"ყოველთვის გაეცემათ პასუხი" - ზარქუა და სანიკიძე გაბიტაშვილზე თავდასხმაზე

ვიქტორ სანიკიძე (მარცხნივ), ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, აბუ-დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს".

ზარქუამ და სანიკიძემ ეს ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება. ფოტოს ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

"ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ - ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“, - ამბობს ზარქუა ვიდეოში, რომელშიც ასევე საუბრობს სანიკიძეც. იგი იმეორებს, რომ "უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ".

"მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემათ პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება".

ასევე ნახეთ გაბიტაშვილი, რომელსაც „ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციაში ჩივის - მეგობარი

აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.

ადგილზე ასევე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირებისას ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს. მათთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირიც.

რადიო თავისუფლებამ გეოლოკაციის მეთოდის გამოყენებით დაადგინა, რომ მოქმედება ვითარდებოდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.

საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. თავდასხმის დროს გვერდით მაგიდაზე, კადრში ჩანს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.

ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.

შემდეგ გაბიტაშვილი და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს აგინებენ.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.

„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.

ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში - მუშტს.

ასევე ნახეთ ზარქუა და სანიკიძე თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელმაც გუშინ აბუ-დაბიში აგინა