სიკვდილით დასჯის შემთხვევები მთელ მსოფლიოში შემცირდა

უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშენლის“ ბოლო ანგარიშის თანახმად, შარშან მთელ მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევები დაახლოებით 200-ით შემცირდა. აქ ჩინეთის მონაცემები, ჩინეთისა, სადაც ათასობთ ადამიანს შეუფარდეს უმაღლესი ზომა, არაა გათვალისწინებული. 252-ს უდრის ასეთ შემთხვევათა რიცხვი ირანში, 60-ს ჩრდილოეთ კორეაში, იემენში - 53-ს , აშშ-ში კი - 46-ს. „ამნესტის“ ანგარიშის ავტორმა, როზიენ რაიფმა, პრესკონფერენცია გამართა ჰონ კონგში, სადაც არსებულ ტენდენციაზე ილაპარაკა:

„ღრმად გვწამს, რომ მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმების ტენდენციაა. ეს არის მიზანი, რომელიც გაერომ დაისახა და რომელსაც სულ უფრო მეტი ქვეყანა ესწრაფვის. ჩემი აზრით, მხოლოდ დროის საკითხია, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც არ აუქმებენ სასჯელის უმაღლეს ზომას, თითით საჩვენებლები გახდნენ.“

ანგარიშის ავტორისვე თანახმად, სიკვდილით დასჯა „დაბრუნდა“ ევროპაში, სადაც - კერძოდ, ბელორუსიაში - 2010 წელს ორ ადამიანს გამოუტანეს უმაღლესი ზომის განაჩენი. დოკუმენტში განმარტებულია, რომ არაერთ სახელმწიფოში უმაღლესი ზომით ისჯება ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური დანაშაული. ზოგან ღვთის გმობაც ამავე კატეგორიაში გადის. შარშან სიკვდილით დასჯა სამმა ქვეყანამ შემოიღო. „ამნესტი ინტერნეშენლმა“ მოუწოდა ჩინეთს, გამოაქვეყნოს ოფიციალური რიცხვი სიკვდილით დასჯილებისა. ჩინეთმა გამოაცხადა, რომ შემცირდა რაოდენობა დანაშაულისა, რომელიც უმაღლესი ზომით ისჯება. მაგრამ „ამნესტისთვის“ არაა ცხადი, როგორ იმოქმედა ამან სასჯელის ამ ზომის აღსრულების შემთხვევათა რაოდენობაზე. საერთოდ არ ვრცელდება ინფორმაცია უმაღლესი ზომის შესახებ ავღანეთში, ინდონეზიაში, მონღოლეთში, პაკისტანში, ასევე გაერთიანებულ არაბულ საამიროებში. სასჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოყვანის პრაქტიკას მისდევენ ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და საუდის არაბეთში. ზოგიერთ ქვეყანაში - ბელორუსიაში, იაპონიაში, ბოცვანაში და ეგვიპტეში - არც სიკვდილმისჯილს, არც მის ნათესავებს, არც ადვოკატებს არ ატყობინებენ განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ წინასწარ. ბელორუსიაში, ვიეტნამსა და ბოცვანაში დახოცილების გვამებს ოჯახებს დასასაფლავებლად არ აძლევენ. „ამნესტი ინტერნეშენლის“ ანგარიშში ქებითაა მოხსენიებული გაეროს ბევრი წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება, შეუერთდნენ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმს, ანუ მის შეჩერებას, არა გაუქმებას. მათ რიცხვშია რუსეთი და მადაგასკარი. ამ ქვეყნებს მოჰყავთ არგუმენტი, იუწყება „ამნესტი“, რომ სიკდილით დასჯას მიმართავენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მხოლოდ განსაკუთრებით სერიოზული დანაშაულის შემთხვევაში და რომ ამ ქვეყნებში სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ატარებენ. მისი ანგარიში გვამცნობს, რომ არაერთ ქვეყანაში სიკვდილის მისჯა ხდება არასამართლიანი პროცესების, აღიარების გამოძალვის შედეგად. ქვეყნების უმეტესობა მას იყენებს არაპროპორციულად ღარიბი მოსახლეობის, ასევე რასისტული, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ.