ბათუმის ბულვართან, დელფინარიუმის პირდაპირ, რუსთაველის 42-ში მდებარე ტერიტორია შემოღობილია. ამ ადგილას, სადაც წლების წინ ბათუმის აკვარიუმის აშენება იგეგმებოდა, კომპანია “ალიანს ჯგუფი” 54-სართულიან ცათამბჯენს აშენებს, რომლის პირველ 12 სართულს სასტუმრო “მარიოტი” დაიკავებს, კომპლექსის ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება. ინფორმაციას ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის შესახებ და შესაბამის ფოტომასალას სამშენებლო კომპანია სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე ავარცელებს, თუმცა მას ჯერ კიდევ არა აქვს მშენებლობის ნებართვა და, როგორც ამბობენ, ამ დროისთვის კუთვნილ ტერიტორიაზე გეოლოგიურ კვლევას აწარმოებს, რომლის საფუძველზეც არქიტექტურულ პროექტს შეიმუშავებს და სამშენებლო ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიას მიმართავს.
Your browser doesn’t support HTML5
ბათუმში ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება
- ბათუმში, შოთა რუსთაველის 42-სა და ნინოშვილის 39 ნომერში მდებარე 3 000 კვ/მეტრზე მეტი ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გარკვეული პირობებით გაყიდა.
- ინვესტორი 50 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს.
- ეს ტერიტორია მანამდე ბათუმის მუნიციპალიტეტის კუთვნილება იყო, 2016 წელს კი ქალაქის საკრებულომ გასხვისების პირობით რეგიონის ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.
ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ აღნიშნული პროექტის შესახებ ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე ილაპარაკა და განაცხადა, მაშინ როდესაც ბათუმს ჯერ კიდევ არა აქვს განვითარების გენერალური გეგმა და დოკუმენტი შემუშავების პროცესშია, ქალაქის ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ახალი ცათამბჯენის აშენება, სართულების რაოდენობას კი ახალი ზონალური საბჭო დაადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნებაო:
„არ ვიცი, იქ 50 სართულია თუ ასი, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ სურათი მე თქვენსავით ფეისბუკზე ვნახე და მერიაში განაცხადი პროექტზე ჯერ არ შემოსულა, თუმცა მე ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ შენობა იყოს 40-სართულიანი ან 50-იანი, თუ ეს გამართული პროექტი იქნება, თუ ვიზუალურად მოუხდება ჩვენს ქალაქს, თუ დაცული იქნება ყველა ნორმა. რაც შეეხება, ერთი მხრივ, შენობის სიმაღლეს, ამას გადაწყვეტს ის ზონალური საბჭო, რომელიც შეიქმნება კ-2 კოეფიციენტის გაცემისთვის. მეორე მხრივ კი, ის პროექტი, რომელიც ფოტოზეა წარმოდგენილი, რამდენად შეესაბამება ნორმებს, ამას არქიტექტურის სამსახური გადაწყვეტს, რომლის რეკომენდაციებს მე დავეყრდნობი“.
თუ რა უნდა აშენდეს ბათუმის საჯარო სივრცეებში, ეს არა მხოლოდ ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურმა თუ მერიაში ახლად შექმნილმა ზონალურმა საბჭომ, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც უნდა გადაწყვიტოს, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირმა ზოიძემ, რომელმაც ქალაქის მერს შეახსენა წლების განმავლობაში ბათუმის სანაპიროს გასხვისებისა და მისი სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით გამოყენების ტენდენცია, რომელიც, მისივე თქმით, ხშირად ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს:
„ჩვენთვის, ბათუმელებისთვის, ზღვა იკარგება. ის, რაც ორგანულია და რაშიცაა ხიბლი, ითვისებენ კომერციული ფართებისთვის და იქნებ გვეკითხა მოქალაქეებისთვის. მე მეგონა, რომ უკვე სხვა ტენდენციაა და ნაწილი, რაც დარჩა, იმას მაინც შევინარჩუნებდით. თქვენ კი პირდაპირ აცხადებთ, რომ პრობლემას ვერ ხედავთ. თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის ბულვარის ტერიტორია და რეკრეაციული ზონა, ეს კი ათეულმილიონიანი პროექტია... არ შეიძლება ფულით გაიყიდოს ყველაფერი, იმიტომ რომ ის ადგილები, რაც დარჩა ქალაქში, უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
ვიდრე ქალაქის მერია ბათუმის ზღვის სანაპიროზე ახალი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, საკითხი აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელში. მოქალაქეების ნაწილი ბათუმის ბულვარსა და ქალაქის ცენტრალურ პარკს შორის ტერიტორიაზე მშენებლობის წინააღმდეგია, ნაწილი კი ფოტოზე წარმოდგენილ არქიტექტურულ ნიმუშს იწონებს და ფართების შეძენითაც ინტერესდება.
შენობების 98 % რაც აშენდა, ამოვარდნილია საერთოდ ყველანაირი კონტექსტიდან. ჩვენ ვხედავთ რეალურად, რას დაემსგავსა ბათუმი. შესაბამისად, ყველა მსგავსი პროექტი ჩემთვის იწვევს უნდობლობას. ალბათ, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას საჭიროა მეტი საჯაროობა, მეტი გახსნილობა და ინფორმაცია...გიორგი ქათამაძე
ბათუმის ქუჩაში გამოკითხულ ადგილობრივთა დიდი ნაწილი ბოლო წლებში ქალაქში მიმდინარე მრავალსართულიან მშენებლობებს უარყოფითად აფასებს და ახალი ცათამბჯენის აშენების პერსპექტივითაც უკმაყოფილოა, ნაწილისთვის კი ისტორიული ბათუმის ძველი უბნებისგან მოშორებით მრავალსართულიანი შენობების აგება მისაღებია.
ალეკო აბაშიძე: „ისეთ ადგილას შენდება, რომ პირადად ჩემში არ იწვევს პროტესტს. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ის მაღალი სახლები, რომლებიც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე და მიდამოებშია აშენებული, ისინიც თავის დროზე იქ გაეშენებინათ, სადაც ახლა შენდება“.
გიორგი ქათამაძე: „შენობების 98 % რაც აშენდა, ამოვარდნილია საერთოდ ყველანაირი კონტექსტიდან. ჩვენ ვხედავთ რეალურად, რას დაემსგავსა ბათუმი. შესაბამისად, ყველა მსგავსი პროექტი ჩემთვის იწვევს უნდობლობას. ალბათ, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას საჭიროა მეტი საჯაროობა, მეტი გახსნილობა და ინფორმაცია, რომ, ბოლოს და ბოლოს, რა ხდება და საით მივდივართ, როდის შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს, თუ არასდროს არ დამთავრდება, ეს მაინც ვიცოდეთ“.
ინგა ხალვაში: „არ მომწონს ვიზუალურად. სიდიდე არის დამთრგუნველი ჩემთვის. მე იქ მივდივარ დასასვენებლად და როდესაც ეს დიდი მონსტრი მხვდება, სიმშვიდეს მიკარგავს“.
მალხაზ ნაკაშიძე: „საჯარო სივრცეების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია და თუ საჯარო ინტერესის გათვალისწინებით შესაძლებელია ასეთი ინვესტიცია, მე მივესალმები ასეთი ინვესტიციის განხორციელებას, მაგრამ თუ ეს საჯარო სივრცეები უნდა დაიხუროს და ამას ზიანი მიადგეს, მაშინ ვერ დავეთანხმები“.
დავით ტრაპაიძე: „ზღვისპირის გასწვრივ დომინოს პრინციპით აყუდებული ეს შენობები შეიძლება სილუეტის თვალსაზრისით ქალაქში შემოსასვლელიდან ლამაზად ჩანდეს, მაგრამ ქალაქი არის დარჩენილი ვენტილაციის გარეშე, ბეტონის კედელია აღმართული ქალაქსა და ზღვას შორის. არქიტექტურას თუ გადაავლებთ თვალს, ეს ცხადად ჩანს. ქალაქის განვითარების გეგმას, რომელიც ვერა და ვერ შეიქმნა, სავარაუდოდ, მაშინ მიიღებენ, როდესაც ბათუმში მინდორი აღარ დარჩება“.
ბათუმში, შოთა რუსთაველის 42-სა და ნინოშვილის 39 ნომერში მდებარე 3 000 კვ/მეტრზე მეტი ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გარკვეული პირობებით გაყიდა, ინვესტორი კი 50 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს. ეს ტერიტორია მანამდე ბათუმის მუნიციპალიტეტის კუთვნილება იყო, 2016 წელს კი ქალაქის საკრებულომ გასხვისების პირობით რეგიონის ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.