ზურაბ აბაშიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსკოვის შეშფოთებას, რომელიც ნატოსთან საქართველოს დაახლოებასა და საქართველოში ასამოქმედებელ ნატოს საწვრთნელ ცენტრს შეეხება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებები უკვე მეორე კვირაა აღშფოთებას იწვევს საქართველოში. ამჯერად ვნებათაღელვა „რია ნოვისტისთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, რომელშიც ზურაბ აბაშიძე ოპონენტებისთვის მიუღებელ სხვა აქცენტებსაც სვამს. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის წინ სულ უფრო ხილული ხდება ხელისუფლების „კაპიტულანტური პოლიტიკა“.
„ნატოში გაწევრიანება არ წარმოადგენს უახლოესი პერიოდის პერსპექტივას, – ეს ყველამ იცის – ჩვენც, თქვენც და ბრიუსელმაც. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა მოვხსნათ ეს ემოციური ფონი. არ ღირს დამატებითი საბაბის ძებნა, რამაც შეიძლება გაართულოს ისედაც რთული ურთიერთობები“, – უთხრა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს ზურაბ აბაშიძემ, რომლის აზრითაც, საქართველო არანაირ პრობლემას არ უქმნის რუსეთს და სულ ტყუილად გახდა სადავო ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული საწვრთნელი ცენტრის თემაც. „ეს არის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი. ასეთი უკვე მოქმედებს საჩხერეში... არც ამ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს აქვს რაიმე სახის სამხედრო მომენტი... “ – განმარტა აბაშიძემ და იქვე დააზუსტა, რომ ჟურნალისტები ხშირად რაღაცებს აზვიადებენ და საწვრთნელ ცენტრს ბაზასაც უწოდებენ, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის:
„არავითარ ბაზაზე არ არის ლაპარაკი...ეს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრია, – მოკრძალებული. მე ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი იქნება იქ, რომლებიც სწავლებას გაივლიან“.
შემდეგ „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი დაინტერესდა – რატომ არ იწყებს თბილისი პირდაპირ დიალოგს აფხაზებსა და ოსებთან, როდესაც ასეთ შესაძლებლობაზე დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც ილაპარაკა. პასუხად, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მოსკოვის მხრიდან სათანადო ნება არგამოხატულა, ხოლო სოხუმი და ცხინვალი დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ ასეთ გადაწყევტილებას, თუკი არ იქნება მტკიცე სიგნალი მოსკოვის მხრიდან. „თუკი მოსკოვი მართლაც დაინტერესებულია და მართლა გადაწყვეტს, რომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ დიალოგს, ჩვენ ამას სწრაფად ვნახავთ და შევამჩნევთ“, – განაცხადა აბაშიძემ და ამავე ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ, თუკი მოსკოვი რეალურად შეუწყობს ამ პროცესს ხელს, თბილისი მზად არის სტატუსის თემა გვერდზე გადაიდოს და აფხაზებსა და ოსებთან დაიწყოს პირდაპირი დიალოგი „ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე, ბიზნესზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, წყალსა და ბუნებრივ აირზე“.
მან განაცხადა, რომ მიესალმება რუსეთის ხელშეწყობას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების ახალი ფორმატის შემუშავებაზე, რაც არის რეალურად ჟენევის ფორმატის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი...ალექსი პეტრიაშვილი
ეს არის უკვე მიზანმიმართული „მავნებლური“ და „კაპიტულანტური“ პოლიტიკა, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილი – „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ის თვლის, რომ საგარეო კურსის ცვლილების საფრთხე, რაზეც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პირველად განცხადება რამდენიმე თვის წინ გააკეთეს, „ძალიან თვალნათელი და ხელშესახები“ ხდება. პეტრიაშვილის თქმით, ზურაბ აბაშიძე, რომელიც დღეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრია, დე ფაქტო პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს და ის საქართველოს ინტერესების საზიანო ნაბიჯებს დგამს:
„ეს ეხება როგორც ნატოს ინფრასტრუქტურის შექმნის შეჩერებისკენ მიმართულ განცხადებებს, ისე პირდაპირი დიალოგის წარმართვის მცდელობას. მან განაცხადა, რომ მიესალმება რუსეთის ხელშეწყობას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების ახალი ფორმატის შემუშავებაზე, რაც არის რეალურად ჟენევის ფორმატის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი, საერთაშორისო პარტნიორების ამ ფორმატიდან და, საერთოდ, ამ მოლაპარაკების პროცესში ჩამოშორების მცდელობა, რაც არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი“.
