ხაზარაძე: ორჯერ ჰქონდა ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა, პასუხად მიიღო, რომ გარიგება არ იქნება

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მათთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "გარიგება არ იქნება". ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

"ორჯერ ჰქონდა [ბიძინა] ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე - აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით", - განაცხადა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვაზე, როდის შედგა კონტაქტი და რა ფორმით დაუკავშირდა იგი მათ, ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა მას არჩევნების შემდეგ "კაცი გაუგზავნა", რადგან არ ელოდა, რომ არჩევნებს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადებდნენ.

"არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი", - თქვა მან და დაამატა, რომ საუბარი არ ყოფილა პარლამენტში შესვლაზე, "კონკრეტიკა არ იყო", არამედ ეს იყო "მოსინჯვა".

"ის ცდილობს და მისი მეთოდია, რომ ვინმეს რამე შესთავაზოს, იყიდოს".

ასევე ნახეთ ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი შექმნა

რადიო თავისუფლება კომენტარისთვის პარტია "ქართული ოცნებას" დაუკავშირდა. მათი პასუხი, მიღების შემთხვევაში, აისახება ინფორმაციაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“.

ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ასევე ნახეთ OSCE/ODHIR-ის დასკვნა ახალი არჩევნებისთვის კიდევ ერთი საფუძველია - სადამკვირვებლო ორგანიზაციები

უკვე 50 დღეა, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები იმართება თბილისსა და რეგიონებში. პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე ნახეთ ყველა ნაცემია, მანქანებში სხედან, რიგებია - ადვოკატები ჰყვებიან, რა ხდება იზოლატორებში

არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე 2024 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. პროკურატურამ 15 იანვარს გაასაჯაროვა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე. პროკურატურის ცნობით, ჩატარებული ექსპერიმენტებით არჩევნების გაყალბების ბრალდებები არ მტკიცდება.

ასევე ნახეთ ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობა - რა რეკომენდაციები აქვს OSCE/ODHIR-ს