საჯარო რეესტრში წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ კომპანიის დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელი არის უტა ივანიშვილი, მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი.
უტა ივანიშვილმა კომპანია რეესტრში მინდობილობით დაარეგისტრირა - ის უწყებაში თავად არ მისულა, რეგისტრაცია მიანდო ნატო ხაინდრავას, სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს“.
როგორც მინდობილობაშია მითითებული, უტა ივანიშვილი რეგისტრაციის დროისათვის იმყოფება იაპონიაში და „პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით“ - „სკაიპით“ - შეადგინა მინდობილობა ხაინდრავას სახელზე.
30 დეკემბერს ჯერ მინდობილობა გაფორმდა, რეესტრში საბუთები კი 31 დეკემბერს შეიტანეს.
ახალი ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბესიკ დემეტრაშვილი, - ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, წევრები კი „ოცნების“ შემწირველები როსტომ ჩაბრაძე, „ასოციაცია ატუს“ გამგეობის თავმჯდომარე [ეს ასოციაცია 2001 წლიდან არსებობს] და არჩილ მამაცაშვილი, სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დირექტორი.
„ატუ ჰოლდინგის“ დირექტორი კი არის კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, სწორედ კობიაშვილია ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი.
შესაბამისი დოკუმენტაცია 31 დეკემბერს ნოტარიურად დაამოწმა ნოტარიუსმა ეკატერინა გვანცელაძემ.
კომპანიის მისამართად მითითებულია ილია ჭავჭავაძის გამზირის 39დ - „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, - სადაც ბანკი „ქართუ“ მდებარეობს.
ახალი ფირმის „ნებადართული კაპიტალი“, რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შეადგენს 100 მილიონ ლარს, განთავსებული კაპიტალი - 100 000 ლარს, განაღდებული კაპიტალი კი - 25 000 ლარს.
ერთადერთ აქციონერად უტა ივანიშვილია მითითებული.
აშშ-ის სანქციები ივანიშვილს
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
ამ სიაში არ დაუმატებიათ მისი ოჯახის წევრები.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთადწინადადება თემთა პალატაში
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 18 იანვრის საღამოსთვის 16 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებისათვის.
ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“(TI) 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია“.
ეს იმიტომ, რომ, TI-ის განმარტებით, ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.
ასევე ნახეთ ბრიტანეთი „დიპ სტეიტმა“ მორიგ სათამაშოდ აქცია - „ოცნების“ პასუხი ივანიშვილის სანქცირების წინადადებასTI-ის თანახმად, ამ კომპანიებს შორისაა:
- ქართუ ბანკი;
- ფონდი ქართუ;
- გალერეა თბილისი;
- აქსის თაუერსი;
- ჰაიდელბერგ ცემენტი, - რომელსაც, TI-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. რუხაძის სანქცირებას, თავის მხრივ, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სთხოვენ კონგრესიდან გაგზავნილი წერილით, - ამ წერილით 25 ადამიანის სანქცირებაა მოთხოვნილი;
- საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, - რომლის მფლობელობაშიცაა, TI-ის თანახმადვე, ივანიშვილის სასტუმროები: „პარაგრაფი“ თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები;
- ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც, TI-ის თანახმად, ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს;
- რუსული კომპანია შპს „აკვა სფეისი“, რომელიც, ანტიკორუფციული ორგანიზაციის განცხადებით, ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.