26 წლის რევაზ კიკნაძე, პროევროპული აქციების მონაწილე, ახლა ციხეშია. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიება რევაზს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას ედავება. ახალ წელს ის საპატიმროში შეხვდება - მისი სასამართლო სხდომა 20 იანვარსაა დანიშნული. რეზი საპატიმროდან თავის ჩანაწერებს გვიზიარებს.
10 დეკემბერი - დღეს საკანში ჩამსვეს, ან იქნებ გუშინ?
რომელი საათია, ამას როცა ვწერ, ზუსტად არ ვიცი.
აქ საათებს სხვადასხვა ნიშნებით ვიგებთ ხოლმე.
ერთმა, მზის მდებარეობით ვიცი დაახლოებით რომელი საათიაო, მე საჭმლის მოტანით ვხვდები.
ოთხ კედელში ყოფნით მთლად რო არ გავაფრინო, გადავწყვიტე, ჩემს ძველ ჟურნალისტურ საქმიანობას მივუბრუნდე და დღიურივით ვაწარმოო. "ახალბედას ციხის ცხოვრების პირველი ნაბიჯები" ან რამე ეგეთი დავარქვათ.
ამ ბოლო დროს შემიყვარდა წერა. ჩემს მარტოსულობას ფურცელზე ავსახავდი და ქაღალდს ვუმხელდი ხოლმე გრძნობებს. კი ვამბობდი, მარტო ვარ, მეგობარი არ მყავს და არავის ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ მგონი ვცდებოდი - როგორც ადვოკატმა მითხრა, იმდენი ვინმე მამხნევებს, გვერდში მიდგას და ახლოს მიაქვს ჩემი ამბავი, გული გამითბა.
ჩემთვის სხვისი ყურადღება ყოველთვის ძაან მოქმედებს ხოლმე.
სანამ წიგნებს მომიტანენ (იმედია, ოდესმე მეღირსება), დროის გაყვანას ჩემებური ხერხებით ვცდილობ. დღეს დილას, მაგალითად, ჩემს თავს ფეხბურთელებზე ვეთამაშებოდი ქალაქობანას, გვარის ბოლოსწინა ასოზე. მერე მომბეზრდა, ხვალ განვაგრძობ. ბოლო ფეხბურთელი, ვინც დავწერე, რატომღაც, „მონტოლივოა“ (რიკარდო მონტოლივო, იტალიელი ფეხბურთელი - რ.თ.).
ღამე, როცა ყველას ეძინა, სრულ სიბნელეში, სერიალების კაც და ქალ მსახიობებს ვითვლიდი თითებზე და ვადარებდი, რომელი უფრო მეტი ვიცოდი. ქალი მსახიობი უფრო მეტი მცოდნია. აი, ამ წამს გავიხსენე ორი მსახიობი, გუშინ რომ ენის წვერზე მადგა და ვერაფრით მოვიფიქრე მათი სახელები: ჯეფრი დინ მორგანი და ბენედიქტ კამბერბეჩი.
„ოპენჰაიმერს“ მთელი წელი ვიზოგავდი წლის ბოლოს სანახავად, კიდევ „გლადიატორი 2“ უნდა გვენახა მეგობრებს კინოში და ახლა მეცინება, ოთხი წელი რომ ვერ ვუყურებ.
ორი რაღაცა, რაც ხინჯად მაქვს: ერთი და უპირველესი - ოჯახის წევრები და მეორე, ფილმებს, სერიალებს და დონჩიჩის (ლუკა დონჩიჩი, სლოვენიელი კალათბურთელი - რ.თ.) თამაშებს ვერ ვიხილავ ამდენი წელი.
ისე, აქ ტელევიზორი დამხვდა. საერთოდ არ ველოდი. არხებზე გადართვისას, როცა „იმედზე“ ან „პოსტვზე“ გაჩერდება, ყველა ერთ ხმაში ვაგინებთ მთავრობის წევრებს (მანდ სულ ეგენი ჩანან). „მთავარი“, „ფორმულა“ ან „ტვ პირველი“ გვაქვს ჩართული და ასე თუ ისე ვიგებთ, რაც ხდება გარეთ.
