14 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესებზე:
- ტიტე გედენიძესა და ზვიად რობაქიძეს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა 10 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა;
- დანიელ ბულკაშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
- ზურაბ მანჩხაშვილს 13 დღე შეუფარდა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ;
- ბექა პაპაშვილი კობა ჩაგუნავამ 15 დღით პატიმრობაში გაუშვა;
- კახა ჯაფარიძეს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ნინო ენუქიძემ;
- გიორგი ჩაჩანიძე კი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დაკავებულების, ტიტე გედენიძისა და ზვიად რობაქიძის ადვოკატებმა საქმის განმხილველი მოსამართლის, ლელა მილდენბერგერის აცილება მოითხოვეს და ამის არგუმენტად, 12 იანვარს მოსამართლის რესტორან “ბაბილოში” ყოფნა დაასახელეს.
“ამის გამო თქვენი მიუკერძოებლობა შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ”, - მიმართეს ადვოკატებმა მოსამართლეს.
“ყველას ვერ მოეწონები. როცა მოსამართლე გავხდი, ვიცოდი, რომ ჩემი გადაწყვეტილებები ყველას არ მოეწონებოდა. არ ვიხილავთ, შემექმნა თუ არა დისკომფორტი [“ბაბილოში” ყოფნისას]. თუ ვინმეს რამე არ მოეწონა, ეს მისი უფლებაა. ეს ჩემს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს”, - თქვა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობის პასუხად.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ტიტე გედენიძე არ ემორჩილებოდა პოლიციას. მისი მტკიცებით, გედენიძე ზოლიდან გადავიდა და მანქანების მოძრაობას აფერხებდა; იგინებოდა უმისამართოდ; პოლიციას უშლიდა ხელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.
“უმისამართლო ლანძღვა გინება მიემართებოდა რესტორნის სტუმრებს”, - აღნიშნა შსს-ის წარმომადგენელმა.
“ჩემს მეგობარს აკავებდნენ. ალყაში მოგვაქციეს ამ დროს და ჩაგვტენეს მანქანაში”, - ამბობს გედენიძე და აგრძელებს: “სამი მეგობარი ვიყავით, მე ბექა პაპაშვილი და შაკო მაღრაძე. აქ იყო გოგა მემანიშვილიც, ამ ადამიანს აქვს ბექა პაპაშვილის მიმართ აგრესია. ბექა დიდი ხნის აქტივისტია. ბექას დაკავების დროს დაგვიჭირეს ჩვენც".
პრიცესზე ლაშა ტყეშელაძემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა კიდევ დააყენა:
“პოლიციის თანამშრომელმა ჩვენება მისცა და თქვა, რომ თქვენი მიმართულებით იყენებდნენ უწმაწურ სიტყვებს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმყოფებოდნენ რესტორანში. ანუ თქვენ თავისუფლად შეიძლებოდა მოწმეც კი ყოფილიყავით”, - ამბობს ტყეშელაძე, რაზეც მოსამართლე მილდენბერგერი პასუხობს:
“არ აქვს მნიშვნელობა, მე იქ ვიყავი თუ არა. ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი ნების შესაბამისად მოიქცეს. ლელა იჯდა იქ [რესტორანი] თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. მე რომ ამ სიტყვებზე მოწყვლადი ვიყო, არ ვიქნებოდი მოსამართლე. ამ სიტყვებზე რეაქცია რომ მქონდეს, ადამიანადაც ვერ ვიცხოვრებდი”.
ასევე ნახეთ სასამართლო, როგორც კორპორაცია - წვეულება საპროტესტო აქციების დროს12 იანვარს რესტორან "ბაბილოსთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა.
ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.
დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.
ასევე ნახეთ "ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს