვით, ცალსახად არ შეიძლება, 49-წლიანი იჯარით სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. 17 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო და ეს გადაწყვეტილება 11 დეპუტატის ხმით მიიღო“, - ამბობს გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
მისივე თქმით, კომპანია, რომელმაც მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, 1 300 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის შეძენა და 6 500 კვ/მეტრი ფართობის პლაჟის უსასყიდლოდ, 49-წლიანი იჯარით, გადაცემა მოითხოვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, სახელს უკავშირდება. ამ მუნიციპალური ქონების აჭარის მთავრობისთვის გასასხვისებლად გადაცემას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმ მოტივით, რომ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძემ განაცხადა, ბათუმის თვითმმართველობა ვერ უვლის ქალაქის კუთვნილებაში არსებულ ქონებას:
„ქალაქის ტერიტორიები გაფართოვდა. პლაჟებს სათანადო ყურადღება ვერ ექცევა. კონკრეტულად ამ ფირმამ აიღო ვალდებულება, რომ ეს პლაჟები იქნება ყოველთვის მოწესრიგებული, იქნება ახალი ინვესტიციები ჩადებული“.
მწვანე კონცხის ტერიტორიის ნაწილის გასხვისებას და პლაჟის 49-წლიანი იჯარით, უსასყიდლოდ ინვესტორისთვის გადაცემას დაეთანხმა მწვანე კონცხი-მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, ჯაბა ბერიძე:
„მახინჯაური წლების განმავლობაში გაჩანაგებული იყო, სამწუხაროდ, ტურისტული ობიექტები კი - დანგრეული... მივესალმები ყველანაირ ინვესტიციას, რაც მას განავითარებს“.
მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიითა და ზღვის სანაპიროთი დაინტერესებული ინვესტორი კომპანია შპს „ბიზნესდეველოპმენტია“, რომელიც მწვანე კონცხზე უკვე ფლობს მიწის ნაკვეთს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილ შენობას, სადაც სასტუმრო კომპლექსი შენდება. ამჯერად საინვესტიციო კომპანია ბოტანიკურ ბაღთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და პლაჟის 49-წლიანი იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის თემურ ყურაშვილისთვის საჯარო სივრცის პირდაპირი წესით, უპირობოდ გასხვისება მიუღებელია:
„უნდა გამოცხადებულიყო აუქციონი რამდენჯერმე, ხოლო, თუ აუქციონი ჩავარდებოდა, შემდეგ შეგვეძლო მიგვეცა პირდაპირი მიყიდვის წესით ინვესტორისთვის. მე ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, ამ 6 500 კვ/მ ფართობის პლაჟზე, მას შემდეგ, რაც ტერიტორია ინვესტორს გადაეცემა, ექნებათ თუ არა მოქლაქეებს იქ შესვლის უფლება“.
რა პირობებს უყენებს აჭარის მთავრობა ინვესტორს მწვანე კონცხის ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში და შენარჩუნდება თუ არა საჯარო სივრცე ზღვის სანაპიროზე? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამ კითხვებზე ჯერჯერობით პასუხი არა აქვთ. აცხადებენ, რომ ტერიტორია ჯერ გასხვისებული არ არის და ამ დროისთვის სახელშეკრულებო დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს, ხოლო იმას, თუ რა პირობები იქნება მასში განსაზღვრული, მუშაობის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვებენ:
„ხელშეკრულებაში განისაზღვრება ყველა მნიშვნელოვანი პირობა, რაც დაკავშირებული იქნება აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირებასთან. ამ ეტაპზე გამოხატულია კომპანიის ინტერესი და ნება, რაც გულისხმობს ბოტანიკური ბაღის ქვედა და ზედა შესასვლელების საბაგირო გზებით როგორც ერთმანეთთან, ასევე პლაჟთან დაკავშირებას, ღია საცურაო აუზისა და კაფე-ბარების მოწყობას. სხვა დეტალები - რა ვადებში მოხდება ამ პროექტის განხორციელება, როგორ იქნება საზოგადოებრივი სივრცეები განაწილებული, ეს ყველაფერი აისახება მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში“, ამბობს გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
მუნიციპალური ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის გადაცემას არ ეთანხმება ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავა. ის მიიჩნევს, რომ თვითმმართველობა არღვევს დეცენტრალიზაციის პრინციპს, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ქონების განკარგვაზე უარს ამბობს და მას, გასხვისების მიზნით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადასცემს:
„დეცენტრალიზაციის გარდა, არღვევს საჯაროობის პრინციპს. უვლის გზას კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიზმებს, როგორიცაა აუქციონი, მოქალაქეების გამოკითხვა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება, მაშინ როდესაც თვითმმართველობა უნდა იბრძოდეს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და ცდილობდეს იმ ქონების შენარჩუნებას და მისგან სარგებლის მიღებას, რომელიც მას ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით შემორჩა. ნაცვლად ამისა, უარს ამბობს მასზე და აძლევს რეგიონულ მთავრობას“, - ამბობს ნათია აფხაზავა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვის სანაპირო მწვანე კონცხის პლაჟის სახელითაა ცნობილი და იგი ბათუმელებისა და დამსვენებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება. 49-წლიანი იჯარით მისი გასხვისების პერსპექტივა მოქალაქეების ნაწილში პროტესტს იწვევს. ისინი ითხოვენ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია და სანაპირო ზოლი საჯარო სივრცედ შენარჩუნდეს.