ფოტოპროექტი: - სომხური დიასპორა, რომელიც აქციებს შეუერთდა
ჰენრი ავაგიანი
ბელგია
"ევროპაში საცხოვრებლად არ წავსულვართ. იქ მთავრობამ გაგვაქცია, მაგრამ ყველანი დავბრუნდებით ოჯახებთან, შვილებთან ერთად."
დიანა იალოიანი, 29 წლის
ანკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დოქტორანტი
ანკარა, თურქეთი
"ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია - სადოქტორო გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადები, თუმცა მაინც გადავწყვიტე, რომ აქ უნდა ვიყო, რადგან ჩემი ქვეყნისთვის ეს ისტორიული მომენტია. ეს არის ეროვნული ერთიანობის, დემოკრატიისა და სამართლიანობის წუთები ყველა სომხისთვის მთელ მსოფლიოში."
ჰაიკ სტვერი, 38 წლის, მუსიკოსი
კიევი, უკრაინა
ჰაიკ სტვერი ავტორია სიმღერისა, რომელიც სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთი ჰიმნი გახდა. ამ სიმღერას აქციების დაწყების დღეებიდან უსმენენ ყველგან - ქუჩაში, მანქანებში და, რა თქმა უნდა, დემონსტრაციების დროს.
"ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის და ავტორისთვის, ის, რომ ჩემს სიმღერას ახლა ამდენი ადამიანი უსმენს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია - ეს ისაა, რისთვისაც ვიღწვი. ძალიან რთულია, სიტყვებით გადმოვცე, რას ვგრძნობ. ალბათ, დაახლოებით ისეთი გრძნობაა, რამე სატელევიზიო კონკურსი რომ მოიგო."
სევაკ კარამიანი, 37 წლის, პოლიტოლოგი
სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
"არ მაქვს განსაკუთრებული ილუზია, რომ ზეგ ხალხი უკეთ იცხოვრებს - თუმცა ცვლილებები უკვე მოხდა. ხალხის აზროვნება შეიცვალა. მათი სახის გამომეტყველებაც კი ბევრად განტვირთულია - ხალხი იღიმის."
შაღიკ მატევოსიანი, 26 წლის სტუდენტი საქმროსთან, მატია ხიფიუნთან ერთად
ბულგარეთი
შაღიკი და მატია სომხეთში ჩავიდნენ აქ 1998 წლიდან მოყოლებული საპროტესტო აქციების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად და დემონსტრაციების ცენტრში აღმოჩნდნენ.
შაღიკი: "როგორც ადამიანისთვის, რომელიც საპროტესტო აქციებში 15 წლიდან არის ჩართული, ჩემთვის ეს რევოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გვქონოდა სამართლიანი დემოკრატია. სიმართლე გითხრათ, ვერც კი გამოვხატავ სიტყვებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის."
არსენ მელიქსეტიანი, ეკონომისტი
პარიზი, საფრანგეთი
"ჩემთვის ყველაზე მთავარია, ძალაუფლება მუდამ ეკუთვნოდეს ხალხს. არ მინდა, რომ ის ხალხის იყოს ხუთ წელიწადში ერთხელ, ისიც მხოლოდ ერთი დღით. დღევანდლამდე ხალხს ძალაუფლება ამ ხუთ წელიწადში ერთხელაც არ ჰქონდა, რადგან არჩევნების შედეგები ძალიან ხშირად ყალბდებოდა."
ანა კარაპეტიანი
ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
„ერევანში დავიბადე, აშშ-ში 1997 წელს წავედი. მაშინ 12-13 წლის ვიყავი. მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, რომ რაღაც წამართვეს - ბავშვობა. როდესაც რევოლუცია დაიწყო, ვიგრძენი, რომ ამის ნაწილი უნდა გავმხდარიყავი. დრო იყო, ჩამოვსულიყავი და გავმხდარიყავი ნაწილი იმისა, რაც დამეხმარებოდა იმის დაბრუნებაში, რაც წამართვეს.“
ზარეჰ სინანიანი, აშშ-ის კალიფორნიის ქალაქ გლენდეილის მერი
გლენდეილი, კალიფორნია, აშშ
"როდესაც ვნახე ქუჩაში გამოსული ამდენი ადამიანი, აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი ისევე, როგორც ყველა სხვა, ვინც ეს ნახა და გამოცადა, რადგან სომხეთს ძალიან სჭირდებოდა ცვლილებები. სამწუხაროდ, როგორც ხალხის უმეტესობას, მეც დაკარგული მქონდა ცვლილებების იმედი. ასე რომ, როდესაც ეს მოხდა, საოცრად და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი."
ელენ ასატრიანი, პოლიტიკის ანალიტიკოსი
გლენდეილი, კალიფორნია, აშშ
"აქციებს გლენდეილშიც ვაწყობდით, იქ დიდი სათვისტომოა. ერევნის ქუჩებში გამოსული ამდენი ადამიანის ნახვა ძალიან ამაღელვებელი იყო, ბევრი ჩვენგანი სიხარულის ცრემლებით ტიროდა."
ვარდუჰი ბალიანი, ჟურნალისტი
სტამბოლი, თურქეთი
"თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ. თუმცა, როდესაც ხალხმა შეკრება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მუშაობის დროს პარალელურად სულ ვუყურებდი აქციებს ტელეფონში. ვეღარაფერზე ვახერხებდი კონცენტრირებას, ამიტომ მაშინვე ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი."
ტიგრან ჰაკობიანი, 36 წლის
სევილია, ესპანეთი
"მჯერა, რომ მომავალში აღარ გვექნება კორუფცია. ვნახავთ, როგორ გაბრწყინდება სომხეთი და ამოიძირკვება მონოპოლია. და, ღმერთმა ნუ ქნას, ეს ასე არ მოხდა. მაშინ, დარწმუნებული ვარ, სომეხი ხალხი ისევ აჯანყდება და ჩვენ მათ შევუერთდებით".