ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დაიწყო

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გიგი კალანდაძის, ზურაბ შამათავას და სხვა ხუთი პირის წინასწარი სასამართლო პროცესი 28 თებერვალს გაგრძელდება. ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოსთან მისი გულშემატკივრების აქცია გაიმართა, პროცესს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ, ბაჩო ახალაიას ბრალი ედება ასევე წამების ორგანიზებაში.

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, ასევე მასთან ერთად ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გიგი კალანდაძის, ზურაბ შამათავას და სხვა 5 პირის წინასწარი სასამართლო პროცესი - დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით - ტაშით დაიწყო. ბაჩო ახალაიას სასამართლო დარბაზში გამოჩენას ჯერ კიდევ სასამართლოს შენობის წინ შეკრებილი და შემდეგ დარბაზში გადანაცვლებული გულშემატკივრების ოვაციები მოჰყვა.

ამის შემდეგ დაცვის მხარემ მოსამართლის წინაშე იშუამდგომლა ნებადართული ყოფილიყო სასამართლო პროცესის აუდიო და ვიდეოგადაღება. მოსამართლემ ვიდეოგადაღება რამდენიმე წუთით დაუშვა, აუდიოჩაწერა კი შესაძლებელი იყო მთელი სხდომის განმავლობაში.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს - გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას - ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ, ბაჩო ახალაიას ბრალი ედება ასევე წამების ორგანიზებაში. პროკურორმა საქმეებთან დაკავშირებით 162 მოწმის გრძელი სიის წაკითხვას ერთი საათი მოანდომა; სხდომის, ასე ვთქვათ, შეწყვეტა და 28 თებერვალს გაგრძელებაც სწორედ საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა რაოდენობის, სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებული ექსპერტიზის მონაცემების სიმრავლის გამო გახდა აუცილებელი. როგორც გოგიტა გაბაიძემ, ბრალდებულ გიგი კალანდაძის ადვოკატმა განმარტა სხდომის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარეს საკუთარ მოწმეთა ჩვენებების წარმოდგენის საშუალება მომდევნო სხდომაზე მიეცემა:

”დღეს მოსმენილი იქნა მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები და რაც შეეხება დაცვას, მას მიეცა უფლება, რომ 2013 წლის 28 თებერვალს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გაგრძელდება სხდომაც. მაგ დღეს იქნება შუამდგომლობებიც და ა.შ.”.
არ ვეთანხმებით წარდგენილ არც ერთ ბრალდებას. მოგეხსენებათ, სამ ეპიზოდში ედება ბრალი. ერთი ეპიზოდი ეს არის გაგა მკურნალიძის ჩვენების საფუძველზე. გაგა მკურნალიძის ჩვენება რომ გამორიცხოთ, ფაქტობრივად არაფერი არ რჩება ამ საქმეში...
მალხაზ ველიჯანაშვილი


ადვოკატები სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში ამბობდნენ, რომ სხდომაზე ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სამთვიანი წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას გეგემავდნენ, თუმცა ამჯერად ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
წარდგენილი სამი ბრალდებიდან არც ერთს არ აღიარებს ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ასევე გიგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა, ბრალდებას არ ეთანხმებიან არც დანარჩენი ბრალდებულები. საქმეში ბრალდებული კიდევ ორი პირი - გიორგი ჩიტუაშვილი და მანუჩარ დარასელია - დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.

წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება არც ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

”არ ვეთანხმებით წარდგენილ არც ერთ ბრალდებას. მოგეხსენებათ, სამ ეპიზოდში ედება ბრალი. ერთი ეპიზოდი ეს არის გაგა მკურნალიძის ჩვენების საფუძველზე. გაგა მკურნალიძის ჩვენება რომ გამორიცხოთ, ფაქტობრივად არაფერი არ რჩება ამ საქმეში; ასევე არაფერი არ არის ე.წ. სენაკის ეპიზოდში, სადაც არც ერთი მოწმე არ ამბობს, თითქოს ბაჩო ახალაიას დავალებით მოქმედებდნენ და არ არის არც პირდაპირი მტკიცებულება ე.წ. იმ ეპიზოდში, სადაც ვითომდა აწამეს ჯარისკაცები”.

მალხაზ ველიჯანაშვილის მიერ ნახსენები ეპიზოდებიდან ერთი ბრალდებაა, რომლის მიხედვითაც, ბაჩო ახალაიამ ზვიად აბესაძეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. მეორე, ე.წ სენაკის ეპიზოდი 2010 წლის 18 თებერვლის ამბავს ასახავს, რომლის შესახებ 17 სამხედრო მოსამსახურისა და 2 ოცმეთაურის ჩვენების ტექსტი მთავარმა პროკურატურამ 2012 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამხედროები სენაკის ბაზაზე ჯიპის ტიპის ავტომანქანებით წაიყვანეს, სადაც ბაჩო ახალაია და გიგი კალანდაძე მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იქ წაყვანის მიზეზი კი გახდა ის, რომ 2010 წლის 17 თებერვალს რამდენიმე სამხედრომ სავარჯიშოდ გასვლაზე უარი თქვა, ვინაიდან წინა დღით მუშაობის გამო დაღლილები იყვნენ.

ბაჩო ახალაია სასამართლო პროცესზე


ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არ აქვს:

”დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბაჩო ახალაიას საქმეში არ არსებობს არც ერთი სხვა მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა. ასევე არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მტკიცებულებები არის გამოძალული ზეწოლის, შანტაჟის და დაშინების ფონზე”.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმეა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ არსოშვილი. თუ რა ინფორმაცია მიაწოდა არსოშვილმა გამოძიებას, ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, 28 თებერვლის სასამართლო პროცესზე გამოჩნდება. უფლებადამცველ გიორგი ონიანის თქმით, ბაჩო ახალაიასა და არსოშვილს თავდაცვის უწყებაში მუშაობისას პირადი უთანხმოება ჰქონდათ.

28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე 70-მდე მოწმის წარდგენას აპირებს.