ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წიქარიშვილის ნაცვლად კაკოჩაშვილი დანიშნა

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

„ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის ნაცვლად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს.

„საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 2024 წლის 15 ივლისს დანიშნა. მისმა კონკურენტმა მანუჩარ კაკოჩაშვილმა კი ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის განხილვა მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის არჩევამდე არ დაასრულა.

ამ საკითხის შეფასებისას სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „სასამართლო უფრო და უფრო იქცევა ბუტაფორიად“.

2025 წლის 12 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ოტიაშვილმა გააუქმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშვნის გადაწყვეტილება და ამ თანამდებობაზე მისი კონკურენტის, მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის დავალება გასცა.

ასევე ნახეთ კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ოტიაშვილმა მისი უმაღლეს საბჭოში დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია - მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საერთო სასამართლოებში (საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში) მოსამართლეების დანიშვნა. პირველ და მეორე ინსტანციაში გადაწყვეტილებას საბჭო დამოუკიდებლად იღებს, უზენაეს სასამართლოში კი საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს.

კახა წიქარიშვილი ხშირად აკრიტიკებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის დანიშნულია მოსამართლე ბაია ოტიაშვილიც, რომელმაც ამ უწყებაში წიქარიშვილის არამოსამართლე წევრად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა.