გიორგი კაკაბაძის "ნიკო ფიროსმანი"

გამომცემლობა "პეგასმა" თავის სერიაში "ილუსტრირებული ბიოგრაფიები" გიორგი კაკაბაძის დოკუმენტური რომანი "ნიკო ფიროსმანი" გამოსცა.

გიორგი კაკაბაძემ თავისი წიგნი, "ნიკო ფიროსმანი", თემატურადაც განსაზღვრა და ჟანრულადაც. სათაურის ქვეშ ვკითხულობთ: "დაკარგული უბრალოების ძიება" - და იქვე: "დოკუმენტური რომანი". ეს ნიშნავს, რომ წიგნი დოკუმენტებს ეყრდნობა, ცოტას წაუმხატვრულებს, მაგრამ მთავარი მაინც ქვესათაურში გამოტანილი ინტენციაა, რაც გულისხმობს ფიროსმანის ზედმეტი ნადებისა და ლექისგან გათავისუფლებას, მისი მითოლოგიზებული სახის გაწმენდა-რესტავრაციას.

ათწლეულების მანძილზე ფიროსმანის გარშემო მთელი ინდუსტრია შეიქმნა, რომლის ცენტრშიც ერთი უიღბლო, ლოთი მხატვარი იდგა, რომელიც "ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,/ მერე შეკრთება ვით მთვარეული/ და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს". გიორგი კაკაბაძე წინასიტყვაობაში იმასაც წერს, რომ "მომხიბლავი ტყუილი მწარე სიმართლეზე სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა და ამგვარი დამოკიდებულების გამო ფიროსმანი, ფაქტობრივად, ახალი ინდუსტრიის ობიექტად გადაიქცა". წიგნის ავტორის მთავარი მიზანი სწორედ ამგვარ დამოკიდებულებასთან ბრძოლაა: "მე შევეცადე, რომ ყოველივე ამისგან გამეთავისუფლებინა ფიროსმანი, დავყრდნობოდი მხოლოდ იმ საბუთებს, რომელიც არსებობს ფიროსმანის შესახებ და არა მარტო ფიროსმანის, არამედ იმ ისტორიული ფონის შესახებაც, რომელიც მაშინ იყო."

ფიროსმანის შესახებ უკვე დიდი ბიბლიოგრაფია არსებობს, მასზე აუარება წიგნი თუ სტატია დაიწერა, მაგრამ ამ კვლევებსა თუ მოგონებებში, ვარაუდებსა თუ შეფასებებში, როგორც წესი, ხარვეზები და უზუსტობები ჭარბობს. აუარება ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მხოლოდ ერთზე შევჩერდებით. გიორგი კაკაბაძე ამბობს:

"უნდა გითხრა, რომ ერასტ კუზნეცოვის წიგნში არის ისეთი საოცარი შეცდომები და უზუსტობები, რომ ზოგიერთი კურიოზების რიგს განეკუთვნება. მაგალითად, ერასტ კუზნეცოვი წერს ასეთ რამეს: "Пиросмани кто-то назвал неготовым, на что он очень обиделся..." და შემდეგ, ამაზე დაყრდნობით, იწყებს ფიროსმანის ფსიქოლოგიური პორტრეტის ხატვას, სვამს კითხვებს, თუ რატომ შეიძლებოდა გაბრაზებულიყო ფიროსმანი ასეთ უწყინარ ნათქვამზე. არადა, ქართულ წყაროში ეს ამბავი ასე ჟღერს: "ფიროსმანს ვიღაცამ არამზადა უწოდა" და ეს "არამზადა" გადათარგმნეს როგორც "неготовый" და მერე ამაზე აგებს კუზნეცოვი ფსიქოლოგიურ პორტრეტს".

ფიროსმანზე ძალიან ბევრი ჩანაწერი და მოგონება არსებობს, მაგრამ ყველაზე ოფიციალური, როგორც იტყვიან, ბეჭდიანი საბუთი, თავის დროზე მამია ჩორგოლაშვილის მიერ მიკვლეული დოკუმენტებია რკინიგზის სამმართველოდან. ამ საბუთებიდან, სიმწირის მიუხედავად, ძალზე მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ მხატვრის ცხოვრების შესახებ, თუმცა მხატვრის "ბიოგრაფიული საქაღალდე" ამ საბუთების აღმოჩენამდე გაცილებით ადრე შეიქმნა. ისევ გიორგი კაკაბაძეს მოვუსმინოთ:

"ფიროსმანის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მის სიცოცხლეშივე დაიწყო ილია ზდანევიჩმა. იგი პირველი იყო. მან იყიდა უჯრიანი რვეული (ეს რვეული ახლა ხელოვნების მუზეუმში ინახება) და დაიწყო ფიროსმანთან დაკავშირებული დღიურების ჩაწერა. იგი იწერდა ყველაფერს, რასაც ფიროსმანი ეუბნებოდა. ფიროსმანი მის პორტრეტს ხატავდა, ილია ზდანევიჩი კი იწერდა ნალაპარაკევს. მოგვიანებით ილია ზდანევიჩი გაემგზავრა საფრანგეთში და ეს დღიური დარჩა საქართველოში. მოგეხსენებათ, ილია ზდანევიჩი ემიგრანტი იყო, იგი მტრად ითვლებოდა და მისი მოხსენიება შეწყდა და უკვე აღარ იყო სასურველი. ამიტომ ეს დღიური საქართველოში პირველად გამოვიდა კირილე ზდანევიჩის სახელით და გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი კუპიურებით. ჩემს წიგნში ეს ტექსტი სრულად არის, საავტორო რედაქციით არის ეს დღიური მოყვანილი, ჩვენს სივრცეში პირველად."

ილია ზდანევიჩის ეს მოგონებები შემდეგ კირილე ზდანევიჩმაც განავრცო. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 1922 წლიდან დაიწყო ფიროსმანის არქივის შედგენა გიორგი ლეონიძემ. იგი სამოციანი წლების ბოლომდე აგროვებდა მასალებს და 1966 წელს მოხდა უცნაური რამ, პოეტს თბილისის ერთ-ერთ სანაყინეში დარჩა ამ მასალებით სავსე პორტფელი.

"ასევე ძალიან დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ გოგლა ლეონიძე, რომელმაც შეაგროვა მასალები ფიროსმანის შესახებ, მაგრამ აქაც არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც მან შეაგროვა, კარგია და სანდოა. როდესაც იგი ამ მასალებს აგროვებდა, მისმა მძღოლმა უთხრა ერთხელ (გვარად ბედია იყო ის კაცი), ბატონო გოგლა, ვერ ამჩნევთ, რომ ხალხი ტყულს გვეუბნებაო?, გოგლას კი გაუცინია და უთქვამს, არა უშავს, ხალხს ტყუილები უყვარს და ეს კარგია და ჩავიწეროთო. ანუ გიორგი ლეონიძე ცოტა სხვანაირად უყურებდა ამ საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი დამსახურება აქვს და ბევრი კარგი ფაქტი აქვს ჩაწერილი ფიროსმანის შესახებ, იქ არის ისეთი ადგილები, რომლებსაც შეიძლება არ დავეთანხმოთ ან ეჭვის ქვეშ დავაყენოთ," შენიშნავს გიორგი კაკაბაძე.

გიორგი კაკაბაძე ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოაქვეყნა გოგლა ლეონიძემ ეს მასალები თავის დროზე, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში, და ასკვნის: მოგონებებში გამოკვეთილი პორტრეტი, როგორც ჩანს, არ შეესაბამებოდა საბჭოური მხატვრის მოდელს, საბჭოთა მოქალაქის იდეალურ პორტრეტსო.

წიგნში ძალიან დიდი ადგილი ეთმობა ფიროსმანის კულტურულ ფონს, მასში დეტალურადაა აღწერილი იმდროინდელი ქიზიყური ყოფა, ვრცელი აბზაცები ეთმობა ტფილისური ცხოვრების წესს, აღდგენილია მხატვრის მარშრუტები. გიორგი კაკაბაძის ამ დოკუმენტური რომანის კითხვისას მისი წინამორბედებიც გამახსენდნენ, ის მწერლები, რომლებიც, პლატონ იოსელიანიდან მოყოლებული, ასეთ წიგნებს თხზავდნენ ქართულ ენაზე. ყველაზე მეტად გიორგი კაკაბაძის ნაშრომი, რა თქმა უნდა, იოსებ გრიშაშვილისა და გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიული პროზისგანაა ალბათ დავალებული: "საიათნოვა", "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა", "სულხან-საბა ორბელიანი", "ბესიკი" და სხვ.

გიორგი კაკაბაძე ბევრი ცნებისა თუ მცდარი შეხედულების გადაფასებას ახდენს. ეს შეეხება ფიროსმანის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წოდებას "პრიმიტივისტი", რომლის წარმოშობასაც ავტორი დეტალურად მიმოიხილავს, მოგვიანებით კი თავისი ტერმინის დამკვიდრებასაც ცდილობს - "ფიროსმანიზმი".
ავტორს ბევრი საინტერესო დაკვირვება მოჰყავს. მაგალითად, იგი ერთგან წერს, ფიროსმანი ლამაზი და გულღია ადამიანების ცხოვრებას ხატავდა და ხშირად აღწერდა საოჯახო დღესასწაულებსო, შემდეგ კი დასძენს: "უნდა აღინიშნოს, რომ თავად ფიროსმანი არასოდეს მონაწილეობს ამ დღესასწაულებში, მის ნახატებს რატომღაც სხვის ზეიმზე მოხვედრილი პატარა ბავშვის მარტოსული და გაუცხოებული მზერა ახლავსო."

ასეთი ესეისტური დაკვირვებები ბლომადაა წიგნში. გარდა ამისა, როგორც გითხარით, მასში ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია მოყვანილი, აღდგენილია იმდროინდელი გარემო, რომანი სავსეა სახელებით - ადამიანების, ქუჩების, დუქნების, საგნების თუ გრძნობების სახელდებებით. აქ, ამ უზარმაზარ ჩამონათვალებში მთავარი გმირის, თავად ფიროსმანის სახელებიც ბევრია. აი, ზოგიერთი: ტვინდასეტყვილი ნიკალა, თვითრჯული, ჭკვაშეფრქვეული, ცხრაწვენა, ჭკვაგაფლანგული, ნეტარი ნიკოლოზი.