ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს დააკავეს, ის უკვე მე-16 დღეა შიმშილობს.
„ვცდილობ, გენერალურ პროკურორს მივაწვდინო ხმა იმიტომ, რომ მივაწოდო მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება და ის რეჟიმი, რომელშიც ის ცხოვრობს, შიმშილობის მე-16 დღე მისთვის შეიძლება ძალიან საზიანო იყოს.
მინდოდა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რაიმე რეაქცია ჰქონოდათ. თქვენ იცით, რომ არავისგან გამოხმაურება არ გვაქვს - თითქოს არაფერი არ ხდება“, - უთხრა ეთერ თურაძემ რადიო თავისუფლებას.
მან აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაჭრა მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია და ამიტომ არის მისთვის მნიშვნელოვანი, პირისპირ შეხვდეს გენერალურ პროკურორს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.
„ჩემი შეხვედრის მთავარი მიზანია აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს, რადგან მზია ვერანაირ გავლენას მოახდენს გამოძიებაზე და თუ ეს არ არის საჩვენებელი დასჯა, ის უნდა გამოუშვან“.
რადიო თავისუფლება ცდილობს პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.
ასევე ნახეთ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – საიამზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას". მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, - 12 ორგანიზაციასა და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, - საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ 23 იანვარს.
მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.