„თავისუფალი დემოკრატების“ სახელით აღშფოთება ალექსი პერტიაშვილმა გასულ კვირაშიც გამოხატა, როდესაც ზურაბ აბაშიძემ პირველად თქვა, რომ რუსეთს არაფერი აქვს სანერვიულო, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ წარმოადგენს „დღეს ან ხვალ“ გადასაწყვეტ საკითხს და რომ „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული საწვრთნელი ცენტრი ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურას არ წარმოადგენს.
ჟენევა, რა თქმა უნდა, უმთავრესი ფორმატია ყველაზე მწვავე საკითხებზე. ცხადია, იქ გაგრძელდება მუშაობა, მაგრამ პირდაპირი დიალოგისთვის ჩვენ შეგვიძლია საწყის ეტაპზე შევარჩიოთ ნეიტრალური თემები.ზურაბ აბაშიძე
ამავე კონტექსტში გასულ კვირაშიც და 24 თებერვალსაც მწვავე აღშფოთება გამოხატეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც. როგორც სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ზურაბ აბაშიძე კონფლიქტის მოგვარების გასაღებს მოსკოვს აბარებს და იმის სანაცვლოდ, რომ დღევანდელმა მთავრობამ „გამოიყენოს შექმნილი საერთაშორისო კონტექსტი“, ის „კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის საქართველოს ბედს რუსეთზე“.
ოპონენტებისთვის არ არის დამაჯერებელი საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს ბევრჯერ გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოს მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი ევროკავშირისა და ნატოსკენ მტკიცე და უცვლელია. როგორც ალექსი პეტრიაშვილი ამბობს ჩვენთან საუბრისას, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა საჯარო მოხელე უნდა აღუდგეს წინ ზურაბ აბაშიძის მიერ გახმაურებულ გეგმებსა და მიდგომებს.
როცა აღშფოთების ტალღა ხელმეორედ აგორდა, თავად ზურაბ აბაშიძე ამ დროს უკვე ბრიუსელში იყო ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებისთვის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან, პრაღაში 26 თებერვლისთვის დაგეგმილი შეხვედრის წინ. პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს უკვირს, თუ რამ აღაშფოთა ოპონენტები, რადგანაც აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე ლაპარაკისას არ უგულისხმია ჟენევის ფორმატის შეცვლის ან გაუქმების საჭიროება. „ჟენევა, რა თქმა უნდა, უმთავრესი ფორმატია ყველაზე მწვავე საკითხებზე. ცხადია, იქ გაგრძელდება მუშაობა, მაგრამ პირდაპირი დიალოგისთვის ჩვენ შეგვიძლია საწყის ეტაპზე შევარჩიოთ ნეიტრალური თემები“, – უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.
გამართავს თუ არა ის ბრიუსელში შეხვედრებს ნატოს შტაბბინაში, უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ 25 თებერვალს იქ ელჩების დონეზე ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე მიიღებენ მონაწილეობას. თბილისიდან გამგზავრების წინ თამარ ბერუჩაშვილმა კომისიის სხდომაზე განსახილველი ძირითადი თემაც დაასახელა:
„მოკავშირეებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, კონკრეტულად, ჩვენი მთელი კომისიის სხდომა მიძღვნება რეგიონის უსაფრთხოებაზე მსჯელობას“.
ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობისკენ, წინდახედულებისა და რეალობის უკეთ გააზრებისკენ მოუწოდებს ექსპერტების ერთი ნაწილი. როგორც, მაგალითად, პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი აცხადებს ჩვენთან საუბრისას, საქართველო არ უნდა მოერიდოს უფრო მკაცრად და პრინციპულად ლაპარაკს რუსეთთან, რომელმაც უკვე დაანახვა თავისი ნამდვილი აგრესიული სახე მთელ მსოფლიოს.