როგორ მინდა ახლა მანდ დგომა, თქვენთან ერთად, რუსთაველზე. როცა ამდენ ხალხს ვხედავ, ყოველ ჯერზე სიამაყით ვივსები.
გთხოვთ, არც ერთი დღე არ ჩააგდოთ და არასდროს გაჩერდეთ.
გუშინ შემომიყვანეს იმ საკანში, სადაც აწი სულ ვიქნები. ეს „სულ“ რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცი, მაგრამ არა უშავს. როდესაც შენი დაკავების რეალური მიზეზი ქვეყნის სიყვარულია, წლები ვერაფერს გიზამს, მაინც კარგი განწყობით ზიხარ.
პატრიოტობის გამო მომისაჯეს ციხე.
ვშიმშილობდი 72 საათი და გუშინ შევწყვიტე. რამდენიმე მიზეზი იყო, უფრო სხვების გამო, რადგან საკუთარი თავი დიდად არც მანაღვლებს და არც მიჭირდა. რაღაცნაირი სპორტული ინტერესი იყო საათების თვლაც. უბრალოდ, თანამოსაკნეები უხერხულად გრძნობდნენ თავს, როცა მე არ ვჭამდი და ამის გამო, ისინიც ნაკლებს ჭამდნენ. ასევე, დედა შიმშილობდა და ნერვიულობდა ძალიან და მთხოვა, შეწყვიტეო.
კიდე ციხის დირექტორმა პირადად დამიბარა და მესაუბრა, აღარ გააგრძელო და ყველანაირად გვერდში დაგიდგები, როცა დახმარება დაგჭირდებაო.
შევწყვიტე, მაგრამ თუ რამე ისეთი მოხდა ქვეყანაში, რაც არ შეიძლება რომ ხდებოდეს, მაშინვე დავიწყებ.
ოთხნი ვართ საკანში: სამი ბიჭი აქციიდან, ერთი კი აქ დაგვხვდა, 22 წელია ციხეებში ვარო, ოღონდ ზედიზედ არა.
ნელ-ნელა რაღაცებს ვსწავლობთ „გამოცდილისგან“.
აქციაზე დაკავებულებიდან ერთი უკრაინელია, შავგვრემანი. მე მისი საუბარი დიდად არ მესმის. დღეს ვეუბნებოდი, შენ რუსული მასწავლე, მე ქართულს გასწავლი-მეთქი (ამ წამს პასტა გამითავდა და ცოტა უხერხულობა ვიგრძენი, მე რომ გავხარჯე მთელი კალამი). ჰოდა, წეღან ქოცებზე გინებით ვასწავლიდით უწმაწურ სიტყვებს უკრაინელს და ვიცინოდით.
აქ ყველა თავის გრძელ-გრძელ ისტორიებს ჰყვება. ზოგს ორ-სამჯერ. ასე ვირთობთ თავს. წეღან მომესმა, „სკოლკა ვრემიაო“ და მე ვუთხარი, ცხრის ნახევარი-მეთქი. თურმე უბრალოდ ქართულად რაც „რომელი საათიას“ ნიშნავს, მაგას ასწავლიდა და ყველას გაგვეცინა ჩემს პასუხზე. ასეთ სისულელეებზე ვიცინით, რა ვქნათ.
აქ ყველა სიგარეტს ეწევა ჩემ გარდა და ყველას ტატუები აქვს.
მე ყავასაც არ ვსვამ. ვზივარ ახლა და ფურცელი გავავსე წერით. უკრაინელს ანტონი რქმევია. ვუთხარი, მწერალი ვარ, წიგნს ვწერ ციხის ცხოვრებაზე-მეთქი. გავიცინეთ. შენც იქნები ჩემს წიგნში-მეთქი.
დილას ცოტა წავივარჯიშე. ამის წერას რომ დავასრულებ, ცოტა პრესებს და რაღაცებს გავაკეთებ, მთლად რომ არ მოდუნდეს კუნთი. „გამოცდილმა“ (ილჰანი ჰქვია) მითხრა, ძაან არ გადაიღალო, ტუბერკულოზი შეიძლება აიკიდო ამ უჰაერობაშიო, მაგრამ რასაც აქციებზე მესროდნენ და ვსუნთქავდი, იმაზე უარესი აქ რაღა უნდა დამემართოს.
დილას ჩაი დავლიეთ კარაქიან პურთან ერთად და მანი ფაფა ვჭამეთ, შუადღეს - სოუზი და ქლიავის კომპოტი. საღამოს ჩაი, პიურე, მოხარშული ქათამი იყო. საღამოს საკვები მე ჯერ არ მიჭამია, წერას შევყევი.
გუშინ ღამე რაღაც ინდურ ფილმს ვუყურეთ, მგონი „დისკოს მოცეკვავე“ ერქვა და „უკანასკნელი სამეფოს“ ერთ სერიას. დღეს ვნახოთ, რა დაგვხვდება პროგრამაში. ჯერჯერობით, პულტზე მონოპოლია „გამოცდილს“ აქვს, ჰაჰაჰაა. მაგრამ მთავარია, ტელევიზორი ჩართულია და თავს ადამიანად ვგრძნობ ცოტა მაინც.
სავარაუდოდ, ბევრ კამერაში არ არის და გამიმართლა მაგ მხრივ, მგონი.
გუშინ ვნახე, ჟურნალისტებისთვის რა უქნიათ და შოკში ჩავვარდი, თუმცა, ამათგან რაღა უნდა გაგიკვირდეს, ყველაფრის მკადრებლები არიან.
კარგი, ახლა სანამ მეორე კალამსაც გამოვცლი, დღეს დავასრულებ. ჩემს მოხარშულ ქათამს შევჭამ და მერე წავივარჯიშებ.
PS: ფილმებში და სერიალებში სხვანაირი ყოფილა ციხე და რეალურად, სულ ერთ ოთახში ხარ თურმე.
PPS: „ცხოვრება ერთ ოთახში“, მოდი ასე დავარქვათ ან „ცხოვრება ოთხ კედელში“. დროებით.
PPPS: ხვალ უნდა გვაბანაონ და წამებს ვითვლი, ერთი სული მაქვს, წყლის ქვეშ როდის შევფრინდები.
12 დეკემბერი, შეიძლება 13-იც. ამ წამს გამეღვიძა, ღამეა. მანჩესტერი-პლზენის პირველი ტაიმი დამთავრდა.
რამე მნიშვნელოვანი რომ მოხდება, მაშინ დავწერ-მეთქი.
დღეს კოკა-კოლა დავლიეთ. მეტი მნიშვნელოვანი რაღა გინდა. ციხეში ვსვამთ კოლას. ნახევარი საათი ვსვამდი ერთ პატარა ჭიქას. თითქოს ღვინის დეგუსტატორი ვიყავი და ყველა ყლუპი ცალკე უნდა შემეგრძნო, ისე ვაგემოვნებდი.
სულ რაღაც მესიზმრება აქ. ახლა, მაგალითად, ვნახე თითქოს მოსიარულე მკვდრების სამყაროში ვიყავით, რაღაც შენობაში ვიმალებოდით და ზომბები შემოვიდნენ კარიდან. ერთი შავკანიანი ჩემიანი გავიდა მათ მოსაკლავად და იმას გაუმკლავდა. მივეხმარები-მეთქი და მესამესთან მე მივედი. მაგრამ ფეხის წვივზე კბენა მოასწრო. ავიწიე შარვალი, სისხლი თქრიალით მოდიოდა, მაგ დროს გავახილე თვალები. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?
ორი თანამესაკნე ვახსენე უკვე და მესამესაც გაგაცნობთ, ვისთანაც ყველაზე კარგად ვარ და ვფიქრობ, როცა აქედან გავალ, შეიძლება, ვიძმაკაცოთ კიდეც. სანდრო ჰქვია, ჩემზე ერთი წლით პატარა, ორი შვილი ჰყავს, ისიც აქციის გამო დაიჭირეს, „პოსტვ“-ს გაუტელევიზორებია. სახლში დაადგნენ დილის შვიდზე და სპეცოპერაცია მომიწყვესო. მთელი გაწევ-გამოწევებით და ჩხუბით გამათრიეს და მცემესო.
