ახალი მთავრობის პირველი სხდომა

30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ მთავრობის პირველი სხდომა გამართა, რომელსაც ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უძღვებოდა. მთავრობის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ მისი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამისათვის ის საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს. მალე ცნობილი უნდა გახდეს ისიც, თუ ვის შეეხება სამთავრობო ცვლილებები და ვინ დატოვებს მინისტრის პოსტს.

ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე, ახლა უკვე პრემიერის რანგში, მილოცვით დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მუშაობა მომავალ წელს კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება. პირველივე დავალება, რაც მან ბიზნესომბუდსმენს მისცა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება იყო. მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაც:

„უახლოეს მომავალში ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს დავიწყებთ. ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას ახლავე მინდა ვთხოვო, რომ ორგანიზება გაუწიოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას, არა მხოლოდ მსხვილ ბიზნესმენეთან, არამედ მცირე მეწარმეებთანაც. მოვძებნოთ ახალი სახეები, რადგან არაერთი ახალი წარმატებული მეწარმე მოღვაწეობს დღეს საქართველოში. ასევე მინდა ძალიან მალე შევხვდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მინდა მათი წინადადებებიც მოვისმინო, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტიანი“.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა წლის შემაჯამებელი ინფირმაცია ეკონომიკის მინისტრისგან. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-იან ზრდას უნდა ველოდოთ. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ არის მთელი რიგი დარგებისა, რომლებშიც, წინა წელთან შედარებით, გარკვეული ზრდა შეინიშნება:

„მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდის მაჩვენებელი ნოემბრისათვის არის 5,3 %, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუ წლიურად გადავიანგარიშებთ ამ მონაცემს, ეს ნიშნავს, რომ მშპ-ს ზრდა გვექნება სადღაც 3 %. უნდა ვახსენოთ რამდენიმე დარგი, სადაც გვაქვს შესამჩნევი ზრდა, წინა წელთან შედარებით. მაგალითად, მშენებლობაში 30 %-იანი ზრდაა, მეტალურგიული პროდუქტების წარმოებაში 30 %-იანი ზრდა გვაქვს, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში - 15 %-იანი ზრდა, საფინანსო შუამავლობის დარგში - 9 %-იანი ზრდა“.

მთავრობაში ცვლილებებს მოელიან თავად მთავრობის წევრებიც, თუმცა ჯერჯერობით კვირიკაშვილს არ დაუსახელებია, რომელი მინისტრები შეიცვლებიან. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ განაცხადა, მნიშვნელობა არა აქვს სახელებსა და გვარებს, მნიშვნელოვანია რამდენად გამართულად იმუშავებს თავად სისტემა:

„დარწმუნებული ვარ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი. ასე რომ, ამ ცვლილებებში რაიმე განსაკუთრებულს მე პირადად ვერ ვხედავ“.

სიახლეებს ელის განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც, თუმცა, მისი თქმითაც, მნიშვნელოვანია ის, თუ ვის რა პოსტზე დაინახავს ახალი პრემიერი და არა ის, ვის სად სურს მუშაობის გაგრძელება.

ჩემი დაკვირვებით, თითქოს ახალი პრემიერი მეტად ცდილობდა ორიენტირებული ყოფილიყო ურთიერთთანამშრომლობაზე და ამით ხაზი გაესვა თავისი მართვის სტილისათვის, თუმცა ეს მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა...
ზვიად დევდარიანი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც. მან თქვა, რომ მისი უწყება გააგრძელებს აღებულ კურსს, კერძოდ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პოლიტიკას.

ახალი მთავრობის მუშაობის შეფასებისას „საერთაშორისო განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილს გაუჭირდება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს მთავრობა მემარცხენე პოლიტიკიდან თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულ, ახალი ტიპის ეკონომიკაზე გადავიდა. მისი თქმით, თუ მთავრობის ხედვები იგივე დარჩა (რადგან მთავრობა არ შეცვლილა), რთული იქნება უსაფრთხო ბიზნესსა და თავისუფალ ბაზარზე იყოს ორიენტირებული.

„სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფორსმაჟორულ რეჟიმს, რომელშიც ახალი მთავრობა და პრემიერი დაამტკიცეს, კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, რომ წინ არჩევნებია, თუმცა გარკვეული ცვლილებების მოლოდინი მაინც არსებობს:

„როდესაც მის კომენტარებს ვუსმენდი სხვადასხვა თემაზე, მაინც ვცდილობდი რაიმე განსხვავება დამეჭირა ძველ და ახალ პრემიერს შორის და პარალელები გამევლო თუნდაც მათი გამონათქვამების, პოლიტიკის თვალსაზრით. ჩემი დაკვირვებით, თითქოს ახალი პრემიერი მეტად ცდილობდა ორიენტირებული ყოფილიყო ურთიერთთანამშრომლობაზე და ამით ხაზი გაესვა თავისი მართვის სტილისათვის, თუმცა ეს მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა და ვნახოთ, რა იქნება“.

30 დეკემბრის მთავრობის სხდომა დახურულ კარს მიღმა ხუთ საათს გაგრძელდა.