20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დაკითხულია 343 მოწმე. იურისტების შეფასებით, ხელშესახებ ინფორმაციას არც მოწმეების ჩვენებები იძლევა და არც კამერების ჩანაწერები.
მინისტრის განცხადებით, გამოძიების მიერ ბარათაშვილის, ნიაღვრისა და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე ამ ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე მოწმეები გამოიკითხა.
Your browser doesn’t support HTML5
„მიმდინარე წლის 29 მაისს ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი არ დაუნახავთ“, - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
გამოიკითხა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ასევე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების სასაზღვრო ზოლში საეჭვო არაფერი მომხდარა. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში დაათვალიერეს ვიდეოკამერების ჩანაწერები, მაგრამ ხელშესახები ამ ჩანაწერებზეც არაფერი აღმოჩნდა.
„აღნიშნულ ჩანაწერებში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება“, - განაცხადა მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ კუპრაშვილი.
„შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და, მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, - სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, - გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის პირები თავიდანვე უნდა გადაეყენებინათ და არა ორი თვის შემდეგ. მისივე თქმით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ვიდეოკამერა დაზიანებული იყო და არც ის კამერები მუშაობდა, რომლებზეც შეიძლებოდა რაიმე ფაქტი დაფიქსირებულიყო:
„ჩანაწერები ან არის დაზიანებული და განადგურებული, ან ვიდეოკამერა იყო დაზიანებული“.
ვინც არ იცის, იმას რომ ჰკითხავ, ეს, უბრალოდ, ფონის შექმნაა: აი, ბევრი ვიმუშავეთ. ხუთი ტომის ნაცვლად, ახლა ათი ტომი გვაქვს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ვერაფერი დავადგინეთ...ნიკოლოზ ლეგაშვილი
ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლეგაშვილის, თქმით, გამოძიება არასათანადოდ წარიმართა. ლეგაშვილი ამბობს, რომ არც ის ხალხი დაკითხეს, ვინც უნდა დაეკითხათ, და არც ის კამერები ნახეს, რომლებიც უნდა ენახათ:
„ვინც არ იცის, იმას რომ ჰკითხავ, ეს, უბრალოდ, ფონის შექმნაა: აი, ბევრი ვიმუშავეთ. ხუთი ტომის ნაცვლად, ახლა ათი ტომი გვაქვს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ვერაფერი დავადგინეთ“.
მისივე თქმით, ამ ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვები ჩნდება:
„როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ასე უცებ მოუვიდა თავში, თან ათი წუთის წინ მეუღლეს ესაუბრა და პურს ამოვიტანო. ამის შემდეგ ეს ადამიანი თვითონ მიდის საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადასვლისას კიდევ იქით სცემს თანამშრომლებს, შეურაცხყოფას აყენებს. ჯიბეში უდევს 10 ათასი ევრო...“
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. აღნიშნული საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურას 20 ივლისს გადასცა.