ირაკლი ალასანია „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს

საქმის პოლიტიკურ მიზეზებზე საუბარს არ აპირებს და თავდაცვის სამინისტროს 5 თანმშრომლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებას, ევროკავშირის ქვეყნებში გამართული ტურნედან დაბრუნებული, აეროპორტში გამოეხმაურა. ირაკლი ალასანია საქმისთვის „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას მოითხოვს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო, რაც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმეს უკავშირდება.

28 ოქტომბერს დაკავებული თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის თანამშრომლების უდანაშაულობაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია. მისი თქმით, ის თავად იცნობს ყველა შესყიდვის საქმეს. მედიისთვის გაკეთებულ პირველ კომენტარში ალასანიამ აღნიშნა, რომ საქმეს „საიდუმლო“ გრიფი უნდა მოეხსნას:

„მთავარი, რაზეც ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენ და საზოგადოებაც, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლებისა და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში. მე ვაკვირდებოდი, ბუნებრივია, შესყიდვის პორცესსაც და მე ვიცი, ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება“.

ირაკლი ალასანიას განცხადების თანახმად, მთავარია წინასწარ პატიმრობაში მყოფმა გენშტაბის ერთმა ყოფილმა და თავდაცვის სამინისტროს 4-მა მოქმედმა თანამშრომელმა სამართლებრივად თავი დაცულად და არა დაჩაგრულად იგრძნოს, ვინაიდან, მინისტრის თქმით, „ამის ელემენტები და წინაპირობები, სამწუხაროდ, უკვე ჩანს“, ისე დახურულად წარიმართა პროცესი. ირაკლი ალასანიას სიტყვებით, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას უკვე მიადგა დარტყმა და ზიანი, მნიშვნელოვანია, პროცესი ღიად წარიმართოს. ის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიის გამართვასაც აპირებს:

„დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია. შეხვედრას ვგეგმავ საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც და, ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა უკვე დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება“.

საუბარი იმაზე, აქვს თუ არა ამ საკითხს პოლიტიკური სარჩული, ირაკლი ალასანიამ სხვა დროისთვის გადადო.

რა თქმა უნდა, მძიმეა. მეც მაქვს შეკითხვები, მაგრამ მე ვინაიდან არ მინახავს მინისტრი ალასანია, მეც ვაპირებ საუბარს, თვითონაც განმარტავს მოქალაქეებისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე, პროკურატურა მაქსიმალურად ღია იქნება...
ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკურ სარჩულზე გაამახვილა ყურადღება 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ კავშირს ვერ ხედავს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასა და ირაკლი ალასანიას პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“, საქმიანობას შორის. იყო ვარაუდი, რომ ეს დაკავება უკავშირდებოდა კოალიცია „ქართულ ოცენაში“ მიმდინარე პროცესს, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, მისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისდამი დაქვემდებარებულ ორ უწყებას შეხება - ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროს, მეორე მხრივ კი, პროკურატურას, რომელიც ამ საქმეს იძიებს:

„რა თქმა უნდა, მძიმეა. მეც მაქვს შეკითხვები, მაგრამ მე ვინაიდან არ მინახავს მინისტრი ალასანია, მეც ვაპირებ საუბარს, თვითონაც განმარტავს მოქალაქეებისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე, პროკურატურა მაქსიმალურად ღია იქნება და გამჭვირვალედ წარმართავს გამოძიებას, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. მეორე მხრივ, თვითონ სამინისტრო უნდა იყოს მოტივირებული, მოწოდებული, რომ ნებისმიერ კითხვაზე გასცეს პასუხი, მათ შორის, საჯაროდ და, მათ შორის, მინისტრმა“.

ყველა ეჭვის გაფანტვის მოლოდინი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს, რომელიც ადრეც გამოეხმაურა მომხდარს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანისკიძის აზრით, ის, რომ მთავრობის ხელმძღვანელს მინისტრთან აქვს შეკითხვები, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას:

სამართლებრივად ამ საკითხს ვერ შევაფასებ. ვფიქრობ, არავინ არის მონდომებული რამე სხვანაირად მოხდეს, იმისგან განსხვავებული, ვიდრე თავად მინისტრი ამბობს. ამაში დაინტერესება არ არის...
გია ვოლსკი

„თუ პრემიერი ამბობს, რომ აქვს მასთან შეკითხვები, ეს ნიშნავს, რომ აქვს მასთან შეკითხვები. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დადგეს მისი დაკითხვის მომენტი. ამიტომ ეს არის თემა, რომელიც გამოსაძიებელია და ნებისმიერი კომენტარის გაკეთება, სანამ არ გახდება გარკვეული პუნქტები ნათელი, იქნება ძალიან არასწორი და, უბრალოდ, შეცდომაში შეიყვანს ყველას“.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლოდერმა, გია ვოლსკიმ, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს თემა შეხვედრის დღის წესრიგში არ არის, თუმცა კოალიციის წევრების ინტერესშია ერთი რამ - გაირკევს სიმართლე:

„სამართლებრივად ამ საკითხს ვერ შევაფასებ. ვფიქრობ, არავინ არის მონდომებული რამე სხვანაირად მოხდეს, იმისგან განსხვავებული, ვიდრე თავად მინისტრი ამბობს. ამაში დაინტერესება არ არის, მაგრამ იმის ინტერესი არის, რომ გაირკვეს სიმართლე და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“.

ამ შესყიდვასთან დაკავშირებით გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა. თავისთავად ცხადია, მე ახლა დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ არის ნაწილი, რომელზეც გრიფის მოხსნის საშულება, ალბათ, იქნება...
ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, შესყიდვის საქმისთვის „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა თავად თავდაცვის მინისტრის პრეროგატივაა:

„ამ შესყიდვასთან დაკავშირებით გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა. თავისთავად ცხადია, მე ახლა დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ არის ნაწილი, რომელზეც გრიფის მოხსნის საშულება, ალბათ, იქნება და ეს გადაწყვეტილება თავად მინისტრმა უნდა მიიღოს“.

თავდაცვის სამინისტროს წინასწარ პატიმრობაში მყოფი თანამშრომლების ადვოკატებმა 1 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, 10 ათასი ლარის ოდენობის გიაროს შეფარდების მოთხოვნით. ადვოკატ გიორგი სამუშიას განცხადებით, დაკავებულებს „თითქმის მთელი სამინისტრო თავდებში უდგება“,

29 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ 5 თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II და III ნაწილების შესაბამისად წაუყენეს, რაც 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მთავარი პროკურატურის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქმე შეეხება 2013 წელს განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო შესყიდვას, რომლის შედეგადაც დაკავებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტით აზარალეს. გამოძიება ირწმუნება, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის მიზნით დაწყებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ”მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში”. უკანონო გარიგების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კომპანია ”სილქნეტი”.

ამ საქმეს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის თქმით, საქმემ უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც შესაძლოა ჩაიდინა ეს დანაშაული ან, თუ დადასტურდა, რომ ეს ბრალდება არ არის საფუძვლიანი, ასევე ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანებისა, ვინც ამ ტიპის საქმე წამოიწყო.

30 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დასძინა, რომ ის სრულიად ენდობა მინისტრ ირაკლი ალასანიას.

საქმესთან დაკავშირებით 3 ნოემბრის დაკითხვაზეა დაბარებული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი.