ლირიკა და ნარატივი

ბოლო დროს სამი მნიშვნელოვანი წიგნი გამოვიდა ლიტერატურის თეორიის მომავალი სპეციალისტებისთვის: ირმა რატიანის "ტექსტი და ქრონოტოპი", თამარ ბარბაქაძის "ლირიკის ჟანრები" და ადრიან მარინოს "კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია".

გასულ წელს საკუთარ თავთან პირობა დავდე, რომ თუკი ახლად გამოცემული წიგნები ამის საშუალებას მომცემდა, ხშირად დავუბრუნდებოდი ლიტერატურათმცოდნეობით საკითხებს. ბოლო წლებში საქართველოში ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც გამოცოცხლდა ლიტერატურის თეორიის მიმართულება და ყოველი ასეთი მცირე ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს, მით უმეტეს, ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დიდი ინტერესით ელოდებიან ხოლმე ნებისმიერ საინტერესო ძვრას ლიტერატურისა და კულტურის კვლევების საქმეში, ეძებენ ახალ თარგმანებს, თვალყურს ადევნებენ თითებზე ჩამოსათვლელ პერიოდულ სამეცნიერო გამოცემებს. დღეს სწორედ ასეთი, კრიტიკულ-თეორიული, დღე გვაქვს, რადგან ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ სამ წიგნზე გვექნება საუბარი. ამათგან ორი თანამედროვე ქართველ ავტორებს ეკუთვნით, ერთიც ფრანგულიდანაა თარგმნილი და ჩვენში ნაკლებად ცნობილი ავტორის დაწერილია.

ირმა რატიანის წიგნში "ტექსტი და ქრონოტოპი" ორი მონოგრაფია და რამდენიმე ნარკვევია თავმოყრილი, რის მიხედვითაც წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი - "ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში", "ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში" და მესამე, ნარკვევების თავი, სადაც მიხაილ ბახტინის თეორიულ კონცეფციას ეხება ავტორი და ილია ჭავჭავაძის სივრცულ მოდელებზე საუბრობს. სწორედ ბახტინიდან იღებს სათავეს ქრონოტოპოსის ცნება, რომელიც დრო-სივრცულ ურთიერთობას გულისხმობს და პირდაპირ უკავშირდება ჟანრულ ნაირსახეობებს. ირმა რატიანის წიგნის პირველი ნაწილი ლიტერატურული ანტიუტოპიის ჟანრის განსაზღვრისა და ჟანრულ თავისებურებათა კვლევის მცდელობაა ქრონოტოპის ლიტერატურული და ანთროპოლოგიური თეორიების კონტექსტში და იგი ასევე გულისხმობს ტექსტების - კერძოდ, ვლადიმირ ნაბოკოვისა და მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტების - ინტერპრეტაციას კონკრეტულ მეთოდოლოგიურ ჭრილში.

მეორე ნაწილი მიზნად ისახავს ზოგადად რეალიზმისა და, კერძოდ, ქართული რეალიზმის მეთოდოლოგიურ დაფუძნებას და ილიას შემოქმედების ახლებულ წაკითხვას, მის ინოვაციურ რეცეფციას. ლიტერატურათმცოდნე კოკა ბრეგაძემ გარკვეული თვალსაზრისით სანიმუშოც კი უწოდა ნაშრომს:

"ამ შემთხვევაში ეს წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრული ტექსტის, ანუ ანტიუტოპიის პოეტიკის და ჟანრობრივი მახასიათებლების განსაზღვრის წინაპირობას, არამედ საკუთრივ მხატვრული ტექსტის საზრისის, იდეის, ჰერმენევტიკის ერთგვარ შემამზადებელ საფუძვლადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. და მე ვფიქრობ, ირმა რატიანის ნაშრომი, ამ თვალსაზრისით, წარმოადგენს, გერმანულად რომ ვთქვათ, ე.წ. შტანდარდწერკ-ს, ანუ სანიმუშო ნაშრომს, რომელსაც გარკვეული გზამკვლევის, ანუ საორიენტაციო დანიშნულება აქვს."

