ჯონ მაკკეინმა საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა

ჯონ მაკკეინმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილი მოინახულა.

საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუჩარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ და აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარების შემდეგ გაეშურნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება. „ჩვენ წავალთ სამხრეთ ოსეთში და შევხვდებით რამდენიმე ოჯახს და იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ადგილნაცვალ პირებად აქცია რუსეთის აგრესიამ. ჩვენ შემდგომშიც გავაკეთებთ ყველაფერს, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლების, და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა სენატორმა მაკკეინმა, რომელმაც საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა. საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. 2 იანვარს კი ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკელი სენატორების საახალწლო ვიზიტი საქართველოში