მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში რჩებიან.
მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობა). თერთმეტივე მათგანს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისმოდა შეძახილები: „მონებო!“ პროევროპული აქციების მხარდამჭერების პროტესტი სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა - იმ დროს, როცა ისინი ბრაზს გამოხატავდნენ, რამდენიმე პოლიციელი იცინოდა.
ამავე მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა 9 იანვარსაც და მათი, 11 ბრალდებულის, საქმეების განხილვის დაწყება 5 მარტამდე გადადო.
ასევე ნახეთ ადვოკატი: ანდრო ჭიჭინაძემ პოლიციელს ნასროლი ბოთლი უკან დაუბრუნა, რომელ დაზიანებაზეა საუბარი?! ასევე ნახეთ ონისე ცხადაძე: ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო
უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი - 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.
ხვალ, 11 იანვარს, სასამართლო განიხილავს კიდევ რვა დაკავებულის (ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის) აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს. მოსამართლემ მათი საქმის განხილვის დაწყებაც გადადო, ამ შემთხვევაში 6 მარტამდე.