მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე მისი კონკურენტის მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის დავალება გასცა. გადაწყვეტილება დღეს, 12 მარტს გამოცხადდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია - მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საერთო სასამართლოებში (საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში) მოსამართლეების დანიშვნა. პირველ და მეორე ინსტანციაში გადაწყვეტილებას საბჭო დამოუკიდებლად იღებს, უზენაეს საბჭოში კი საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს.
ამ უწყებას კახა წიქარიშვილი ხშირად აკრიტიკებდა. იუსტიციის საბჭოს დანიშნულია მოსამართლე ბაია ოტიაშვილიც, რომელმაც წიქარიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა.
„კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი არ ვრცელდება“, - ეუბნება კახა წიქარიშვილი რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, აპირებს საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ამოეწურა. მის ადგილმონაცვლედ კახა წიქარიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს მხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რამდენიმე დღით ადრე - 2024 წლის 15 ივლისს მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კახა წიქარიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება გასული წლის 22 ივლისს შეაჩერა. სასამართლო საკითხს მეექვსე პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ კოლეგიის არჩეული კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე არ განიხილავდა.
სარჩელი სასამართლოში წიქარიშვილის კონკურენტმა კაკოჩაშვილმა შეიტანა - მან მოითხოვა „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის [მანუჩარ კაკოჩაშვილის] დანიშვნა მოითხოვა.
კაკოჩაშვილის მოთხოვნის ნაწილი სასამართლომ პირველივე ეტაპზევე დააკმაყოფილა - სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება და პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში კლანური სისტემის არსებობაზე მიუთითებდა.
ფორუმი