რატიფიცირებისთვის მზადების პროცესში, 17 ივლისს პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაფართოებულ მოსმენაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო მსჯელობდნენ. დოკუმენტის მიმართ ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, საკითხის განხილვამ მაინც გამოიწვია კამათი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის.
27 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტს უნდა დაუახლოოს, ხუთშაბათს დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ წარუდგინა. დროის სიმცირის გამო, წინასწარვე ცხადი იყო, რომ ვერ მოხერხდებოდა დეტალურად განხილვა1600-გვერდიანი დოკუმენტისა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თითქმის ყველა სფეროსა და სეგმენტს მოიცავს.
დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოკვეთილია ნება, რომ დაცული იქნეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ხაზგასმულია ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების ხელშეწყობის ვალდებულებაც. ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სეგმენტი - ევროპის 500-მილიონიან სამომხმარებლო ბაზართან ერთად, ქართული ბიზნესისთვის ხელმისაწვდომს ხდის განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დეპუტატებს ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის ნაწილიც განუმარტა:
”სატრანსპორტო სექტორი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და რეგიონალური განვითარება ... - როგორც ხედავთ, ეს ხელშეკრულება გულისხმობს აბსოლუტურად ყველა სფეროს და ამიტომ, შესაბამისად, მის მომზადებაში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა უწყება”.
მესმის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ნებისმიერი ფორუმი გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური განცხადებებისთვის, მაგრამ რადგანაც უკლებლივ ყველა მხარე ვემხრობით ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ევროპასთან დაახლოებას...მაია ფანჯიკიძე
წინ დიდი და შრომატევადი სამუშაოა და ამიტომ ბრიუსელისთვის, ისევე როგორც თბილისისთვის, საყურადღებოა შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესი. მაია ფანჯიკიძის გამარტებით, მინისტრების დონეზე შეიქმნება ასოცირების საბჭო, ხოლო მინისტრების მოადგილეების დონეზე შეიქმნება ასოცირების კომიტეტი. დაგეგმილია თემატური ქვეკომიტეტების შექმნა საჯარო მოხელეების დონეზე. ასევე განზრახულია შეიქმნას, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების განხორციელების პროცესის თაობაზე. პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სამოქალაქო საზოგადოება - შეიქმნება სამოქალაქო ასოცირების პლატფორმა, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს.
რამდენიმე კომიტეტის გაფართოებულ მოსმენაში ხუთშაბათს მონაწილეობდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც, რომელთა კრიტიკის სამიზნეს განსაკუთრებით პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო წარმოადგენდა. მაგალითად, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ საქართველოში მთავრობა ნაკლებად ფიქრობს დემოკრატიის განვითარებაზე - კანონის უზენაესობაზე - და პოლიტიკური ანგარიშსწორებით არის დაკავებული. ასეთივეა დეპუტატ სერგო რატიანის მოსაზრებებიც, თუმცა მას აზრის გამოთქმის საშუალება (განხილვის მთავარი თემიდან გადახვევის მოტივით) უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ არ მისცა.
„მესმის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ნებისმიერი ფორუმი გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური განცხადებებისთვის, მაგრამ რადგანაც უკლებლივ ყველა მხარე ვემხრობით ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ევროპასთან დაახლოებას, ამ დოკუმენტის შინაარსი მეტ ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომლის განმარტებითაც, ასოცირების შესახებ შეთანხმება სწორედ იმისკენ არის მოწოდებული, რომ საქართველო სამომავლოდ ”უკეთესი გახდეს” და რომ ამაში მას ევროკავშირი აქტიურად დაეხმარება.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტი პარასკევს, 18 ივლისს, მოახდენს. ღონისძიების საზეიმო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები.