ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უარი თქვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემაზე. 26 თებერვალს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე, ტექნიკური ხასიათის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ოსური მხარის თქმით, ცხედრის სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ შეძლეს და ამის გამო ექპერტიზისთვის მიმართეს რუსეთის ფედერაციას. კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მოითხოვა ექსპერტიზის დროის მაქსიმალურად შემცირება, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ პერიოდმა შესაძლოა, რამდენიმე დღე გასტანოს. ქემოკლიძის ცნობითვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით, დღის ბოლოს კვლავ ექნებათ კავშირი დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რათა კონკრეტულად დასახელდეს ექსპერტიზისთვის საჭირო დრო.