ახალი უწყება აჭარის მთავრობაში კომერციული საქმიანობის უფლებით

აჭარის მთავრობის სხდომა

„ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით ჩამოაყალიბა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას არ აკონკრეტებს მიზეზს, თუ რატომ ქმნის ახალ სამთავრობო დეპარტამენტს:

Your browser doesn’t support HTML5

ახალი უწყება აჭარის მთავრობაში კომერციული საქმიანობის უფლებით

„უახლოეს პერიოდში იქნება სიახლე და თქვენ გეცოდინებათ, თუ ვინ არის ახალი ხელმძღვანელი, სად განთავსდება და რა პრიორიტეტები ექნება ამ სამსახურს. ერთი რამ მინდა მკაფიოდ გითხრათ, ეს იქნება პროფესიონალი გუნდი, რომელიც შეასრულებს თავის მოვალეობებს“.

დებულების მიხედვით, „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა“ ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა უნდა შექმნას სამთავრობო უწყებებში და უზრუნველყოს მისი განვითარება. ახალი სამსახურის ხელმძღვანელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სამინისტრომ გადაწყვიტა კონკურსის წესით შეარჩიოს ხელმძღვანელისა და მოადგილის კანდიდატები. ამჟამად დეპარტამენტის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსისთვის ხელმეორედ მიმდინარეობს მზადება, რადგან ჯერჯერობით კანდიდატი ვერ შეირჩა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე იმ საჭიროებებსა და მიზეზებზე საუბრობს, რამაც ახალი უწყების შექმნის აუცილებლობა განაპირობა:

თავისთავად ამ დეპარტამენტში უნდა იმუშაონ ახალმა თანამშრომლებმა, რაც გაზრდის ადმინისტრაციულ ხარჯს და რა საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება ამ ხარჯის საპირწონედ, ჩვენ ვერ დავინახეთ ჯერჯერობით მთავრობის არგუმენტაციაში. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვყავს ძალიან დიდი ბიუროკრატია, რომელიც გვიჯდება მილიონობით ლარი...
მალხაზ ჭკადუა

„ვითარდება ინფორმაციული ტექნოლოგიური სერვისები და, შესაბამისად, ყველა სახელმწიფო დაწესებულებას სჭირდება შესაბამისი დაცვა. საუბარია კიბერშეტევებისგან თავდაცვაზე. ასევე, არსებობს სახელმწიფო დაწესებულებებში ბევრი ელექტრონული პროგრამა, რომელსაც სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და განახლება. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სწორედ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის შეიქმნას ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც იმუშავებს არსებული პროდუქტების განვითარებაზე და ასევე სამომავლო პროდუქტების შექმნაზეც, რაც სახელმწიფოს სჭირდება იმისთვის, რომ გამართულად იმუშაოს“.

ახლად შექმნილ დეპარტამენტში 28 თანამშრომელი იმუშავებს. მათ კონკურსის წესით შეარჩევენ მას შემდეგ, რაც უწყებას ხელმძღვანელი და მოადგილე ეყოლება. აჭარის მთავრობის „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურისთვის“ მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტში 500 ათასი ლარია განსაზღვრული და, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ეს - პირველ ეტაპზე, რადგან, შესაძლოა, სამსახურის დაფინანსება მომავალში გაიზარდოს. ადმინისტრაციული ხარჯისა და ისედაც დიდი ბიუროკრატიის კიდევ უფრო გაზრდა - ასე აფასებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ რეგიონალური კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა აჭარის მთავრობაში ახალი დეპარტამენტის შექმნის ფაქტს:

ამ სამსახურს არ უნდა ჰქონდეს კომერციული საქმიანობის უფლება, პროდუქტების შექმნის უფლება, როგორიცაა, მაგალითად, ვებგვერდის დამზადება. მისი მოვალეობა უნდა იყოს ვებგვერდისთვის ტექნიკური დავალების დაწერა, ტენდერის გამოცხადება და შემდეგ ჩაბარება...
ვაკო აფხაზავა

„თავისთავად ამ დეპარტამენტში უნდა იმუშაონ ახალმა თანამშრომლებმა, რაც გაზრდის ადმინისტრაციულ ხარჯს და რა საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება ამ ხარჯის საპირწონედ, ჩვენ ვერ დავინახეთ ჯერჯერობით მთავრობის არგუმენტაციაში. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვყავს ძალიან დიდი ბიუროკრატია, რომელიც გვიჯდება მილიონობით ლარი. ჩვენ გვესმის ისიც, რომ საჯარო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყარო, მაგრამ ეს არ არის ეკონომიკაში სწორად დატრიალებული ფული“.

ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სტრუქტურებში ელექტრონული და ციფრული სისტემების გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი და იმუშავებს, აგრეთვე, საჯარო უწყებებისთვის ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რასაც მანამდე კერძო სექტორი ქმნიდა სახელმწიფო დაკვეთების საშუალებით. საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა კი, ახალ უწყებას დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. მაგალითად, სამსახურს შეეძლება ინტერნეტგვერდისა და ვებდიზაინის დამზადება რომელიმე კერძო კომპანიას შესთავაზოს და გარკვეული კონკურენცია გაუწიოს იმავე საქმით დაკავებულ კერძო ვებდეველოპერებს, რომელთა ნაწილი სწორედ ამ მიზეზით გამოთქვამს უკმაყოფილებას. მათ შორისაა სარეკლამო კომპანია „შინდის“ დირექტორი ვაკო აფხაზავა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამშენებლო და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობს და ვებდიზაინისა და ვებსაიტების შეკვეთებზე მუშაობს. იგი მიესალმება ახალი უწყების შექმნას ადგილობრივ მთავრობაში, ოღონდ ერთი პირობით:

„ამ სამსახურს არ უნდა ჰქონდეს კომერციული საქმიანობის უფლება, პროდუქტების შექმნის უფლება, როგორიცაა, მაგალითად, ვებგვერდის დამზადება. მისი მოვალეობა უნდა იყოს ვებგვერდისთვის ტექნიკური დავალების დაწერა, ტენდერის გამოცხადება და შემდეგ ჩაბარება. შემდეგ კი ეს სტრუქტურა უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ გვერდის მართვასა და განვითარებაზე, დამზადება კი კერძო სექტორის მოვალეობაა. თუ ამ სამსახურს ეს ფუნქცია ექნება, უკვე პირდაპირი კონკურენტია ჩვენი, იმიტომ რომ ამ დეპარტამენტს ექნება ძალიან დიდი რესურსი როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური... და კომპანია, რომელსაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ჩვენი კონკურენტი იქნება“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალ სამსახურს იმდენად მასშტაბური სამუშაოები ექნება ჩასატარებელი სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ პირველ ეტაპზე კერძო შეკვეთების მიღება გაუჭირდება, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მომავალში ისეთი ციფრული პროდუქტები და სერვისები შექმნან, რომლებზეც მოთხოვნილება გაჩნდეს არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში.