საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ექიმმა თაკო შანთაძემ ბათუმის კლინიკაში, სადაც გიორგი გახარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
პარტიის, „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნათია მეზვრიშვილმა გვიან ღამით ფეისბუკზე დაწერა, რომ „შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”.
ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.
დღეს დილით მეზვრიშვილმა ფეისბუკზე დაწერა: „დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ".
გიორგი გახარია „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში, მანამდე კი შსს-ს ხელმძღვანელობდა. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2021 წელს გახარიამ დააფუძნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად. ყველა მათგანი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
ასევე ნახეთ "გამოწვევა მიღებულია" - გახარია ივანიშვილს14 იანვარს, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.
ასევე ნახეთ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიდიმიტრი სამხარაძე საქართველოს მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან” და დეპუტატია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
სამხარაძე ცნობილია სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით. გიორგი მანველიძე აჭარის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.
ასევე ნახეთ მტკიცებულებაა, რომ ამ ქმედებების უკან დიმიტრი სამხარაძე დგას - საიას თავმჯდომარე