სირიის ქალაქ ალეპოში, როგორც ჩანს, ინტენსიური ბრძოლა და დაბომბვა აფერხებს სამოქალაქო პირებისა და მეამბოხეების ევაკუაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 13 დეკემბერს გამოცხადდა სწორედ ევაკუაციის მიზნით, თუმცა გეგმა არ შესრულებულა. მეამბოხეები 2012 წლიდან აკონტროლებდნენ აღმოსავლეთ ალეპოს, მაგრამ განვლილი თვის განმავლობაში თითქმის ყველა რაიონის დათმობა მოუხდათსირიის ჯარებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ოპერაციის შედეგად. ცნობების თანახმად, ქალაქში უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა.
Your browser doesn’t support HTML5
ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს ცნობებს აღმოსავლეთ ალეპოში სარაკეტო იერიშისა და „ფრონტის ყველა ხაზზე ძალიან ინტენსიური შეტაკებების“ შესახებ. მისი ინფორმაციით, მთავრობის ჯარებმა იერიში მიიტანეს აღმოსავლეთ ალეპოში მეამბოხეების ხელში დარჩენილ მომცრო ტერიტორიაზე. თავის მხრივ, სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ მეამბოხეებმა დაბომბეს რაიონი, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს და რომ ექვსი ადამიანი დაიღუპა.
არადა, 13 დეკემბერს გამოცხადდა თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული ზავი, ალეპოდან (კერძოდ, მეამბოხეების ტერიტორიიდან) ევაკუაციის მიზნით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის მთავრობის ჯარებმა აღმოსავლეთ ალეპოზე იერიში განაახლეს მას შემდეგ, რაც ზავი მეამბოხეებმა დაარღვიეს. მეორე მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები და „სხვა ჯგუფები“ ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ჩაშალონ.
„აქ, ალეპოში, დრამატული ვითარებაა, ძალადობაა. ხალხს, სამოქალაქო პირებს, ბავშვებს ხოცავენ. ამიტომ ერთმანეთს კი არ უნდა ვადანაშაულებდეთ, არამედ აქ ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, ყველას მიუძღვის ბრალი. ჩვენ (...) გადავდგით ნაბიჯები იმისათვის, რომ გვეზრუნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე და იმაზე, რომ ხალხის ევაკუაცია მოხდეს ამ შეთანხმების ფარგლებში“, მაგრამ შეთანხმება, რომელზეც ჩავუშოღლუ საუბრობს, როგორც უკვე ითქვა, არ სრულდება.
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები, ისევე როგორც ირანელი და ლიბანელი შიიტი მებძროლები, ეხმარებიან მეამბოხეებთან ბრძოლაში.
გაეროს ადამიანის უფლებათა უწყებამ 13 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ, „სანდო წყაროების“ თანახმად, აღმოსავლეთ ალეპოში სირიელი ჯარისკაცები ბინებში შედიან და ადგილზევე ხოცავენ სამოქალაქო პირებს. გაეროს მონაცემებით, ასეა მოკლული 82 სამოქალაქო პირი, მათ შორის 13 ბავშვი. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ინფორმაციით, ათასობით სამოქალაქო პირი რჩება აღმოსავლეთ ალეპოში ტერიტორიაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ და ამ ხალხს აღარა აქვს უსაფრთხო ადგილას მოხვედრის შანსი.
ამ ცნობების ფონზე, 13 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ გამართა სხდომა, რომელზეც მძიმე ბრალდებებით გამოვიდა გაეროში შეერთებული შტატების ელჩი, სამანტა პაუერი: „ასადის რეჟიმს, რუსეთსა და ირანს - სამ წევრ ქვეყანას, რომელიც დგას ალეპოს დაპყრობისა და ხოცვა-ჟლეტის უკან, - თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ სასტიკ დანაშაულებზე, ევაკუაციის საკითხში გაეროსა და წითელი ჯვრის ძალისხმევის უარყოფით!“
გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა ალეპოზე იერიშში მონაწილეებს მოუწოდა, დაინდონ მშვიდობიანი მოსახლეობა, ნუ გაწირავენ უდნაშაულო ადამიანებს მიზნის მისაღწევად, ალეპოს მთლიანად დასაპყრობად: „სირცხვილის გრძნობა არა გაქვთ? მართლა არაფერი არსებობს, რისიც შეიძლება შეგრცხვეთ? არ არსებობს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ბარბაროსობის ისეთი აქტი, ბავშვის სიკვდილით დასჯა, რომ შეძრწუნდეთ და პოზიცია შეიცვალოთ? არ არსებობს არაფერი, რაზეც ტყუილს არ იტყოდით ან არ გაამართლებდით?“
გაეროში შეერთებული შტატების ელჩის ამ ემოციურ გამოსვლას რუსი კოლეგის, ვიტალი ჩურკინის საპასუხო ბრალდებები მოჰყვა, ოღონდ ზოგადი, არა სირიასთან დაკავშირებული რეაქცია: „განსაკუთრებით უცნაურად მომეჩვენა, რასაკვირველია, აშშ-ის წარმომადგენლის გამოსვლა. თავისი გამოსვლა ისე ააწყო, თითქოს დედა ტერეზა იყოს! გაიხსენეთ, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხართ! გაიხსენეთ თქვენივე ქვეყნის დამსახურებათა სია და მერე დაიწყეთ განსჯა მორალური ან რომელიმე სხვა უპირატესობის პოზიციიდან“, განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩმა.
ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, აღმოსავლეთ ალეპოში მეამბოხეები „მომდევნო ორ ან სამ დღეში“ შეწყვეტენ წინააღმდეგობის გაწევას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6 000-მდე სამოქალაქო პირმა დატოვა სირიის ამ ქალაქში მეამბოხეების მიერ გაკონტროლებული რაიონები.