Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის ირაკლი ალასანიას?


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა დაკავების კვალდაკვალ დაიწყო აქტიური მსჯელობა საკითხზე - უნდა გადადგეს თუ არა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. დაკავებულები, რომლებსაც გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი მილიონების გაფლანგვაში ადანაშაულებს, წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. ოპონენტები ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ შევიწროებაზე ლაპარაკობენ. ამასთან, პარალელები ივლება ე.წ. ტრაქტორების საქმესთან, რის გამოც იმდროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე გადადგა.

”ძალიან ჩქარობთ, მე მგონი, ძალიან ჩქარობთ”, – უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც 29 ოქტომბერს დაინტერესდნენ, მოუწევს თუ არა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვება. პრემიერმა თქვა, რომ ის გამოძიების შედეგს ელოდება:

”ეს შემთხვევა, ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩემთვის საწყენია პირადად. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოიძიოს ეს საქმე, რომ არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი”.

მან, მართლაც, თავი გამოიჩინა როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის უწყებაში. მას სრული ნდობა აქვს პარლამენტის მხრიდან, კომიტეტის მხრიდან...
ირაკლი სესიაშვილი

პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, თავდაცვის მინისტრის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ირაკლი ალასანია კოალიციის ”ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია” და მას სრული მხარდაჭერა აქვს კოალიციის მხრიდან:

”მან, მართლაც, თავი გამოიჩინა როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის უწყებაში. მას სრული ნდობა აქვს პარლამენტის მხრიდან, კომიტეტის მხრიდან... მე ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, რომ კორუფციული ფაქტი რომელიმე უწყებაში არ ნიშნავს პირდაპირ, რომ უნდა დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არანაირ პოლიტიკურ ქვედინებებს არა აქვს ადგილი”.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნდობის ჯგუფმა უკვე გამოითხოვა მასალები და, საიდუმლო შესყიდვის სხვა ფაქტებთან ერთად, აუცილებლად მოხდება თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ამ კონკრეტული შესყიდვის მასალების განხილვაც. რაც შეეხება ”პოლიტიკურ ქვედინებებს”, ეჭვებს იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება შესაძლოა მაღალრეიტინგული ირაკლი ალასანიას პოლიტიკური იმიჯის შელახვას ისახავდეს მიზნად, ამ ეტაპზე ძირითადად პოლიტიკური ოპონენტები ახმაურებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა უთხრა 29 ოქტომბერს ჟურნალისტებს, ამ სიტუაციაში ირაკლი ალასანიას გუნდის არჩევანი შეზღუდულია:

”აქ, მე მგონი, ბატონმა ირაკლი ალასანიამ და მისმა გუნდმა ერთ კითხვას უნდა გასცენ პასუხი: ან ეს არის პოლიტიკური დევნა მათ წინააღმდეგ, ან ისინი არიან ჩაფლული კორუფციაში. ამ კითხვაზე პასუხი სწორედ მათ უნდა გასცენ და ჩვენ დაველოდოთ მათ პასუხს”.

თავდაცვის მინისტრი, რომლის ტურნეც ევროკავშირის ქვეყნებს მოიცავს, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში 7 ნოემბერს დაბრუნდება. მანამდე კი მისი გუნდის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ მისი პოსტიდან გადადგომის პერსპექტივას. ”ეს საკითხი არც კი განიხილება”, - უთხრა ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობაში ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ. ამ ეტაპზე ალასანიას გადადგომა გამართლებულად არც მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიაჩნიათ და ასეთთა შორის არიან, მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ერთი სიტყვით, ირაკლი ალასანია ამ ეტაპზე არ აპირებს მიბაძოს დავით კირვალიძეს, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, რომელმაც პოსტი ე.წ. ”ტრაქტორების საქმის” გამო დატოვა. სხვათა შორის, ეს საქმე ამ დღეებში ბევრს გაახსენდა და მასთან პარალელი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმაც კი გაავლო.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, სწორედ კირვალიძის მაგალითმა უნდა უკარნახოს ალასანიას, რომ არ გადადგეს, რათა, დაკავებული თანამშრომლების გამართლების შემთხვევაში, მხოლოდ ის არ აღმოჩნდეს თამაშგარე მდგომარეობაში. ამასთან, როგორც ანალიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ძალიან დიდი განსხვავებაა სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომასა და თავდაცვის მინისტრის გადადგომას შორის:

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

”თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ანუ მისი გადადგომა ასე უცებ არ ხდება... მით უმეტეს, ლაპარაკია საკმაოდ დიდი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსზე, რომელიც ამჟამად იკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს... ის უნდა დაელოდოს გამოძიების პირველად დასკვნას და ამის მიხედვით იმოქმედოს. თუკი გამოიკვეთება სამინისტროში არსებული სისტემური პრობლემა, მაშინ, ცხადია, მინისტრიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას”.

29 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ 5 თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II და III ნაწილების შესაბამისად წაუყენეს, რაც 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მთავარი პროკურატურის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქმე შეეხება 2013 წელს განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო შესყიდვას, რომლის შედეგადაც დაკავებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტით აზარალეს. გამოძიება ირწმუნება, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის მიზნით დაწყებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ”მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში”. უკანონო გარიგების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კომპანია ”სილქნეტი”.

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა დაკავების ფაქტის მიმართ უკვე გაამახვილა ყურადღება არასამთავრობო სექტორმა. გაჩენილი კითხვის ნიშნებისა და ეჭვების გამო, საქმეს ”ძალიან საინტერესოს” უწოდებს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე და აცხადებს, რომ, მონიტორინგის გარდა, ორგანიზაციამ შესაძლოა დაკავებულებს საადვოკატო დახმარებაც კი გაუწიოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG