მაკა ბოჭორიშვილი: მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას ევროკავშირთან და აშშ-სთან

მაკა ბოჭორიშვილი და არარატ მირზოიანი

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით სომხეთში იმყოფება. მან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიესალმება მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას ევროკავშირსა და აშშ-სთან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია რეგიონისთვის და, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პარტნიორებთან“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე ნახეთ სომხეთში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ელოდებიან, საქართველოში - მისი გაუქმების ეშინიათ

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთმა აშშ-სთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა:

ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
ასევე ნახეთ რას ცვლის სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში?

მაკა ბოჭორიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია - ამ პარტიის მმართველობის პერიოდში აშშ-მა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეუწყვიტა, მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს კი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისთვის ხელის შეშლის გამო სანქცია დაუწესა.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს გამოხატვის თავისუფლებასა და უმცირესობის უფლებებს და პრობლემურია კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ამ მიზეზით ევროკავშირის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

მას შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს დღის წესრიგში ქვეყნის ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ასევე ნახეთ „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს

მას შემდეგ, უკვე ორ თვეზე მეტია, უწყვეტად იმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, რომლებზეც პოლიციამ იძალადა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. არცერთი მოძალადე პოლიციელი დაკავებული არაა.

28 ნოემბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით დააკავა 45 ადამიანი. ყველა მათგანს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მასალა არქივიდან ყველა ნაცემია, მანქანებში სხედან, რიგებია - ადვოკატები ჰყვებიან, რა ხდება იზოლატორებში

გუშინ, 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნეს.

ასევე ნახეთ ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება აპრილამდე, შეზღუდული უფლებამოსილება - PACE-მ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ თავად წყვეტდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

ასევე ნახეთ კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ PACE-ში მუშაობას წყვეტს

„ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან... ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - თქვა PACE-ს პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა სტრასბურგში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ PACE-ში მუშაობას წყვეტს.

ასევე ნახეთ „ვწუხვარ, ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს“ - PACE-ს პრეზიდენტი „ოცნების“ გასვლაზე