თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კვლავ პირდაპირ ეთერს ითხოვენ, თუმცა დღევანდელ აქციას დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა: "თავისუფლება "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორს, მზია ამაღლობელს", რომელსაც 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარეთ მყოფი მომიტინგეები, არამედ ტელევიზიის შენობაში მყოფი თანამშრომლების ნაწილიც, რომლებიც კოლეგას ასევე უცხადებენ სოლიდარობას.

ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი ჟურნალისტები ტელევიზიის ეთერის დათმობას ითხოვენ. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზია ამაღლობელის დაპატიმრების თემას სათანადო ყურადღება არ დაუთმო.

"ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ, რომელიც აჭარის ტელევიზიაში შევიდა, შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ეთერს ამზადებდნენ, სტუდიაც მზად იყო, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "ძალის გამოყენებით" გაიყვანეს გარეთ.

"ვიყავი სტუდიაში, მიმდინარეობდა საინფორმაციო გამოშვება, სტუდიაში იყო წამყვანი და ასევე სტუდიის პერსონალი, მე მათთვის ხელი არ შემიშლია. ამასობაში შემოდიოდნენ პასუხისმგებელი პირები, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ტელევიზიის ხელმძღვანელთან... ამბობდნენ, რომ რასაც გადაწყვეტდა ხელმძღვანელობა, შესაბამისად მოიქცეოდნენ... ამასობაში, მორჩა საინფორმაციო გამოშვება, გამორთეს სტუდია, გავიდნენ ყველანი, მარტო ვიყავი ხუთი წუთით. ისევ შემოვიდა წამყვანი, ჩართეს სტუდია, ამასობაში შემოცვივდნენ პოლიციელები და გამომიყვანეს ძალის გამოყენებით. მე ვეუბნებოდი მათ, რომ ისინი არ არიან უფლებამოსილი პირები, გამომაძევონ სტუდიიდან.

ეს ტელევიზია დიდი ხნის განმავლობაში იყო აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება და მე დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს ტელევიზია არის შსს-ის დანაყოფი. მათი ჩართული ეთერის, მათი მომზადებული წამყვანის შეჩერება უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმიანმა თანამშრომლებმა", - თქვა ეთერ თურაძემ.

მოგვიანებით, ჟურნალისტებისა და რედაქტორების მოთხოვნის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში ჩართეს ეთერ თურაძე, "ნეტგაზეთის" რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე და "პუბლიკის" რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

"დღეს თქვენ შექმენით ფაბრიკაცია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით და თქვენი გადაღებული, დაჭრილი, დაჩეხილი კადრებით მზია ამაღლობლის გაშავების კამპანიაში ხართ ჩართული. ფაბრიკაციაა, როდესაც მზია ამაღლობელი პოლიცმეისტერ დგებუაძეს ურტყამს სახეში ხელს, აი, ამ კადრის ფაბრიკაციაზეა საუბარი. თქვენს ფაბრიკაციას იყენებს ყველა არხი და თქვენ იგივე წრეზე ტრიალებთ", - თქვა ეთერ თურაძემ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

ასევე ნახეთ „თავისუფლება მზია ამაღლობელს, რუსული რეჟიმის პოლიტპატიმარს!“ - სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან  

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

ასევე ნახეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის დაკავების გამო მედიასაშუალებების ნაწილი წყვეტს მუშაობას