ბათუმელები მწვანე კონცხის სანაპიროს საზოგადოებრივ სივრცედ შენარჩუნებას ითხოვენ

ბათუმი

ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მიმდებარე ტერიტორიას და მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით გასასხვისებლად ამზადებს. ეს მიწის ნაკვეთები, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალური საკუთრება იყო, კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მოითხოვა და აჭარის მთავრობას საინვესტიციო წინადადებით მიმართა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდა და აჭარის მთავრობამ, თავის მხრივ, მიწების გადმოცემა ბათუმის თვითმმართველობას სთხოვა. ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე მდებარე მუნიციპალური ქონება მთავრობას გასასხვისებლად გადაეცა.

Your browser doesn’t support HTML5

ბათუმელები მწვანე კონცხის სანაპიროს საზოგადოებრივ სივრცედ შენარჩუნებას ითხოვენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორია ჯერ არ გასხვისებულა და ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს ინვესტორ კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტთან“, რომელიც ქართული ტურიზმის განვითარების ფონდის მიერაა დაფუძნებული და რეგისტრირებულია პანამის კუნძულებზე. უწყებაში უარყოფენ ინვესტორი კომპანიის რაიმე კავშირს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან:

ბათუმი

„უცნობია, თუ ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი, მესაკუთრე. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც გულისხმობს ბოტანიკური ბაღის შესასვლელის და პლაჟის დაკავშირებას ზემო შესასვლელთან. ასევე გათვალისწინებულია კაფეების და ღია საცურაო აუზის მოწყობა. ჯამში, საუბარია 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ამ ეტაპზე მოთხოვნაა მოვლა-პატრონობის მიზნით სარგებლობაში გადაცემა. დღეის მდგომარეობით, სამინისტროში წარმოება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს იურისტმა გელა ცინცაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე უკვე ფლობს აგრარული უნივერსიტეტის ყოფილ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მრავალფუნქციურ დასასვენებელ კომპლექსს აშენებს. სწორედ ამიტომ, აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიას მწვანე კონცხზე დამატებითი ტერიტორიები პირდაპირი მიყიდვის წესით, აუქციონის გარეშე გადაეცემა, როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, იმისთვის, რომ საინვესტიციო პროექტს სრულყოფილი სახე მიეცეს.

დამატებით ტერიტორიებში კი შედის მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი - 6 346 კვ/მეტრი ფართობი. ინვესტორი კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ მის გადაცემას 49-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად ითხოვს. ამ საინვესტიციო წინადადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, რეგიონში ტურიზმის განვითარებას უკავშირებს:

ბათუმი

„წელს მწვანე კონცხზე უპრეცედენტო რაოდენობა ვიზიტორების და სტუმრების გვყავდა ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. იქ დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. თქვენ ხედავთ, რომ იქ არის უსახური, საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი, ძველი საბაგირო გზა, რომელიც ნამდვილად არ ხდის მას მიმზიდველს. მე მიხარია, რომ არის დაინტერესება და გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი საბაგირო გზა გაკეთდეს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალი ვიზიტორების შემოსვლას“.

მწვანე კონცხის ზღვის სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმში როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ზღვის წყლის ხარისხია. წლების განმავლობაში ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება, რომ აქ ყველაზე სუფთა წყალია. სამოქალაქო აქტივისტი სოფო პატარაია ამბობს, რომ მწვანე კონცხის პლაჟი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი გარემო ველურად არის შენარჩუნებული. მისთვის საზოგადოებრივი სივრცის გასხვისება მიუღებელია:

„ეს სანაპირო არის ჩემი საკუთრება, ისევე როგორც ბევრი სხვა მოქალაქის. რატომ უნდა გასხვისდეს ეს პლაჟი? რატომ უნდა ამეკრძალოს მე იქ მისვლა? ჩემთვის პირადად ეს არის დანაშაული. ასეთი გადაწყვეტილების მიმღები საკრებულო და ადამიანები, ვინც ამას დაეთანხმა, არიან დამნაშავეები“.

ქალაქის კუთვნილი საჯარო სივრცის ადგილობრივი მთავრობისთვის გასხვისების მიზნით გადაცემა მიუღებელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ რამინ მაჭარაშვილისთვის, რომლის თქმითაც, იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიას ქალაქის მერია გაასხვისებდა, მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნებოდა საზოგადოებრივი აზრი შეესწავლა:

„საზოგადოებრივი სივრცის, ამხელა ტერიტორიის ინვესტორისთვის თითქმის ნახევარი საუკუნით გადაცემა არ არის მოსაწონი. პირობებიც არ ვიცით, რა პირობებით გადასცემენ, დარჩება თუ არა საზოგადოებრივ საკუთრებად ნაწილობრივ მაინც. როდესაც ეს საკითხები საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი არ არის, მერიამ კი, მაშინ როდესაც არჩევნები კარს მომდგარია, გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც უფრო დახურული სივრცეა, სადაც მოქალაქეები არ არიან ჩართულნი გადაწვეტილების მიღების პროცესში, ეს უკვე ეჭვებს ბადებს“.

ბათუმი

მწვანე კონცხის სანაპიროს 49 წლით იჯარით გასხვისების პერსპექტივა ბათუმში მოქალაქეების ნაწილის პროტესტს იწვევს:

„ეს ჩვენი სანაპიროა. ამ პლაჟზე გავიზარდეთ ჩვენ. ბუნებრივი სილამაზე და ბუნებრივი ლანდშაფტი, რაც იქ შენარჩუნდა წლების განმავლობაში... არ მესმის და კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ მაქ რაიმე სახის ხელოვნური ჩარევები მოხდეს და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ იქ შეზღუდვები დაწესდეს“.

„მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ რომელიმე პლაჟის გასხვისების, სანაპიროს რომელიმე ნაკვეთისაც კი, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილი და ახლა იქ ვიღაცამ შეზღუდვები უნდა დააწესოს? მე, როგორც მოქალაქეს, დისკომფორტი შემექმნება“.

„ყველაზე კარგი, ლამაზი, მშვიდი და სუფთა ზღვაა მწვანე კონცხზე. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ვინმე კერძო პირს გადაეცეს და ეს აღარ იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. უბრალოდ, წარმოუდგენელია ჩემთვის ასეთი რამ. მაშინ ჰაერიც გადაგვიკეტონ ბარემ და ეს იქნება!“