ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში 26 თებერვალს გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა. მის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ტექნიკური შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურის „პრინციპული მოთხოვნით“ დაინიშნა, რამდენიმე მიზნით. „მთავარია, მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში. მეორე - ოკუპირებულ ახალგორში მყოფ ადამიანებს უნდა მიეცეს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა და მესამე - უნდა მოხდეს საქმის ძალიან სიღრმისეული, გამჭვირვალე გამოძიება“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
Your browser doesn’t support HTML5
ოსური მხარის წარმომადგენელთან, მურად ჯიოევთან დაახლოებით ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება თბილისის არცერთ მოთხოვნას არ დათანხმდა. კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ოსური მხარის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ შეძლეს და ამ მიზნით მიმართეს რუსეთის ფედერაციას. კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მოითხოვა ექსპერტიზის დროის მაქსიმალურად შემცირება, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ პერიოდმა შესაძლოა, რამდენიმე დღე გასტანოს. კახაბერ ქემოკლიძის ცნობითვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით, დღის ბოლოს კვლავ ექნებათ კავშირი დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რათა კონკრეტულად დასახელდეს ექსპერტიზისთვის საჭირო დრო. ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ცდილობს ოსური მხარე კვალის წაშლას, სუს-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს ეჭვი აქვს არა მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, არამედ ყველას, რადგან საქმეში არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი. კახაბერ ქემოკლიძემ დაასახელა ეჭვის კიდევ ერთი საფუძველი. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეეშვა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები, 26 თებერვალს ერგნეთში ქართულმა მხარემ მოითხოვა გამოძიების პროცესში საერთაშორისო ერქსპერტების ჩართვა და ამაზეც უარი მიიღო.
„დე ფაქტო ხელისუფლებას დღესაც ძალიან მკაფიოდ დავუფიქსირეთ, რომ ის, რაც ხდება ცხედართან დაკავშირებით, ცდება არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ მორალურ ჩარჩოებსაც“ - განაცხადა 26 თებერვალს კახაბერ ქემოკლიძემ. მისი ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების უარის მიუხედავად, ქართული მხარე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებითაც, რომ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ, საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს. ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია ოსური მხარის წარმომადგენელს, მურად ჯიოევს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ამ ვერსიის არ სჯერა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, რომელიც სრულფასოვან ექსპერტიზას მოითხოვს. რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან 24 თებერვალს გაათავისუფლა, თუმცა, არ მისცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება. 26 თებერვალს ერგნეთში იმყოფებოდნენ არჩილ ტატუნაშვილის ნათესავები და ახლობლები, რომლებმაც აღშფოთება გამოთქვეს ოჯახისთვის ცხედრის გადაცემაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა უარის გამო. ერგნეთიდან ისინი გაემგზავრნენ ნატახტარისკენ, სადაც პროტესტის ნიშნად გადაკეტეს საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი სამხედრო გზა.