ახალციხელების რჩეულის სტატუსის მოსაპოვებლად 5 კანდიდატი იბრძვის

ახალციხე

ქალაქის მერობის კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი დღის პირველ ნახევარში მოიხადეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, ხმა ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე მისცა. მმართველი ძალის მერობის კანდიდატი ადგილზე ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდა. ამბობს, რომ პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ხმა ახალციხის ნომერ მეოთხე საუბნო კომისიაში ქალაქის კეთილდღეობასა და აღმშენებლობას მისცა. ამბობს, რომ დღის 12 საათამდე სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, თუმცა საარჩევნო უბნებზე აგიტაციის პროცესი მმართველი ძალის მხრიდან არაერთ უბანზე დაფიქსირდა.

,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობის კანდიდატმა ხმა ახალციხის მე–5 უბანზე მისცა. ივანე გვარამაძე ადგილზე მარტო მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ამბობს, რომ აქვს მოლოდინი ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

კიდევ ერთმა კანდიდატმა პატრიოტთა ალიანსიდან, ბესიკ ტაბატაძემ, ხმა დედაქალაქში მისცა. ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მერობის ხუთი კანდიდატიდან მხოლოდ ოთხმა მათგანმა დააფიქსირა. კიდევ ერთი კანდიდატი, ჯუმბერ ინასარიძე, „ეროვნული ფორუმიდან“, ხმის მიცემას დღის ბოლოს აპირებს. 2016 წლის 8 ოქტომბერს არჩეული მერი ქალაქს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.