ციხეში ორი მთავარი დაავადება, რაც მძვინვარებს, ტუბერკულოზი და დიზენტერიაა. ერთი ჰაერის უკმარისობის გამო ჩნდება ფილტვებზე, მეორე სიბინძურის გამო, კუჭზე.
ყველა სავსეა ტატუებით. მნიშვნელობებს მიხსნიდნენ. კატა მომპარავს ნიშნავსო. სვასტიკები ფეხზე - „ჩემი ყველა ნაბიჯი ქურდულიას“. მუხლებზე - ანუ მარტო ღმერთს დავუჩოქებთო. კიდე მითხრეს სხვა ტატუებზეც, მაგრამ აღარ მახსოვს, ცალი ყურით ვუსმენდი.
გუშინ საღამოს, მე, სანდრო და უკრაინელი ვცეკვავდით, წელს ზემოთ ტიტვლები, ზედატანებს ჰაერში ვიქნევდით და ვხარხარებდით. ვინ არიან ეს გიჟებიო, ალბათ ასე იფიქრებდნენ, ვინმე რომ გვხედავდესო, ვამბობდით.
და ჩვენ ვართ ბოროტმოქმედი რევოლუციონერები?
კალამი თავდება და ხვალ განვაგრძობ წერას ან როცა ახალი პასტა გამოჩნდება...
17 დეკემბერი, მგონი
ძლივს კალამი!
მგონი ხუთი დღე გავიდა, ბოლოს როცა დავწერე. ახლა ვიშოვე მხოლოდ. რამდენი რაღაც მქონდა დასაწერი ამ დროის მანძილზე, მაგრამ ფურცელი რომ ავიღე, თავში აღარაფერი მომდის.
ცოტათი აღვწერ, წინა დღეებში რა ხდებოდა ან რა ხდება აქ ზოგადად.
მე და სანდრო ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეძლებისდაგვარად ვირთობთ თავს.
„გამოცდილი“ და უკრაინელი ყოველ დილით და ღამე კამათობენ ერთმანეთში რუსულად. თვალით ვანიშნებ ხოლმე სანდროს ღიმილით, მზად იყავი გასაშველებლად-მეთქი. იმ საღამოს, მაგალითად, პასტა რომ გამითავდა, ასეთ უცნაურ რაღაცაზე იჩხუბეს:
ანტონი ეუბნებოდა, საქართველოში კანონიერი ქურდები არ გყავთო, სუსტები არიან, იმალებიანო, უკრაინა სავსეაო. ილჰანი გიჟდებოდა ამაზე. აქ ისეთი კანონია, უბრალოდ რო გაჩერდნენ და არაფერი დააშაონ, 9 წელს მისცემენ და ამიტომ ევროპაში არიან სხვადასხვა ქვეყნებში დაქსაქსულიო. აი, ამაზე იკამათეს მთელი ღამე.
ჩვენ გვეცინებოდა.
დროდადრო მახსენდება ხოლმე სასამართლოზე დედის ცრემლები და მამის სახე. მამიკო არ გამოხატავს ხოლმე, მაგრამ შევატყვე, როგორ ძალიან ნერვიულობდა, მენატრებიან..
...
აქ, ციხეში ყველაფერს თავისი ტერმინი ჰქონია, რამდენიმე დავიმახსოვრე: საპირფარეშო - პარაშა, მაღაზია - ლარიოკი, საკანი - ხატა, საჭმლის მომტანი - ბალანდიორი. ფილმებში რასაც ვნახულობდი, თურმე ეგ ყველაფერი ზღაპარი იყო. აქ სულ სხვანაირადაა.
სხვა საკნის პატიმრებს საერთოდ ვერ ვხვდები. ეზოში არ გადიხარ. საჭმელს სხვებთან ერთად საერთო სასადილოში არ ჭამ. ოთხ კედელში ხარ ერთი და იმავე ხალხთან.
ვცდილობ, თავი არ მოვიწყინო და დეპრესიაში არ ჩავიგდო. რაღაც უცნაურ გასართობებს ვიგონებთ ხოლმე, იმ დღეს ცხოველების პაროდიებს ვაკეთებდით და მერე ვხარხარებდით. ასანთს ვატრიალებდით ჰაერში და ვინ უფრო მეტჯერ დააგდებდა მოსაკიდებელი მხრიდან, ვეჯიბრებოდით...
ტელევიზორზე შევცდი, მე კი არ გამიმართლა, ყველას ჰქონია თურმე.
„გამოცდილი“ გვიყვება ძველ დროზე, ყოველდღე ცემა გამოწერილი გვქონდაო. დაიძახებდნენ, ახლა გაემზადეთ მასაჟისთვისო და რიგში გვაყენებდნენ სარტყმელადო...
ყოველდღე წიგნებს ვკითხულობ. ღამე ფილმებს ვუყურებ. ჩემს ციხისგარე ცხოვრებისგან დიდად არ განსხვავდება. ოღონდ აქ ოთხ კედელში ვარ და თან ვერ ვირჩევ რას ვუყურო. „იუთუბი“ მომენატრა.
„სამეფო კარის თამაშების“ წიგნი მომიტანეს. საერთოდ არ ველოდი, თუ აქ ეგ დამხვდებოდა. ისე ფულს ვერ ვიმეტებდი და ციხეში ვკითხულობ საოცნებო წიგნს. მგონი მარტო პირველი სეზონია ამ ორ წიგნში.
რემარკის „ლისაბონის ღამე“ და სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ წავიკითხე უკვე აქ. სეპეტისის კითხვისას ნინიკო მახსენდებოდა, ნინიკომ მაჩუქა, როცა ერთ-ერთი აქციის დროს მომპარეს ახალნაყიდი.
„მიუზიქბოქსზე“ ვრთავთ ხოლმე და მერე ვცეკვავთ. ვიქნევთ ხელებს, ფეხებს, „გამოცდილს“ ვაგიჟებთ. ჯერ ცეკვით, მერე მე კითხვებით ვაბრუებ და მის გაკვირვებულ სახეზე ვიცინით. ილჰან, აქ ციხის კლუბი არ არის, რომ ვიცეკვოთ? საახალწლოდ კონცერტს არ მოგვიწყობენ? ან ფოიერვერკს არ გვასროლინებენ? შპალერს როდის გაგვიკრავენ? ვისვრები, კედელს როცა ვეყუდები-მეთქი და ყოველი კითხვის მერე ვხარხარებთ. ისე უმეტესად „ჯიდიესი“ გვაქვს ჩართული ან საინფორმაციო არხები.
ანტონი თავის დაჭერების ისტორიებს გვიყვება, იმდენჯერ არის დაჭერილი აქ ყოფნის მანძილზე, არ გამოელევა მოსაყოლი.
თავი „თეთრ ბაირაღებში“ მგონია, იქაც ყველა ეუბნებოდა ნაკაშიძეს, შენ რანაირად დაგიჭირეს, როგორ დააშავებდი რამესო. იმასაც ქვის სროლას აბრალებდნენ და მასაც დედა ენატრებოდა.
ყოველ დილას მე და სანდრო საწოლებს ვასწორებინებთ ერთმანეთს. საბნებს ვაკეცვინებთ, მერე ვჭამთ, მერე ვვარჯიშობთ, მერე ვკითხულობ, ვყვებით რაღაც ისტორიებს, ვუყურებთ ფილმებს, ზოგჯერ ადვოკატთან გავყავარ ან ექიმთან, ხანდახან ე.წ. „პრაგულკაზე“ ავდივართ.
ეგეთია ჩვენი ჩვეულებრივი დღე. ხუთშაბათს და კვირას ბანაობაა.
ეგ დღეები გვიყვარს ყველაზე მეტად.
ერთ დილას საჭმელად დავჯექით და... მოკლედ აქ არ შეიძლება, როცა ვიღაც ჭამს, საპირფარეშოში ვინმე შევიდეს. უპატივცემულობაა. უკრაინელი მაინც შევიდა. რა თქმა უნდა, „გამოცდილი“ ეგრევე დააცხრა და დაიწყეს სიტყვით პაექრობა. დიდად არაფერი მესმოდა, მაგრამ ხმას რომ უწევდენ და ყვირილზე გადავიდნენ, ვხვდებოდი, რაღაც მოხდებოდა, თან რუსული უწმაწური სიტყვებიც მესმოდა.
ბოლოს, როცა ორივე გაცეცხლდა და გაცხარდა, ერთმა ჰკრა ჯერ ხელი, მას შემდეგ რაც თავი თავზე მიადეს. კარადასაც შემოარტყა ანტონმა გაბრაზებულზე მუშტი. რა თქმა უნდა, ეგრევე შემოცვივდნენ და ორივე გაიყვანეს. არ ვიცი, იქ ვინ რა თქვა, მაგრამ „გამოცდილი“ ამის მერე აღარ გვინახავს.
უკრაინელი უკან შემოაბრუნეს გასიებული ხელით, ილჰანის ტანსაცმელები შემოგვაწოდეთო, გვითხრეს.
ასე დავრჩით სამნი, სამივე „რევოლუციონერები“. რომ ვთქვა, ძალიან მეწყინა-მეთქი, მოვიტყუები, პირიქით, უფრო კომფორტულად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მე პირადად ხელს არ მიშლიდა. ის, უბრალოდ, სხვა თაობა იყო და რაღაცებში ვერ გვიგებდა...
ახლა უფრო მეტს ვიცინით, უკრაინელს ქართულს როცა ვასწავლი, ერთი დიდი კომედიაა ხოლმე. ათამდე თვლა, თავისი ასაკი და კვირის დღეები უკვე ვასწავლე. ასევე, „მოდი, კავა დავლიოთ“ და „მოდი, გავისეირნოთ“ - ეს გოგოსთან გამომადგებაო.
ამასობაში, ყაველაშვილი აურჩევიათ არალეგიტიმურ პარლამენტში პრეზიდენტად. რომელსაც ცირკს ვეძახი. ვუყურებდი სხდომას და ორუელის „ცხოველების ფერმის“ დასასრული მედგა თვალწინ.
„მზერა გადადიოდა ადამიანიდან ღორებზე და ღორებიდან ადამიანზე, თუმცა ვეღარ გაარჩევდი, რომელი იყო ღორი და რომელი ადამიანი“.
მოგესალმებით ორუელის 1984-ის სამყაროში, სადაც მოძალადეს სამართალდამცველი ჰქვია და სამშობლოს მოყვარულს - დამნაშავე.
მართლა ვერ ვიჯერებ, ქვის ჰაერში აგდების გამო ადამიანს 4 ან 6 წელი მისცე, თან როცა არავის მოხვედრია და არც დაზარალებული არსებობს.
მაგრამ რას იზამ, ასეთია საბჭოთა კავშირი, ასეთია რუსეთი, ასეთია ჩრდილოეთ კორეა. როგორმე ავიტან.
მე სინდისი სუფთა მაქვს და მოდი, ამ აბზაცს სერსეის სიტყვებით დავასრულებ, როცა მეფე რობერტს, გარტყმული სილის მერე მიუგო: ამას პატივის ნიშანივით ვატარებო.
აქაური სიზმრები ცალკე პლატფორმაა. სახლშიც სულ ვნახულობდი, მაგრამ არაფერი მახსოვდა გაღვიძებისას. აქ მახსოვს.
დღეს, მაგალითად, დამესიზმრა, „პოსტვ“-ის ჟურნალისტები ძირს დაყრილ ქვებს უღებდნენ ვიდეოს და ამბობდნენ, აი, ამას პოლიციის სასროლად აგროვებენო...მე კი ტელეფონი ამომივარდა ჯიბიდან და ვეძებდი...
ისე, ჩემს ტელეფონებს, პატრონივით ტრაგიკული ბედი აქვთ.
შარშან ტყეში დავიკარგე და იქ დავტოვე ტელეფონიც, მდინარემ წაიღო. სამი კვირის წინ აქციაზე მომპარეს და ჩემი ამჟამინდელი კი, რომელიც დედამ მიყიდა, რათა აქციაზე ყოფნის დროს ღამე დაერეკა ხოლმე და გაეგო როგორ ვარ, პოლიციას აქვს გამოკერებული საქმეში.
ტელეფონი კარგი, მაგრამ ჩემი ბანკის ბარათი ან სამსახურის ბიულეტენი რად უნდათ, არ ვიცი.
მეკითხებიან რა გინდაო, პირადად მე მატერიალური დიდად არაფერი. რასაც ყველაზე მეტად ვისურვებდი, წერილებია. ხალხი მწერს გრძელ წერილებს, მეგობრები, ნაცნობები, მე ვკითხულობ და ვპასუხობ.
ამ დაბადების დღეზე წერილების გროვას ვისურვებდი.
მიყვარს კითხვაც და წერაც. ეს უკანასკნელი, მგონი, ჩემმა მარტოსულობამ შემაყვარა.
გუშინ სანდრო მეუბნებოდა, აქედან რომ გავალთ, თუ ძველ სამსახურში დამაბრუნეს, ვეცდები შენც გიშოვო ადგილი, კარგი სამსახურიაო. შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ყურადღება მესიამოვნა რაღაცნაირად.
საჭმელები მომბეზრდა აქაური. მარტო სუპია სულ და ჩაი.
ერთხელ მოიტანეს თევზის კატლეტიაო, დიდის ამბით მოვემზადე საჭმელად, მაგრამ თურმე უბრალოდ პურია თევზის სუნით. რაც არის ეგ არის.
წეღან დედას და ბებოს ველაპარაკე ტელეფონით, ორივე ტიროდა. მეც ცოტა მაკლდა, მაგრამ ბადრაგების წინ ცრემლს არ გადმოვაგდებდი და სისუსტეს არ ვაჩვენებდი.
ერთი უმაგრესი კაცი გავიცანი აქციაზე, 70 წლის, ყოველდღე ვცდილობ მოვიდეო. ბევრიც ვისაუბრეთ. დედამ მითხრა, ფული მოგვცა და ასე თქვა, ყოველთვე დაგეხმარებითო. თურმე ბევრი ვინმე დაგვხმარებია, მეგობრები, თანამშრომლები, ნანუკა, ორგანიზაციები. აი, ეგ მაძლებინებს აქ. ყველა მიყვარს, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ამბავი.
სანდროს ხო ცოლი და ორი შვილი ჰყავს, უკვე ათი წერილი დაწერა. უფრო სწორად, დღეში წერს მგონი ათს, თუ კალამი გვაქვს და მაგ დროს იწყებს ტირილს. მე ღამე, ყველას რომ სძინავს.
უკრაინელს ვუთხარი, მე და ჩემს ადვოკატს ჩვენი პაროლი გვაქვს, სხვასთან რომ არ გავიდე-მეთქი და იმის მერე ვინც თავს შემოყოფს, პაროლ - ეკითხება ეს, თითს თოფივით უშვერს და სამივე ვხარხარებთ.
შემდეგზე იმ დროს დავრეკავ, მამა და ჩემი და როცა იქნებიან სახლში.
აქციაზე მინდა ვიყო. რაც უნდა ეცადონ ჩემს დაშინებას, სულს ვერ ჩაკლავენ, ეგრევე აქციაზე გავვარდები, თუ ოდესმე გამომიშვეს.
28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 40-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ცეცხლწაკიდებული ნივთის პარლამენტში სროლისთვის დაკავებულ ერთ არასრულწლოვანს პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს. ამ ყველა საქმეს სასამართლო არსებითად მომავალი წლის იანვრამდე აღარ განიხილავს.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი