ნაზი 1940 წლის 5 ივლისს დაიბადა, დუშეთში. ბავშვობა სოფელ ოძისში გაატარა. მამა 3 წლისას დაეღუპა ომში. სიცოცხლის ბოლომდე დედაზე იყო მიჯაჭვული.
ნაზი ფრანგულის სპეციალისტი იყო, მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა და ხალხის გასაჭირზე დაიწყო წერა, რასაც საბჭოთა ცენზურის პირობებში ძნელად თუ ვინმე ბედავდა. მისი ნაცნობების გადმოცემით, ყველაფერთან ერთად ნაზი მორწმუნეც იყო, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ათეისტური საზოგადოებისა და კომუნისტური პარტიის საგანგებო ყურადღება მიექცია. ბევრი ურჩევდა, „თავს ნუ დაიღუპავ, ახალგაზრდა ქალი ხარ, ჯობია, გათხოვდე, ოჯახი შექმენიო“, - წერს მისი ახლობელი ბელა წვერაძე.
მოგვიანებით ის იხსენებს, რომ ნაზი იცავდა ყველას და ყველაფერს, ღარიბს, უპატრონოს, მოხუცს… ნაზის დღიურები და მასზე მოგონებები 1991 წელს ერთ წიგნად გამოიცა: „ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“. აქვეა მისი რამდენიმე სტატიაც, ბოლო „სოფლის ცხოვრებაში“ 1974 წელს დაბეჭდა. უკანასკნელ წლებში ნაზი შამანაური თბილისში აღარ ცხოვრობდა, დუშეთში დედასთან დაბრუნდა.
თამარ გოგინაშვილი, ნაზი შამანაურის ცხოვრების აღწერისას იხსენებს, რომ ერთ-ერთ რაიონში ხორცის დამზადების გეგმა რომ ვერ შეასრულეს, მოსახლეობას ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირუტყვი ჩამოართვა. როცა ნაზიმ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლების მხილება დაიწყო, რაიკომის მდივანმა კაბინეტში დაიბარა, შენ რა ჭაობის ბაყაყივით ყიყინი გისწავლია, ჭკვიანად იყავიო. ლაპარაკი იმით დამთავრდა, რომ ნაზიმ რაიკომის მდივანს გომბეშო უწოდაო, - წერს თამარ გოგინაშვილი.
ასევე ნახეთ მსხვერპლის გასამართლება - რა მოიტყუეს პოლიციელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტის პროცესზე?1982 წლის 13 აგვისტოს ნაზი შამანაურმა „კომუნისტის“ რედაქციაში ნარკვევი მიიტანა დუშეთში მომხდარ „მეტად მძიმე დანაშაულებებზე“. გაზეთში სტატია არ გამოუქვეყნეს. მეორე დღეს ვაჟაობაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა. უნდოდა თავისი მრავალგვერდიანი ნარკვევი ხალხის წინაშე წაეკითხა. როცა მიკროფონთან არ მიუშვეს, ხმამაღლა დაიწყო დამნაშავეების მხილება.
ზვიად გამსახურდია შემდეგ წერდა, რომ დუშეთის რაიონის უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა ქალს ნარკვევის წაკითხვა არ აცალეს, წაართვეს და იქვე დააკავეს დედასთან ერთად. დედა-შვილი მალევე ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს.
„ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმით მათრიეს… 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო…“ - წერს ნაზი მალულად თავის დღიურებში.
შიმშილობა
ნაზი შამანაური აღწერს, როგორ აძალებდნენ საჭმელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. კოვზს პირში მთხრიდნენ, კბილებს მიმტვრევდნენ, ლუკმა რომ ძალით გადამეყლაპა, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, თან დამცინოდნენ, მემუქრებოდნენ - შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალო, - წერს იგი.
გაწამებული, დეიდას ეხვეწებოდა, მე და დედას დარიშხანი შემოგვიტანე, დავლიოთ და დავიხოცოთო. ძვლის ნამსხვრევით ვენების გადაჭრაც სცადა.
მის ტანჯვას ისიც ემატებოდა, რომ დედა სხვა განყოფილებაში ჰყავდათ და არ ახვედრებდნენ. ექიმებს ეხვეწებოდა, ცოტა ხნით მაინც დაეტოვებინათ მასთან.
დღიურებში ნაზი ჰყვება, რომ სამედიცინო კომისიაზე (განყოფილების გამგე ზინაიდა არტემოვნა, ექიმები: ზოია ჟორჟიკაშვილი, მანანა ბოკუჩავა, პროფესორი: შოთა გამყრელიძე) შესთავაზეს, უარყავი რაც დაწერე, თქვი, რომ გეჩვენებოდა. პენსიას დაგინიშნავთ და გაგიშვებთო.
„რას მოითხოვენ ჩემგან? უარვყო ჩემი პიროვნება? ეს არ მოხდება. ამ ქვეყნად არსებობს დიდი ზნეობრივი ფასეულობანი. ეს არის ხალხისა და სამშობლოს სიყვარული, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ ეღალატების“, - ჩაწერს ნაზი დღიურში.
ქალი აღწერს, როგორ „მკურნალობდნენ“ ფსიქიატრიულში პაციენტებს - „ამინაზინით“ აბრუებდნენ და წყალწყალა სუპს აჭმევდნენ. ისინიც დამშეულები და გაბრუებულები „მთვრალი ინდაურებივით“ დაბორიალობდნენ დერეფანში. სხვების წამების ყურებაც წამებააო, - წერს შამანაური.
„რისთვის მტანჯავენ. მტკივა ნეკნები, თმის ძირები. 70 დღიანი შიმშილობის შემდეგ ფილტვებს უჭირს სუნთქვა, სხეულს მოძრაობა, ჯდომა, წოლაც კი, საშინლად გავხდი. ვიტამინების ნაკლულობით თითები დამიწყლულდა. კანი ცარიელ ძვლებზეა გადაკრული. პირში მძაფრი აცეტონის სუნი მაქვს... რას მოითხოვენ? მაიძულებენ მტვრის გადასაწმენდ ჩვრად ვიქცე. უარვყო ჩემი პიროვნება, დავდო ხელწერილი, რომ ამის შემდეგ მე არ ვიჩივლებ...
მე ჩემს გვარსა და სისხლს არადროს ვუღალატებ“.
სიკვდილი თავისუფლების ნაცვლად
1983 წლის 10 იანვარს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები ცნობილმა ფსიქიატრმა, აკადემიკოსმა ავლიპ ზურაბიშვილმა ინახულა.
„ბატონო ავლიპ, რატომ ღალატობთ თქვენს აკადემიურ ღირსებას? როდემდე უნდა გვტანჯოთ უდანაშაულოდ დედა-შვილი?“ - მიაძახა მას ნაზიმ.
ავლიპი, რომელიც უკვე წასვლას აპირებდა, შემობრუნდა და თქვა, ორ დღეში ჯერ დედას გავუშვებ, მერე - შვილსო, - წერს ნაზი შამანაური თავის დღიურში.
მისი ჩანაწერები 1983 წლის 11 იანვარს წყდება, ამ ამბიდან ერთი დღის შემდეგ.
12 იანვარს გონდაკარგული ჟურნალისტი თბილისის მე-9 საავადმყოფოში მიიყვანეს, რვა დღის შემდეგ კი გარდაიცვალა, 42 წლისა. დაკრძალეს დუშეთში. დედა, რომელიც ორ დღეში უნდა „გაეშვათ“, შვილის დასაფლავებას არც კი დაასწრეს. ის ფსიქიატრიულიდან მხოლოდ ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის ჩარევის შემდეგ გაწერეს.
„იყო კი წამებული?“ - სტატია „კომუნისტში“
ჟურნალისტის გარდაცვალებას ხმაური მოჰყვა. მომხდარი გააშუქა რადიო თავისუფლებამ, დასავლურმა მედიამ, რასაც თავის მხრივ 1983 წლის 6 მაისს „კომუნისტი“ გამოეხმაურა, სტატიით: „იყო კი წამებული?“
სტატიაში ეწერა, რომ ნაზი შამანაური ცხოვრებაზე გაბოროტებული, დევნის მანიით შეპყრობილი ადამიანი იყო. მიზეზად კი დედის პირად ცხოვრებაზე მიანიშნებდა.
სტატიაში ქალის სულიერ მდგომარეობას დაწვრილებით მიმოიხილავს თბილისის მთავარი ფსიქიატრიც. „საქმე გვქონდა შიზოფრენიის ფორმის სულით დაავადებასთან, - ამბობს აბელ მამარდაშვილი, – ბუნებრივია, შამანაური შეურაცხადად ვცანით და ამან გაათავისუფლა ის ბოროტი ხულიგნობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან“.
სტატიის ავტორი ფსიქიატრ ავლიპ ზურაბაშვილსაც იმოწმებს.
„შეთითხნილი სიცრუეა ცნობა საპყრობილეში „სხვაგვარადმოაზროვნე“ შამანაურის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ. დიდხნობით ვესაუბრებოდი ნაზის, კონსულტაციას ვუწევდი. ვამტკიცებ, რომ შიზოფრენიით დაავადება ისეთი აშკარა იყო, რომ არც ერთ მედიკოს სტუდენტს არ გაუჭირდებოდა მისი ამოცნობა. მას ეშინოდა ყველასი და ყველაფრის. ზოგჯერ უარს ამბობდა საჭმელზე და იძულებული ვხდებოდით ხელით გვეჭამა“, - უთხრა „კომუნისტს“ ავლიპ ზურაბაშვილმა. მანვე შამანაურის სიკვდილის მიზეზად, ე.წ. მწვავე მუცელი, საჭმლის გაუვალობა დაასახელა – „ეს ყველა ჩვენთაგანს შეიძლება დაემართოს“.
