მზია ამაღლობელი საპატიმროდან საუბრობს მისთვის წაყენებულ ბრალზე

მზია ამაღლობელი

ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი საპატიმროდან წერილს აგზავნის მისთვის წაყენებული ბრალის შესახებ.  

„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა“, - წერს მზია ამაღლობელი „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილ წერილში.

ასევე ნახეთ ევროკავშირის საელჩო: მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს.

ასევე ნახეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს

აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ასევე ნახეთ რა ვიცით მოსამართლეზე, რომელმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს პატიმრობა შეუფარდა

„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია განცხადებაში.

48-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.