ასევე გზამკვლევია, თუმცა, ირმა რატიანის წიგნთან შედარებით, უფრო კერძო პედაგოგიური დანიშნულება აქვს თამარ ბარბაქაძის წიგნს "ლირიკის ჟანრები". ნაშრომი საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოიცა - "ლიტერატურისმცოდნეობითი დისკურსი. თანამედროვე კვლევები" - და ძირითადად პოეტური ჟანრების საკითხს ეხება:

"წიგნი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ აქ წარმოდგენილია ლირიკის განვითარება, საუბარია ლირიკის თეორიაზე, ანტიკურობიდან დღევანდლამდე. საკმაოდ დაწვრილებით და პანორამულად არის მოწოდებული ეს ისტორია. ასევე იკვეთება ნაშრომში თავად ლირიკის ჟანრები - ოდა, ჰიმნი, ელეგია..."

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამარ ბარბაქაძეს ეს ყველაფერი ემპირიული მასალის თანხლებითა აქვს მოწოდებული. ძირითადი მასალა ქართულია, მათგან უმრავლესობა კი თანამედროვე ქართულ პოეზიას მოიცავს, რის გამოც წიგნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ლიტერატურის კრიტიკოსებისთვისაც.

წიგნის პირველი ნაწილი უშუალოდ "ლირიკის თეორიას" ეძღვნება, სადაც ავტორი ძველი ბერძნებიდან იწყებს და ლირიკის უახლესი თეორიებით ამთავრებს. მაგალითად, არისტოტელესთან ლირიკა პოეზიის გვარად არ მიიჩნევა, მოგვიანებით ტერმინი ახალი შინაარსით შეივსო, დღეს კი უკვე ლირიკა ძალიან მრავალმხრივ გაიგება. არსებობს ლირიკული ნაწარმოების ფორმალისტური, სემიოტიკური, თემატური და სხვ. წაკითხვები. მკვლევარს წიგნში გალაკტიონ ტაბიძის ერთი ძალიან საინტერესო ლექსი მოჰყავს, სადაც პოეტი ასეთ რამეს წერს ლირიკის შესახებ:

"დასაბამიდან
მოლივლივებს
ლირიკის შუქი,
იგი არ არის
უბრალო რამ,
რამე მსუბუქი.
ზენა ნიჭს გარდა
გემოვნებას მისას ეწნება
თავისებური
გამოსახვა
და შემეცნება."

კიდევ ერთი სიახლეა რუმინული წარმოშობის ფრანგი ლიტერატურათმცოდნის, ადრიან მარინოს წიგნი "კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია", რომელიც ფრანგულიდან რუსუდან თურნავამ და ნინო გაგოშაშვილმა თარგმნეს. ეს თარგმანი გასულ წელს ალექსანდრ დიუმას ცენტრმა წლის საუკეთესო თარგმანად მიიჩნია. ესაა სქელტანიანი მონოგრაფია, რომელიც შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებს ეხება. მართალია, წიგნი 80-იან წლებში გამოვიდა პარიზში, მაგრამ მასში განხილული პრობლემები დღესაც აქტუალურია და, გარკვეული თვალსაზრისით, იგი შეიძლება ახალი აღმოჩნდეს თანამედროვე ქართველი მკვლევრებისთვის. ლიტერატურათმცოდნე კოკა ბრეგაძემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ჩემთან საუბრისას:

"ამ შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული თეორიული საფუძვლები მსგავსი კვლევებისათვის და მე ვფიქრობ, ამ თარგმანმა, რაც საკმაოდ მაღალ დონეზე შეასრულეს მთარგმნელებმა, უნდა მისცეს გარკვეული ბიძგი, რათა ქართულ ლიტერათმცოდნეობით სივრცეში მოხდეს ქართული ლიტერატურის კვლევა კომპარატივიზმის ჭრილში."

ეს წიგნი არა მხოლოდ ქართული შედარებითი მეთოდით კვლევის თვალსაზრისითაა საინტერესო ჩემი კოლეგებისთვის, არამედ იმითაც, რომ მასში ძალიან ბევრი საინტერესო ცნებაა გაანალიზებული და განმარტებული, იგი ასევე დაწვრილებით მიმოიხილავს რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გაბატონებულ ტენდენციებს და, რაც მთავარია, წიგნი ჩვენგან მოითხოვს კრიტიკულ წაკითხვას - ერთი მხრივ, ავტორის, მეორე მხრივ კი, მთარგმელების ნამუშევრის ფხიზელ შეფასებას. ამიტომ, იმედი მაქვს, მარინოს ამ წიგნს კიდევ უფრო დეტალური და საქმიანი რეცენზია მიეძღვნება, ამჯერად უკვე ბეჭდური სამეცნიერო პერიოდიკის ფურცლებზე.