პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად

ადვოკატის ცნობით, რევაზ (რეზო) კიკნაძემ მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რევაზ (რეზო) კიკნაძემ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად.

რეზო კიკნაძე უკვე თვე-ნახევარია, დაკავებულია - ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და „ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“. მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. ის რუსთავში, მეხუთე დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ შიმშილობს.

„რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნათ შიმშილობა დაიწყო“, - წერს ადვოკატი გუჯა ავსაჯანაშვილი ფეისბუკზე.

26 წლის რევაზ კიკნაძის საქმეში არაერთი დარღვევაა, - აღნიშნავს იურისტი.

მისი თქმით, კიკნაძესა და იმავე დანაშაულში სხვა ბრალდებულებს ერთმანეთი სასამართლო სხდომამდე თვალით არასოდეს უნახავთ.

ასევე ნახეთ "ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში

რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა (რაც მან შიმშილობით გააპროტესტა), ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც საპროტესტო აქციების დაწყების - 28 ნოემბრის - შემდეგ სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

ასეთი ადამიანების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია, თუმცა რადიო თავისუფლებამ 28 ნოემბრიდან დღემდე 45-ის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია. საქმეებს შორისაა ბრალდებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობაზე, პოლიციელებზე თავდასხმაზე, სხვისი ნივთის დაზიანებასა და ნარკოდანაშაულზე.

ასევე ნახეთ ანრი, მათე, საბა, ანატოლი და სხვები - რას ედავებიან პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს?

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს „უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების“ მიღება შეუძლია, ვიდრე პატიმრობაა.

უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

21 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. ომბუდსმენის პრესცენტრის ცნობით, მას „იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში“.

21 იანვარსვე მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა და დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში - სალომე ზურაბიშვილი

ამაღლობელის დაპატიმრებას გამოეხმაურა ამერიკელი-ფილიპინელი ნობელიანტი მწერალი მარია რესა, - რომლის წიგნითაც მივიდა ამაღლობელი თავის სასამართლოზე. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ - ასე ჰქვია მის წიგნს.

ასევე ნახეთ „აქ სულ სხვანაირადაა“ - აქტივისტ რევაზ კიკნაძის დღიურები ციხიდან