შვეიცარიის კურორტი დავოსი 17-დან 20 იანვრამდე მასპინძლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს - გავლენიანი პოლიტიკოსების, ექსპერტების, ბიზნესმენების, შოუბიზნესის წარმომადგენლების შეკრებას, რომელშიც წელს 3 000-მდე ადამიანი მონაწილეობს. 18 იანვარს სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც რუსეთს უწოდა „უდიდესი საფრთხე“ ლიბერალური მსოფლიო წესრიგისათვის.
Your browser doesn’t support HTML5
ჯო ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე ბოლო დიდი მოხსენებით გამოვიდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. 20 იანვარს შეერთებულ შტატებში, როგორც ცნობილია, გაიმართება ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაცია და ქვეყნის ლიდერი გახდება ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ ჰყავს შექებული რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ხოლო ნატოს „მოძველებულად“ მიიჩნევს. ტრამპის ამ შეფასებებთან აშკარა კონტრასტს ქმნის ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთი უქმნის „უდიდეს საფრთხეს“ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს.
„უდიდესი საფრთხე ამ მხრივ მომდინარეობს ცალკეული, არალიბერალი და უცხოეთში მოქმედი აქტორებისაგან, რომლებიც თავიანთ წარმატებად ჩათვლიდნენ საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის დანგრევას. ამას ვხედავთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, სადაც ჩინეთი და ირანი აშკარად უპირატესობას მიანიჭებდნენ მსოფლიოს, რომელშიც მათ გადამწყვეტი მნიშვნელობის გავლენა ექნებოდათ თავიანთ რეგიონებში. და პირდაპირ ვიტყვი: ამ მოძრაობას სათავეში უდგას რუსეთი. პრეზიდენტ პუტინის მმართველობისას, რუსეთი თავის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს ევროპული პროექტის მნიშვნელობის დასაკნინებლად, დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობაში სუსტი წერტილების მოსაძებნად და გავლენის სფეროებით განსაზღვრული პოლიტიკის აღსადგენად“, - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.
მიმდინარე თვეში აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ პირადად ვლადიმირ პუტინის დავალებით ჩატარდა კამპანია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. მათივე ინფორმაციით, კრემლი „აშკარად უპირატესობას ანიჭებდა“ პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს, მიმართავდა ზომებს მის სასარგებლოდ. ჯო ბაიდენმა დავოსში შეკრებილები გააფრთხილა, რომ კრემლი დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც შეეცდება არჩევნების მანიპულირებას: „როცა ევროპაში წელს მრავალ ქვეყანაში უნდა გაიმართოს არჩევნები, რუსეთისაგან უნდა მოველოდეთ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის მორიგ მცდელობებს. ეს ისევ მოხდება, გარანტიას გაძლევთ. და მიზანი კვლავაც ნათელია: საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის დანგრევა“.
მოსკოვი უარყოფს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმებისა და დეზინფორმაციის კამპანიით გავლენის მცდელობის ბრალდებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს დაუსაბუთებელი და ცილისმწამლებლური უწოდა ასეთ განცხადებებს.
ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტოდ არის გაუარესებული მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე. მკვეთრ უთანხმოებას იწვევს ზოგი სხვა საკითხიც, მათ შორის, სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია.
ჯო ბაიდენმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილებს შეახსენა „მწვანე კაცუნები“, რომლებიც რუსეთმა მეზობელ უკრაინაში გაგზავნა სეპარატიზმის წასაქეზებლად, შეახსენა იარაღად ენერგომომარაგების გამოყენებაც. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და ევროკავშირს მოუწოდა, სათავეში ედგნენ ბრძოლას ლიბერალური ფასეულობების დასაცავად.
„ჩვენი ტრანსატლანტიკური პარნტიორობის უმთავრესი ძალა არის აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ყველა ნატოელი მოკავშირის მიმართ. ეს არის ხელშეუხებელი ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ. ერთ-ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას. არ შეიძლება, ეს ოდესმე დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ!“ -
განაცხადა დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტთან გამოთხოვებამდე ორი დღით ადრე.