მართალია, „კომუნისტმა“ ნაზი შამანაური შიზოფრენიით დაავადებულად გამოიყვანა, მაგრამ მის დღიურებში აღწერილი ამბები გამართულად და თანმიმდევრულად ასახავს იმას, რაც საბჭოთა კავშირის დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ხდებოდა.
ასევე ნახეთ დისიდენტები ფსიქიატრიულშიკომუნისტური რეჟიმი იძულებით მკურნალობას ძალიან ხშირად იყენებდა დისიდენტებისა და სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ. ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებს ასმევდნენ, რაც საბოლოოდ მართლაც მძიმე კვალს ტოვებდა ადამიანზე.
„დასდევდნენ, დევნიდნენ, გასაქანს არ აძლევდნენ და ბოლოს რომ გამოდიოდა წყობიდან, მის ქცევას აღწერდნენ როგორც დაავადებას და შემდეგ 15 წლით ფსიქიატრიულში ათავსებდნენ.
თუ ადამიანი ისეთ გარემოში ამყოფე, სადაც ის დამცირებულია, შია, სწყურია, სცივა... შეუძლებელია გაუძლოს. ყველას მიყვანა შეიძლება ფსიქიკურ დაავადებამდე“, - გვიყვება ფსიქიატრი ეკა ჭყონია საბჭოთა სისტემის ტაქტიკაზე.
ვინ იყვნენ პასუხისმგებლები?
1982-1983 წლებში საქართველოს პირველი პირი, კომპარტიის მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო.
ნაზი შამანაურის იძულებითი მკურნალობის და გარდაცვალების დეტალები არასდროს გამოუძიებიათ. თუმცა, თავის დღიურებში ის პირდაპირ ასახელებს ადამიანებს, რომლებიც მის იძულებით მკურნალობაში იყვნენ ჩართული. მედპერსონალიდან ხშირად ახსენებს ვალიდა აბუსერიძეს - წერს, სასტიკად მცემდა და მამცირებდაო.
1983 წელს ნაზი შამანაურის დაღუპვას წერილით გამოეხმაურა ზვიად გამსახურდია. ეს ჯერ კიდევ მისი დისიდენტობის პერიოდია.
„მას აწამებდნენ ინსულინური შოკებით და ნეიროლეპტიკების ინექციებით. 1983 წლის იანვარში ნაზი შამანაური სასიკვდილოდ ცემა მედპერსონალმა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი“, - წერს ის.
გამსახურდია მიუთითებდა, რომ შამანაურის ფსიქიატრიულში გადაყვანა დუშეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა. მთავარ პასუხისმგებლობას ის ფსიქიატრიულის ექიმებს აკისრებდა.
ასევე ნახეთ რომელ საქმეებს ვერ ვიკვლევთ 75-წლიანი ტაბუს გამო და როდის გაიხსნება ისინი
დღეს, საქართველოს კანონმდებლობით, თუ სისხლის სამართლის საქმის გახსნიდან 75 წელი არ გასულა, ეროვნული საარქივო ფონდი ამ საქმის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. ამ კანონმდებლობით, ნაზი შამანაურის საქმის გამოთხოვა მინიმუმ 2058 წლამდე არ მოხერხდება.
„რომ დაიწყო ამ მასალების მოძიება: როგორ დააკავეს, მსვლელობა თუ მიეცა საქმეს, ფსიქიატრიულში რა დასკვნები დაიდო... ამ ინფორმაციას ვერ მიეკარები, რადგანაც ფსიქიატრიულში იწვა და გეტყვიან, რომ პერსონალური ინფორმაციაა“, - ამბობს საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ის უკვე წლებია ასაჩივრებს კანონმდებლობის ამ მუხლს და ითხოვს, მკვლევრებს არქივების შესწავლის საშუალება მისცენ.
ეს კი ერთ-ერთი ჩანაწერია ნაზი შამანაურის დღიურიდან:
„ცხოვრებამ, სიცოცხლემ ამდენი უსარგებლო ბრძოლის მერე აზრი დაკარგა. მიზნის გარეშე კი ცხოვრება მხოლოდ არსებობაა, რაც ცხოველებისთვისაა დამახასიათებელი. მქონდა საკუთარი სამყარო, საკუთარი მზე, რომელიც იმდენად მე არ მათბობდა, რამდენადაც სხვას ვუნაწილებდი...
მიყვარდა ყველაფერი წმინდა, ამაღელვებელი. ტყვიასავით მიმძიმდა ტყუილი და ცბიერ ხალხს, მზაკვარს, ქვენა ზრახვებით სავსებით ვერ ვიტანდი.
არავის ვაბარებ ანგარიშს, მე პირნათელი ვარ ჩემი ხალხის და სამშობლოს წინაშე. გავაკეთე ის, რაც შემეძლო“.