აინ რენდის „პირველწყარო“

დღეს ქართველ მკითხველს მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ უცნობი წიგნი უნდა წარვუდგინოთ - „არეტეს“ მიერ გამოცემული აინ რენდის „პირველწყარო“, წიგნი, რომელიც აშშ–ში გაყიდვით მხოლოდ ბიბლიას თუ ჩამორჩება. ბიბლიას ზოგჯერ თავად ამ წიგნსაც უწოდებენ ხოლმე, ოღონდ ამჯერად - მემარჯვენე უიღბლოების ბიბლიას. ყოველ შემთხვევაში, მარჯი სიმპსონი, ცნობილი მულტსერიალიდან, ასე უწოდებს აინ რენდის უზარმაზარ ნაშრომს.

წიგნი მართლაც გიგანტურია, 700 გვერდამდე, და იგი ორმა ისეთმა მთარგმნელმა გადმოაქართულა, რომლებსაც აქამდე სულ ფოლკნერისა და სელინჯერის თარგმანებით ვიცნობდით - ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ. იმდენად მძიმეწონიანი წიგნია, რომ ქართველმა ლიბერტარიანელებმა თავდასხმის იარაღადაც შეიძლება გამოიყენონ, მაგალითად, ალტრუისტების წინააღმდეგ თავდასხმისას. ხუმრობა იქით იყოს და ეს წიგნი ბოლო ათწლეულების მანძილზე ამერიკის სიმბოლოდ იქცა, იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მან თაობებზე და იმდენი თვითდაჯერებული ახალგაზრდა გამოუზარდა აინ რენდის ფილოსოფიამ დედასამშობლოს. კრიტიკა ამ წიგნს გამოცემის პირველივე დღეებიდან არ მოჰკლებია, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია საუკუნის ერთ-ერთ იმ წიგნად ქცეულიყო, ყველაზე კარგად რომ იყიდება აშშ-ში.
თვითონ წიგნები დაწერილია იმდენად კარგად, იმდენად კარგად იკითხება, რომ გინდა დეტექტივი წაგიკითხავს და გინდა არქიტექტორზე დაწერილი წიგნი - ერთი სულის მოთქმით იკითხება...
გია დარსალია

აინ რენდმა შექმნა ე.წ. ფილოსოფიური მიმდინარეობა - „ობიექტივიზმი“, რამდენიმე მსუქანი წიგნიც დაწერა ამ თემაზე და თავის მხატვრულ ტექსტებშიც კარგად განფინა თავისი იდეები. დეტალურად ვერ შევჩერდები მის მოძღვრებაზე -უბრალოდ, ერთი კრიტიკოსის შეფასებას გავიხსენებ აინ რენდის შესახებ: „არსებითად, აინ რენდი იყო აპოლოგეტი არისტოკრატიული (ოლიგარქიული ან ფეოდალური) კაპიტალიზმისა, სადაც საზოგადოებას მართავენ ნიჭიერი და კეთილშობილი მაგნატები“. ზოგი მას ლიბერტარიანელობის დედას უწოდებს. იგი იყო შეუზღუდავი კაპიტალიზმის მომხრე, მისი „ობიექტივიზმის“ ერთ–ერთი მთავარი ცნება კი ინდივიდუალიზმია, უფრო ზუსტად – გონივრული ეგოიზმი, რომელიც, მისი აზრით, თავისუფალი კაპიტალისტური საზოგადოების ეთიკურ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს. წიგნის გამომცემელი გია დარსალია სწორედ ამაში ხედავს მისი წარმატების მიზეზს:

„თვითონ ეს მომენტი ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ამბიციური ადამიანისთვის, როგორებიც ძალიან ბევრია ამერიკაში, იმდენად ახლობელი და იმდენად ბიძგისმიმცემია, რომ ყველას ძალიან მოსწონს ეს მომენტი. ამას ემატება ის, რომ თვითონ წიგნები დაწერილია იმდენად კარგად, იმდენად კარგად იკითხება, რომ გინდა დეტექტივი წაგიკითხავს და გინდა არქიტექტორზე დაწერილი წიგნი - ერთი სულის მოთქმით იკითხება“.

აინ რენდი (ნამდვილი სახელია ალისა როზენბაუმი) რუსეთში დაიბადა პირველი რევოლუციის წელს, 1905-ში. ქვეყანა 1925 წელს დატოვა, მისი მშობლები ლენინგრადის ბლოკადას შეეწირნენ, შეყვარებული კი 1937 წელს დაუხვრიტეს. ამერიკაში ბედი კინოში სცადა, თავიდან წარუმატებლად, თუმცა შემდეგ, როგორც იქნა, მისი სცენარი Universal–მა შეიძინა, რამაც მას საშუალება მისცა მშვიდად, თავის გემოზე ემუშავა და 1936 წელს პირველი წიგნიც გამოსცა, მწვავე ანტიკომუნისტური რომანი „ჩვენ ცოცხლები ვართ“. 1943 წელს გამოვიდა „პირველწყარო“, რომლის წერაც აინ რენდს გაცილებით ადრე დაუწყია. იგი სცენარად იყო ჩაფიქრებული, თუმცა შემკვეთის დაკარგვის შემდეგ რომანში გადაზრდილა და, საბოლოოდ, რედაქციიდან რედაქციაში ხეტიალი, როგორც იქნა, წარმატებით დასრულებულა. წიგნი ერთ-ერთ რედაქტორს მოსწონებია და გამოცემა გადაუწყვეტია. ვიკიპედიაში ვკითხულობთ, რომ წიგნის ორ რეცენზენტს, რომელთაც ამ ზემოხსენებულმა რედაქტორმა გადასცა წიგნი თავიანთი დასკვნების გამოსატანად, აბსოლუტურად განსხვავებული აზრი გამოუთქვამს „პირველწყაროს“ შესახებ. ერთის აზრით, იგი ყოფილა დიადი წიგნი, რომელიც ცუდად გაიყიდებოდა, მეორე კი ფიქრობდა, რომ „პირველწყარო“ მაკულატურა იყო, რომელსაც ყველა დაიტაცებდა.
წიგნის უკანა ყდაზე, სხვათა შორის, არქიტექტორ დიმა მოსულიშვილის ტექსტია დართული, სადაც იგი ამ წიგნის შესახებ საუბრობს. და თუ არ გაინტერესებთ, როცა წაიკითხავთ ამ წიგნს, დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ, მით უმეტეს, საქართველოში იმდენად მნიშვნელოვანი თემაა არქიტექტურა, რომ დღე არ გავა, ქვეყნის პირველმა პირებმა არქიტექტურის შესახებ ერთი-ორი სიტყვა მაინც არ თქვან...
გია დარსალია

წიგნის ყველაზე საინტერესო მხარე ჩემთვის პირადად ისაა, რომ იგი თავიდან ბოლომდე არქიტექტურაზეა – არქიტექტორებზე, შენობებზე, ქუჩებზე, ქალაქზე, ქალაქის იერსახეზე. ავტორი იმდენად ყურადღებიანია არქიტექტურული დეტალების მიმართ და ისე გამოწვლილვით იცნობს ამ საქმეს, რომ, მისი შიშით, პერსონაჟებიც კი თავიანთ ფიქრებში სულ მუდამ ამ საკითხებს უტრიალებენ, ვერც ერთი გმირი ვერ გაბედავს ისე ჩაუაროს ამა თუ იმ შენობას, რომ არ შეაფასოს, არ აღწეროს, არ დააკავშიროს წინამორბედებსა თუ თანამედროვეებთან. ერთი თვალის შევლება რომელიმე შენობაზე საკმარისია, რომ წამიერად პატარ-პატარა არქიტექტურული რეცენზიები გამოვიდეს აინ რენდის ხელიდან. გამოცდილი მკითხველი კარგად გაერთობა ასეთ გადახვევებზე და სულაც არ გააღიზიანებს ავტორის სწორხაზოვანი იდეები და პლაკატური პერსონაჟები. სიტყვა პლაკატურში არ მინდა რაიმე უარყოფითი აზრი ჩავდო. ხომ არსებობს, არა, პოსტერების კულტურა, ძალიან მაღალი დონის, ზუსტი და პირდაპირი სახე-ხატები, რომელზეც ხანდახან გვეღიმება, ხან კი აღფრთოვანებული ვართ ხოლმე მისი პირდაპირობით. აი, სწორედ ასეთი პროზაა აინ რენდის პროზა - მარტივი, პირდაპირი, პლაკატური, რომელიც ძალიან კარგად ხატავს ეპოქის სურათსაც, არამხოლოდ ამერიკულს, რადგან იმ პერიოდში, 30–იან წლებში, იგივე ესთეტიკა ბატონობდა საბჭოთა კავშირშიც და ნაცისტურ გერმანიაშიც. მოკლედ, თავის საქმეში ლენი რიფენშტალი იყო აინ რენდი - სიტყვის, აღწერების ლენი რიფენშტალი.

არქიტექტურის თემას გია დარსალიაც შეეხო და იგი თანამედროვე საქართველოს დაუკავშირა:

“არქიტექტურა თუ გაინტერესებს, ნამდვილად ძალიან ბევრ საინტერესოს ნახავ. წიგნის უკანა ყდაზე, სხვათა შორის, არქიტექტორ დიმა მოსულიშვილის ტექსტია დართული, სადაც იგი ამ წიგნის შესახებ საუბრობს. და თუ არ გაინტერესებთ, როცა წაიკითხავთ ამ წიგნს, დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ, მით უმეტეს, საქართველოში იმდენად მნიშვნელოვანი თემაა არქიტექტურა, რომ დღე არ გავა, ქვეყნის პირველმა პირებმა არქიტექტურის შესახებ ერთი-ორი სიტყვა მაინც არ თქვან“.

სიტყვას ვინ ჩივის, ორივე ამ პირველმა პირმა საქმედ აქცია თავისი არქიტექტურული ოცნებები - განსაკუთრებით იმ პირველმა პირმა, რომელიც უფრო ადრე უფრო პირველი პირი იყო, ვიდრე ახლაა.