აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება ე.წ. საშვის გარეშეა შესაძლებელი

ენგურის ხიდი

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება საშვის გარეშე გახდა შესაძლებელი. რადიო თავისუფლებას აფხაზეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ენგურის ხიდზე განუცხადეს, რომ ერთი კვირაა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა და საკმარისია ე.წ. მესაზღვრეს წარუდგინო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აფხაზეთის მკვიდრი ხარ.

„იქაური მცხოვრები რომ ხარ, ამის დოკუმენტია საჭირო და აქაური პასპორტითაც იარე, რამდენიც გინდა. მაგალითად, გალელია და აქ ცხოვრობს, აქაური პასპორტი აქვს, მაგრამ უწერია, რომ არის გალის მცხოვრები. მორჩა, მეტი არაფერი არ სჭირდება. მგზავრების რაოდენობამ ცოტა მოიმატა. მე მგონი, ხვალ, ზეგ უფრო მოიმატებს. მოიმატებს...მეგობრობა საჭიროა, დაიღალა ხალხი“.

„გაუქმდაო. თუ რატომ, არ ვიცით ჯერჯერობით“, - აცხადებენ რესპონდენტები.

მანამდე მოქალაქეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა შეეძლო მხოლოდ ვადიანი საშვით, რომელსაც გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია გასცემდა. დოკუმენტი ფასიანი იყო და მოქალაქეებს მის მისაღებად ხშირად რიგში დგომა უწევდათ. საშვი არ სჭირდებოდა, ვისაც აფხაზური და რუსული პასპორტები ჰქონდა. შესაბამისად, სიახლე მათ არც ახლა შეჰხებიათ.

ენგურის ხიდის პარალელურად, ე.წ. საშვები გაუქმდა სხვა პირობით გადასასვლელებზეც. როგორც რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში გალელი რესპონდენტი აცხადებს, ნაწილობრივ გაუქმდა ტვირთზე დაწესებული გადასახადიც:

წინაღობები ენგურის ხიდთან

„ახლა ამბობენ, რომ თვის ბოლოს აფხაზები საერთოდ არ იქნებიანო. რუსები იქნებიანო მარტო და 50 კილოგრამსაც ჩეულებრივ წაიღებო“.

იმის შესახებ, თუ რას უკავშირდება დე ფაქტო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, ინფორმაცია არ აქვთ აფხაზეთის ავტონომიური რსეპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში. მისი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ჩიკვაიძე, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს:

„ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებით უნდათ გამოავლინონ ისინი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ალბათ... მეტი ახლა ასე უცებ ასეთი ჟესტი რას უნდა უკავშირდებოდეს, არ ვიცი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, ხვალ-ზეგ რა იქნება“.

ე.წ. საშვის შესაძლო გაუქმებისა და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის აკრძალვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია.