რუსეთის ქალაქი ყაზანი ისევ დრონების სამიზნე იყო

ფოტო არქივიდან. დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული შენობა ყაზანში. 2024 წლის 21 დეკემბერი

დღეს, 20 იანვარს, დილით აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება.

დროებით დახურეს ყაზანის და თათრეთის კიდევ ერთი ქალაქის, ნიჟნეკამსკის აეროპორტები.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის განცხადება, რომ „შეტევის მცდელობა“ იყო „სამრეწველო საწარმოებზე“, თუმცა ყველა დრონი „გაუვნებლებულია“ და „მსხვერპლი და ნგრევა არ არის“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ არც საწარმოები არ დააკონკრეტა და არც „გაუვნებლებული“ დრონების რაოდენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში თათრეთის რესპუბლიკაში მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდეს“. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა დილით კიდევ ორი დრონის „განადგურების" შესახებ.

ასევე ნახეთ რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით შეტევა იყო, დროებით დაიხურა აეროპორტი

ყაზანზე დრონებით შეტევა იყო 14 იანვარსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დაარტყეს ქარხანა „ორგსინთეზს". ყაზანზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 21 დეკემბერსაც. დღევანდელ ოპერაციაზე უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

დილით, რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამაც ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ „მოგერიებული" დრონების ნამსხვრევები ბაბინინსკის რაიონში ჩამოცვივდა საწარმოს ტერიტორიაზე და „უმნიშვნელო" ხანძარი გამოიწვია. საწარმო არც შაპშას დაუკონკრეტებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში კალუგის ოლქში 6 უკრაინული დრონი „გაანადგურეს". სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე ნახეთ დრონებით შეტევამ „სამრეწველო საწარმო“ რუსეთის ქალაქ სარატოვშიც დააზიანა